ნაალაფარი ზარბაზანი

გაზაფხულობით ადუღების და ზაფხულის ხვატში ძლიერ მშვიდად, მდორედ მოდუდუნე მდინარის გაღმა, ორ ბორცვს შორის, უკრაინელი ჯიშიანი ქალის ორ ძუძუსავით ამოზრდილი, მყუდრო, თეთრი მიიწურებით დასახლებული ადგილი მდებარეობდა. ბორცვების სიახლოვეს მრავლად იყო ნაკადულ-შენაკადები. იქ სადაც ბორცვები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, ეს ნაკადულები ერთმანეთს შეერწყეოდნენ და ერთიანად დაეშვებოდნენ აჩუხჩუხებულ მორევში, ეფერებოდნენ წყალში ამოზრდილ შიშველ ბუჩქებს, შარშანდელი ხავსით აქა იქ შეფერილ ნაპირს შეუღიტინებდნენ, ქარის მიერ გაწეწილი ლელქაშის ფოთლებით მოანაგავებდნენ ამა თუ იმ ადგილს ნაპირზე, ეკალბარდებით იჩხვლიტებოდნენ ხიდთან ახლომახლო და ნაზად ჩამოისეირნებდნენ ხიდზე ლამის გადმოკიდებული ხეების ტოტებქვეშ.

თავად ხიდი გერმანელებმა მოშალეს. შემოდგომით, მდინარე გაღმა მოთიბული გაშლილი ფართე მინდვრის დაღმართზე მომთაბარე ტომივით შეგროვილიყო სამი-ოთხი ათეული ავტო, ორი მორყეული ჯავშან-მანქანა, ზარბაზნის რამდენიმე ბატარეა — ჰაუბიცა და ნაღმსატყორცნი მოწყობილობა, შეფუთული ,,კატიუშა“ და კიდევ რაღაც, წვრილმანი ტექნიკა. კოლონაში განმნაღმველთა არც ერთი ჯგუფი არ აღმოჩნდა და ამიტომაც მიდიოდა კამათი, ვინ უნდა აღადგინოს ხიდი? მსურველები არ ჩანდნენ. ჯარისკაცები მანქანებიდან გამომძვრალიყვნენ შარშანდელ ნათიბზე წამოკოტრიალებულნი, ზოგი თივას წიწკნიდა და ლურჯ ცას მისჩერებოდა, ზოგს კი უკვე ჩაძინებოდა.

მაიორმა პროსკურიაკოვმა ბრაზნარევად გამოხედა ნალოთავებ, თუმცა უკვე მოსულიერებულ, დიაგონალურ, ძველბიჭურ გიმნასტიკაში და ვითომ მოდურად ჩაკეცილ ნახევრად ჩექმებში გამოწყობილ უმცროს ლეიტენანტს. ჩაიდუდუნა ,,აბა — აბა“... უმცროსმა ლეიტენანტმა ერთი კი მიუტყაპუნა ფეხსაცმელები ერთმანეთს და ორი ჯარისკაცის თანხლებით დაუყვა ხიდისკენ მიმავალ დაღმართს, სადაც იდგა კოლმეურნეობის, უსახურავოდ დარჩენილი ორი სათესლე საწყობი. მათ ჩრდილში კი, სამუხრუჭო ლულებით მიწაში ცხვირ ჩარჭობილი გაქვავებულიყო დუნე დუმილით გარინდებული, ლელქაშის გროვა მიყრილი, გერმანული სამოცდათხუთმეტ მილიმეტრიანი ზარბაზანი. აქ აშკარად ჩანდა ჩვენი მფრინავი ბომბდამშენების ნამუშევარი. სახურავები გადაეხადა და გენერალი არტილერისტები ისე დაეფრთხოთ რომ, მათ, თუმცა სამიზნე მოწყობილობის მოხსნა კი მოუსწრიათ მაგრამ, მოკურცხვლისას იარაღის ლულის აფეთქებისა და მთავარი ჩამკეტი ,,ბოქლომის“ მოხსნის არც თავი და არც დრო არ დარჩენოდათ.

უმცროსი ლეიტენანტი და ჯარისკაცები იყვნენ ბრძოლის მომენტში სტიქიურად ,,მომატებულები“ და ამდენად, პროსკურიაკოვის დივიზიონს არ ექვემდებარებოდნენ. რიგითები ,,შენობაში“ შეეხვეტნენ, წამოგორდნენ და თვლემას მიეცნენ, ლეიტენანტი კი მტერზე ფიქრებსა ოცნებებში ჩაფლული ნერვებაშლილი შეუდგა მოდარაჯის ფუნქციის ,,შესრულებას“.

მაიორი პროსკურიაკოვი გულის წყვეტითა და სინანულით, კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა იმაზე თუ რა იოლად და როგორი სისწრაფით დაიწყეს ჩვენთან მეთაურების ,,გამოცხობა“, რა იოლად და მუქთად იძლევიან ლამაზი ,,პატრიოტული“ სიტყვებისა და პირმოთნეობის სანაცვლოდ ჯილდოებს. ასევე იოლად შეუძლიათ ადამიანი საჯარიმო ბატალიონში გაამწესონ, რომელთა რაოდენობაც ფრონტზე თვალშისაცემად ბევრი გახდა და სიტყვა ,,შტრაფნიკი“ უკვე ჩვეულებრივ სიტყვად აღიქმება და არავის აშინებს.

ხასანის ,,სიმაღლეების“ სისხლისმღვრელი შტურმის მონაწილემ, იქ დაჭრილმა და დაჯილდოებულმა მაიორმა პროსკურიაკოვმა კარგად იცოდა პატივის მიგების, წოდების მინიჭების, დაჯილდოვებისა და სასჯელის დამსახურებულად მიღების ფასი, კარგახანია შესანიშნავად შეეძლო ,,დაბრალებული“ და ნამდვილი მებრძოლის ერთმანეთისგან გარჩევა.

მისი დივიზიონი წარმოადგენდა კოლონას, რომელიც შედგებოდა ოთხი ბატარეისგან. ყოველ ბატარეაში დამატებით იყო ექვსი ზარბაზანი. ოთხი ექვსზე რამდენია? ოცდაოთხი. ზარბაზნების მომსახურე მებრძოლები არა საკმარისია, დივიზიონის ხელმძღვანელ დანაყოფებში მათი რაოდენობა სასაცილომდე მცირე... მაგრამ ერთობლიობაში ეს ძალაა! დიდი ძალა. შეტევა შეჩერებულია. შეჩერდა იმიტომ რომ გაზაფხულია და ყველგან გაუვალი ტალახია, იმიტომ რომ შეტევა მთელი ზამთარი გრძელდებოდა, იმიტომ რომ, ხალხი დაიღალა... დაღლასა და ამის გამო დაჩივლებას კარგა ხანია გადაჩვეული მაიორი პროსკურიაკოვიც კი, ისიც კი... დაიღალა.

მაგრამ ინერციით, იმიტომ რომ აქ არმიაა, თუმცა გადაღლილი, გაფანტული, დაღლილობისგან და უძილობისგან გასავათებული, მაინც მიიწევს წინ. მიიწევს მოწინააღმდეგეც, რომელიც ასევე გადაღლილია და ამ მიზეზით იშვიათად, მაგრამ მაინც იღრინება, თავსაც კი არიდებს ურთიერთშეხებაში შესვლას და მიხოხავს, მიიზლაზნება ამ, შავმიწა ნიადაგიანი უგზოობის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტად დასავლეთის მიმართულებით.

ზოგჯერ, ხანმოკლე ბრძოლაც კი იფეთქებს ხოლმე, როდესაც ჩვენები წინააღმდეგობას წააწყდებიან ბრონირებული დაჯგუფების, ან მოწინააღმდეგის, შევსება მიღებული სამხედრო ნაწილის სახით, ან სულაც ყველაფერზე ხელჩაქნეული და ამ მიზეზით თავზე ხელაღებული გერმანელებისგან შემდგარ მცირე ჯგუფს. მოწინააღმდეგის უბრძოლველად უკან დახევას უკვე შეჩვეული, კუნთები, და ყურადღება მოდუნებული, საუკუნეთა განმავლობაში სისხლში შინაგანი სიზარმაცე და უდარდელობა გამჯდარი ვერ უძლებენ ამ, მოულოდნელ წინააღმდეგობას, და მაშინ... მაშინ მათ სჭირდებათ ჩამკეტი ფარი. ჭურვთა მწირი მარაგის მქონე ოცდაოთხი ზარბაზანი შეაჩერებს მტრის შემოტევას, ჩააქრობს ამ მცირე აალებას და ამოკემსავს ფრონტის ერთერთ ხაზზე წარმოქმნილ ამ ხვრელს.

აი რატომ ამობოჭა ბრიგადის მეთაურმა ყველა ბატარეიდან ჭურვები, ყველა მანქანიდან ჩამოასხმევინა საწვავი, გამოყარა შტაბიდან ყველა, ვისი გამოგდებაც შეიძლებოდა —— და ყველაფერი ეს გადასცა მაიორ პროსკურიაკოვის დივიზიონს, მას დაუქვემდებარა. დაავალდებულა იგი წინ, წინ და წინ ემოძრავნა, დანარჩენები კი... როგორც მოუხერხდებათ. ბრიგადის მეთაურმაც, პროსკურიაკოვმაც და სხვა მეთაურებმაც ძალიან კარგად იცოდნენ რომ, თუ კი მტერს, ჩვენი მიწის ამ ნაწილს ახლა არ წავგლიჯავთ, მერე მისი დაბრუნება გაცილებით მეტი, დიდი სისხლის ფასად მოგვიწევს. ასეთ შეტევას დიდი შრომა სჭირდება და ბრიგადის მეთაურმაც სწორედ პროსკურიაკოვი გაამწესა, რადგან იცოდა, მაიორი მუყაითი, ნაღდი მშრომელი იყო. მტერზე იერიშით პირდაპირ, ხელდახელ მიმსვლელი ნაწილი რომ ყოფილიყო საჭირო, იგი პროსკურიაკოვს ხელს არ ახლებდა, სხვა დივიზიონს მისცემდა ამ დავალებას, რადგანაც ჯერ ეს ერთი უფრთხილდებოდა მას, როგორც ძველ, გამოცდილ კადრის ოფიცერს და ამასთან, მას ჰყავდა ასეთი საქმეებისთვის უფრო შესაფერისი, ემოციით აღსავსე, სხვა, ფიცხი მეთაურები. ამ მეთაურებს ჯილდოებიც მაიორ პროსკურიაკოვზე მეტი ჰქონდათ და დიდ მეთაურებსაც მხედველობაში ისინი მაიორზე მეტად ჰყავდათ.

ისინი ახლა ფრონტის ხაზისგან შორს არიან, დაბამბული ზედა ტანიდან რწყილების გამოწვით არიან დაკავაბულნი, ბანაობენ, იპარსებიან, სადილს ელოდებიან, ორდინარები ,,სამოგონზე’’ ჰყავთ გამწესებული, ის კი აქ, ამ წყეულ, უმნიშვნელო ხიდთან არის გაჭედილი დივიზიონთან ერთად. ის თავის ჯარისკაცებთან ერთად ლამის ხელით მიათრევს მანქანებსა და ზარბაზნებს. მას შემდეგ რაც ბრიგადას მოსწყდა, მას სულ ერთხელ მოუწია ზარბაზნების დაქუხება და უკვე ორმოცამდე რიგითი და ჭურვების ნახევარი დაკარგა. ნეტავ კიდევ რამდენის გავლა მოუწევს უჭმელსა და უძილოს.

ჯარისკაცებს ახლა სძინავთ მანქანებში ან მანქანებთან, ტალახსა და სიბინძურეში, სძინავთ შინაგანაწესის დარღვევით, უბრალოდ ისინი დამსახურებულად ისვენებენ. მებრძოლებს ფეხსაცმელი შემოგლეჯილი აქვთ, ზედა ტანსაცმელი ზურგებზე გადაეხვიათ და აქა-იქ დაკემსილი აქვთ. პირველ მაისამდე ჯერ კიდევ ოცი დღე დარჩა —— აი ამ დღეს მისცემენ ახალ, საზაფხულო აღჭურვილობას; ჩვენს არმიაში აღჭურვილობის შეცვლის დრო მიბმულია დიდ სადღესასწაულო დღეებთან: პირველი მაისი — საზაფხულო — შვიდი ნოემბერი — საზამთრო — ნამდვილი დღესასწაულია. დაწესებულია რომ, ჩვენმა ჯარისკაცმა ტანსაცმელი ატაროს დღესასწაულიდან დღესასწაულამდე, საშემოდგომოდან საგაზაფხულომდე. ომის დროს სწორედ ეს, გამოცვლიდან-გამოცვლამდე პერიოდია ძნელი გადასატანი და გასაძლები.

მაიორი პროსკურიკოვი მისჩერებოდა ამ, წყაროთა შორის მყუდროდ განთავსებულ ადგილს, რომელსაც ომის ხელი ჯერჯერობით თითქოს არც კი დასტყობოდა. მთავარი გზებისგან მოშორებულს, რომელიც შორიდან არც კი მოჩანს, სადაც თავდაცვისათვის საჭირო რაიმე განსაკუთრებული ნაგებობები არ არის. სოფლის ცენტრში ერთადერთი მეტნაკლებად შესამჩნევი ნაგებობა საყდარია, რომელსაც სამრეკლო, ჯვარი და სხვა აქსესუარები მოხსნილი აქვს და ომისგან მისი დაცვა სანთლებივით ჩამწკრივებული ალვის ხეებია.

არც ერთი სახლი დანგრეული არ არის და არც დაბომბვის შემდეგ დარჩენილი ორმოები არ ჩანს. ალბათ ამიტომაც დგას ეს ადგილი ასე გარინდებული და გარშემო დატრიალებული ორომტრიალის გამო ღიმილნარევი მოწყენით. მამლები ყელს იგრძელებენ, ქუჩაში ხალხი არ ჩანს, აქა-იქ ისმის მოუწველავი საქონლის შებღავლება, თეთრად შელესილი სახლების ფანჯრები მზის სხივებს ირეკლავენ, თითქოს ეს თეთრი სახლები თავად მზეს უღიმიან, უღიმის ,,ადგილი“ თავის ჯარისკაცებს, უხმობს და მიესალმება მათ.

უცქერდა ამას და ჩუმად შეჰხაროდა ამ დასახლებას, კეთილი შურით შურდა აქ მცხოვრები ადამიანებისა, ებრალებოდა ის ჯარისკაცები, რომლებმაც ამ ადგილამდე ვერ მოაღწიეს და შესაბამისად, ვერ ხედავდნენ როგორი სიმშვიდით ჩამდგარა წყალი გუბეებად ქცეულ და პატარ-პატარა ღელეებში, როგორ დასტრიალებენ მათ და გასჭყივიან აცერცეტებული მოლაღურები, როგორი ზლაზვნით ეპარება აისის სხივი და სიმწვანეს უჩენს გაღმა ბექობებს, და თეთრ მიწურვებს შორის ალუბლის ბაღები ფიქრებში წასული ნათელით ელოდებიან აყვავებას, აგერ განაპირა სახლის გარშემო წითელმა მამალმა დედალს სამი თუ ოთხი წრე გააკეთებინა, მაგრამ ცოლი არ იბრალებს, არ ნებდება.

მაიორი პროსკურიაკოვი ამჯერად მხოლოდ იმ ჯარისკაცებსა და აი იმ მეთაურებზე ჩაფიქრებულიყო, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიღუპნენ, მათი სახეებიც კი ახსოვდა, იმასაც კი იხსენებდა, როგორ დაიღუპნენ ეს ადამიანები. სხვებს, აი მათ ვისთან ერთადაც მან ომის გზებით იარა ჯერ კიდევ დივიზიონამდე, ვისთან ერთადაც სხვადასხვა ჰოსპიტალებში მოუწია გდებამ, მაიორი მახსოვრობით უკვე ცალკეულად ვეღარ აღიდგენდა. არც დრო ჰქონდა და არც ადგილი გონებაში, სადაც მისგან წასული ადამიანების დატევა შეიძლებოდა — იმდენად დიდი იყო მათი რაოდენობა.

და არც სიბრალული, აი ის, ჩვეულებრივი სიტყვებითა და ცრემლებით გამოხატული სიბრალული არ შერჩენოდა. მაიორ პროსკურიაკოვს უბრალოდ სურდა ადამიანებს ეცოცხლათ, მოეღწიათ აი ამ დასახლებამდე, წამოგორებულიყვნენ მითელილ ბალახზე, ეოცნებათ საჭმელზე და გამარჯვებაზე. მაგრამ, მათ უკვე არ მოუწევთ ყველაფერ ამის განცდა, თუმცა კი ცოცხლობენ მის მოგონებებში. მას კი მეგობრები მუდამ უნდა ახსოვდეს და გაუნელებელი ტკივილით უნდა შესტკიოდეს გული მათზე. სადღაც ჯერ კიდევ ვიღაცის მიერ მტკიცდება მათი დაჯილდოების ფურცლები, სადღაც ისინი ჯერ კიდევ ირიცხებიან კვებით უზრუნველსაყოფთა რიგებში თუ სიებში, სადღაც, დედა ან ცოლი ძილის წინა, ბოლო ფიქრებში იგონებს მათ და მშვიდობიან ღამეს უსურვებს მათ.

ასე გაგრძელდება გარკვეული პერიოდი, შემდეგ კი, ერთ მშვენიერ წამს, მიცვალებულისთვის ყველაფერი დამთავრდება და გაჩერდება, მათზე ხსოვნაც კი სადღაც ცხოვრებისეულ კუნჭულში შეგორდება, თუ კი მოიგონებენ, ეს მოგონებაც კი სახელობითი კი არ იქნება ცალკე აღებული ვანკასი, ვასკასი, პეტკასი — ჩვეულებრივი ჯარისკაცებისა, რომლებიც სანგარს თხრიდნენ, რწყილებს წვავდნენ დაბამბულ ქურთუკებში, ჰიტლერსა და საკუთარ ზემდეგს დედას აგინებდნენ, ეშმაკურად ჩალიჩობდნენ მაძღრისად ეჭამათ და ცოტა მეტი ეძინათ. მათ აღრიცხავენ, მოიგონებენ და მიაგებენ პატივს ერთიანად, როგორც ომის მონაწილეებს, ან გმირებსაც კი. თავად მათ კი ასეთებად თავი არ მიაჩნდათ და სიცოცხლეში არც არავინ თვლიდა მათ ასეთებად. სწორედ ამ მიზეზით წაიშლება ცალკე აღებული ივანეს, ვასილისა და პეტრეს სახე...და ხსოვნისთვის თავსმოხვეულივით გამოჩნდება რაღაც, მოუხეშავი, გაქვავებული, ჩაფხუტიანი, გაუცხოებული, ადამიანთათვის ,,სულ ერთიანად“ ქცეული მონუმენტი.

ასეთი, ხანგრძლივი და არასასიამოვნო ფიქრები თრგუნავდნენ მაიორ პროსკურიაკოვს. ის ნახევრად წამოწოლილი იყო ,,სტუდაბეკერში’ და თითქოს ეძინა მაგრამ, ამავე დროს ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი ესმოდა. ხედავდა რომ, ხიდთან უფრო ეწევიან და ლაზღანდარობენ, ვიდრე საქმეს აკეთებენ, რაღაც ძალიან მხიარულად არიან, აჰა, ესე იგი ოცეულში გამოჩნდა ახალი ხუმარა, ყველა შენაერთში რომ აუცილებლად არის ხოლმე. ასეთები მაიორ პროსკურიკოვს არ უყვარდა, ისინი მხოლოდ კბილებით იცინიან რომ, თავიანთი გასაკეთებელი საქმე მიამიტებს გააკეთებინონ.

მაგრამ, მაიორი ხიდთან ჩასვლას არ ჩქარობდა რადგან, კარგად იცოდა, საკმარისია შევიდნენ დასახლებაში და, სანამ არ გამოძღებიან და არ გამოიძინებენ, შენაერთს იქედან ვერ გამოდევნი. არა და ამ ადგილს მაძღარი და ოჯახური შესახედაობა აქვს და ალბათ ღამის გათენება აქ მოუწევთ. ჰო და მაიორი პროსკურიაკოვი გონებაში გეგმავდა. სად დაეყენებინა საგუშაგო ბატარეა, ვინ რომელ ქოხში გაენაწილებინა რომ, ჯარისკაცებს საბოლოო ნამცეცამდე არ გამოეცარიელებინათ მასპინძელი ოჯახის მარაგი. ეჭამათ, მაგრამ გონების დაკარგვამდე არ გამომთვრალიყვნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილიყო, მათი საომრად შეკრება, იმიტომ რომ, სწორედ ასეთ მშვიდ სიტუაციაში, სწორედ ასეთ დასახლებაში, შეიძლებოდა დივიზიონიც დაგეღუპა, თვითონ დასახლებაც და საკუთარი თავიც და ეს ისევე იყო შესაძლებელი, როგორც ორჯერ ორი არის ოთხი.

ახლა კი, ჯერჯერობით, მაიორი პროსკურიაკოვი გეგმავდა თავისი სამხედრო შენაერთისა და კომპეტენციის ფარგლებში. უმცროსი ლეიტენანტი რასტიაგავი თვალთაგან ბინოკლს არ იშორებდა, თავის პირველ ნაალაფარს ამ ომში, ჯარისკაცებს გადაუცვალა თამბაქოსა და სათადარიგო ტანსაცმელში — თამბაქოს ის არ ეწეოდა მაგრამ ეკუთვნოდა და აძლევდნენ, ბინოკლით ის ადგილმდებარეობას აკვირდებოდა, ზვერავდა. მტერი არსად სჩანდა და ეს უმცროს ლეიტენანტს ძლიერ სწყვეტდა გულს. ღირდა კი ათასი ვერსის გამოვლა რომ, მომხდარიყო ისეთ ომში, სადაც მტერი არა თუ ახლოს არსად არის, ბინოკლში კი არ ჩანს.

სოფლის ერთი, ნაკითხი კაცის, სერგეი პოტაპის ძე რასტიაგავის შვილი, კაცისა რომელიც დროთა განმავლობაში რაიკომის ჯგუფის ლექტორიც კი იყო, სერგეი სერგეის ძე ძილშიც და ღვიძილშიც იმაზე ოცნებობდა, როგორ მომხდარიყო ფრონტზე. მხოლოდ დაბადების წელი — 1925 წელი — იყო ის, რაც ხელს უშლიდა ზურგიდან ცხელ ხაზზე წასულიყო. იგი ყოველთვე აწყობდა სამხედრო კომისარიატზე თავდასხმას, მაგრამ სანამ სრულწლოვანი არ გახდა იძულებული იყო ჯერ სკოლაში ევლო და მოსწავლეობა მიეყვანა ბოლომდე, შემდეგ კი ამავე სკოლაში სამხედრო სწავლების პედაგოგი გახდა, ენდობოდნენ იმიტომ, რომ, ის თავად ყოველთვის სამხედრო და პოლიტიკური მომზადების ფრიადოსანი იყო.

იმ დღეს, როდესაც ის ბოლოს და ბოლოს ჩარიცხეს სამხედრო სასწავლებელში და ფრონტისკენ მიმავალი გზა გაეხსნა, დედა ცუდად გახდა და ლოგინად ჩაწვა, მამამ კი ასე უთხრა: შტერი ხარ! შენი ამბავი რომ ვიცი იქ, ფრონტზე, კისერს მოიტეხ, გემუშავა აქ, სკოლაში, მშვიდად. და მოაყოლა, „შენ ხომ...“

სერგეიმ კარგად იცოდა ეს „შენ ხომ“... — ,,შენ ხომ ჯანმრთელი არ ხარ“, ბავშვობიდან მოყოლებული თან სდევს ეს „შენ ხომ“, არა და მან უკვე კარგა ხანია დასძლია ყოფილი დაავადება, ყინულივით წყალშიც ბანაობს, ვარჯიშობს, ხტომაშიც წარმატებები აქვს და ორძელზეც კარგა გვარიანად მუშაობს მაგრამ მაინც, „შენ ხომ“. ღმერთო, რა სასჯელია ინტელიგენტების ოჯახის შვილობა. ყველაფერი რომ იციან შენზე და შენს ნაცვლადაც, „ოჰ, ოჰ შენ გადაიღალე, შენ გაფითრებული გამოიყურები, შენ არასაკმარისად იკვებები“.

ამოვიდა ყელში.

სასწავლებლიდან სერგეი მშობლებს თავშეკავებულ, ზომიერად მკაცრ წერილებს სწერდა. ისინი ვერასოდეს გაიგებენ, როგორ ბერტყავდა მისგან ,,უმაღლეს განათლებას“ ზემდეგი ზაკორიუჩენკო, მიუჩვეველს როგორ უჭირდა ნახევრად მშიერ მდგომარეობაში ყოფნა, და რაც ყველაზე მთავარია, მისი ინტელიგენტური მანერებისადმი: „თქვენ“, „გეთაყვა“, „თუ შეიძლება“, „ინებეთ“ და ა. შ. ირგვლივ მყოფთა დაუფარავი შური თუ სიძულვილი...

მას ჰქონდა გატაცება, უფრო მეტიც — მისი პირველი სიყვარული — გამხდარი, ნერვიული სტუდენტი გოგონა ვალია. ფრონტზე გამგზავრების წინა საღამოს ისინი სანაპიროზე, ბარჟებს უკან იყვნენ განმარტოებულნი და მხურვალედ კოცნიდნენ ერთმანეთს. ვალია ათრთოლებული ხმით ეჩურჩულებოდა პატრიოტულ ფრაზებს „დასცხე მათ, დასცხე დაუნდობლად“... შემდეგ კი გოგონამ უთხრა რომ, სურს მხოლოდ მას ეკუთვნოდეს, ამიტომ ყველაფრისთვის მზადაა და ქვიშაზე დაეშვა.

სერგეის შერცხვა, თავი უხერხულად იგრძნო, რატომღაც ბოდიშიც კი მოიხადა და ისინი ჩუმად, ოდნავ დარცხვენილები და მკლავი მკლავში გაყრილები წამოვიდნენ იმ ადგილიდან. ვალია მას წერილებს ყოველდღე სწერდა და მათი ურთიერთსიყვარული ყოველდღიურად მატულობდა, სერგეის კი უსაზღვროდ სწყდებოდა გული რომ, იმ საღამოს ასე წამოვიდნენ ბარჟების სადგომი ადგილიდან. კიდევ იმაზე სწყდებოდა გული, რომ ვერაფერს საგმიროს ვერ სწერდა, სიცრუემდე ის ვერ დავიდოდა და სხვა თანამებრძოლებით ვერ მოიქცეოდა. ისინი თავიანთ გულის მურაზებს ისეთ რამეებს სწერდნენ, თითქოს ფაშისტ დამპყრობლებს მხოლოდ ისინი ანადგურებდნენ, ადრესატებს კი, მათი პასუხების თანახმად, სჯეროდათ ეს მონაჩმახი და ამაყობდნენ ამ ვაი მებრძოლებით და მათს ჯანმრთელობაზე ნერვიულობდნენ.

სახვათა შორის ნამდვილ ფრონტზე სერგეი სულ ერთი კვირა იყო, არტ. ბრიგადაში მოვიდა შევსებასთან ერთად, თუმცა კი მიაჩნდა რომ ვიღაცის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, მან ხომ საერთო საბრძოლო მომზადება გაიარა, ყველაფერი კარგად შეისწავლა და ჩააბარა... სინამდვილეში კი მას და მის თანატოლებს ჭკუისა და ომის ვითარებასთან შეჩვევა, გამოცდილების მომატება სჭირდებოდათ, თუ ამის საშუალება ვითარებიდან გამომდინარე მიეცემოდათ და პირველივე შეტაკებებისა არ დაიღუპებოდნენ.

მდინარის ფორსირებისას ყინულმა უმტყუნა და საბრძოლო ქვემეხი ჩაიძირა. მასთან ერთად, წყალქვეშ აღმოჩნდა და დაიღუპა მაიორ პროსკურიაკოვის შენაერთის ოცეულის მეთაური. იარაღი ამოიღეს, გაწმინდეს, გაამშრალეს და საბრძოლო მდგომარეობას დაუბრუნეს. იარაღთან ერთად ამოასვენეს დაღუპულის გვამი მაგრამ, მას ხომ ვერ დააბრუნებ, ჰოდა, ოფიცრის დამარხვამ მოუწიათ. მებრძოლები თავიანთ მეთაურს არც თუ ხშირად იხსენებდნენ, აი ახალს კი, აშკარად, ალმაცერი გამოხედვით უყურებდნენ, უსმენდნენ დიდი სურვილის გარეშე, ზოგჯერ შეესიტყვებოდნენ კიდეც, აი მაიორი პროსკურიაკოვი კი, მას, თითქოს საერთოდ ვერც კი ამჩნევდა.

უმცროს ლეიტენანტს სამი დღის წინ მომხდარ საბრძოლო შეტაკებაში მონაწილეობა არ მიუღია, ის მაიორმა პროსკურიაკოვმა ბრიგადაში გააგზავნა მოხსენებითი ბარათის მისატანად, თან ცარიელი ყუთები, კასრები, ვაზნები გაატანა და სანამ ის ამ, საუტილიზაციო ბარგს აბარებდა და გამოხუხულ პურსა და სხვა უმნიშვნელო პროდუქტს იბარებდა, ბრძოლა უკვე დამთავრებული იყო, დაღუპულები დაკრძალეს, დაჭრილები კი, ზოგი ფეხით, ზოგიც იმავე მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტით ზურგში გაგზავნეს. იმდენად რამდენადაც, მაიორი საწვავს, ვაზნებსა და ჭურვებს უფრთხილდებოდა, მათ თან ერთადერთი მანქანა გააყოლეს, ისეთი, რომელსაც მაშველი ჯაჭვი ჰქონდა.

უმცროსმა ლეიტენანტმა რასტიაგაევმ უკვე დაწვრილებით შეისწავლა ადგილმდებარეობა, ის კი არა და, დასახლებასთან მისასვლელი და გასასვლელი გზებიც დაგეგმა, ის ობიექტები და პუნქტები რომლებზეც აძრომა შეიძლებოდა დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, მტრის განადგურების მიზნით. დასახლებაზე ერთი გზა გადიოდა. ის იყო ძალზედ ჩვეულებრივი, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე — ქვედა ხიდთან, იქ სადაც ღელეები მდინარეს ერთვოდა, ის ჩაყვინთავდა ალვის ხეების თაღ ქვეშ და ქედს მიღმა, იქ სადაც ალვის ხეივანი მთავრდებოდა, ამოყვინთავდა, თან ამოიყოლებდა პატარ-პატარა შესახვევებს და ქუჩებს.

აი სწორედ აქ, ქედთან მიმდებარე ადგილას უმცროსმა ლეიტენანტმა შეამჩნია დახურული მანქანა. მანქანა ადგილზე ბუღრაობდა, ბორბლებს ქვეშიდან ბოლი და ტალახის ნაფლეთები ერთდროულად მოედინებოდა და ცვიოდა, ვიღაც ადამიანები მანქანის გარშემო ფუსფუსებდნენ ნიჩბებით შეიარაღებულები, მძღოლი კი უჩვეულო ადგილზე იჯდა. უმცროსმა ლეიტენანტმა თავი გადააქნია და... უცებ გონება გაუნათდა, მიხვდა რომ ესენი გერმანელები არიან, რომ ეს მოჩვენება კი არ არის, ეს მტრის ტექნიკაა. ბინოკლი მოიცილა და მანქანა ჩემოდნის ზომისა გახდა, ადამიანები კი ბუზების ზომამდე შემცირდნენ.
    — ამხანაგებო! — დაგუდული ხმით იყვირა უმცროსმა ლეიტენანტმა.
    — გერმანელები!
ორი ჯარისკაცი, რომლებიც შენობის სახურავიდან ჩამოყრილი, გამხმარი ლელქაშების ნარჩენებზე იყვნენ წამოწოლილები, წამსვე წამოხტა და ორივემ შაშხანას დაუწყო პოტინი.
    — აბა გერმანელები, სად ხედავ ? იკითხეს მათ და ირგვლივ, თვალებით დაიწყეს ძიება.
უმცროსმა ლეიტენანტმა მათ ჯერ ხელით მიუთითა მიმართულება, ამის შემდეგ კი, ახლოს მდგომ ჯარისკაცს დაუპირა ბინოკლის მიცემა, მან კი ოცმეთაურის, ბინოკლიანი ხელი მოიცილა, თვითონვე მოიჩრდილა და ისე გაჰხედა.
    — ეტყობა ტალახში ჩარჩნენ, ადგილზე ბუღრაობენ — ჩაუბურდღუნა თანამებრძოლს და პირში დაგროვილი მტვერი გადმოაპერტყა, შემდეგ ცხვირი ხელით მოიხოცა, ხელი თამბაქოს ნაპერწკლებით დაცხრილულ ზედა ტანზე შეიწმინდა. თანამებრძოლმა კი მშვიდად მოუკიდა პაპიროსის ახლ ღერს.
    — ეს როგორ! ისინი ხომ წავლენ! გაიქცევიან, გაგვასწრებენ! — წარმოთქვა მათი ასეთი რეაქციით დაბნეულმა უმცროსმა ლეიტენანტმა რასტიაგაევმა. — გეუბნებით გერმანელები, ფაშისტები მიდიან! — მაღალი ხმით, თითქოს ყრუებს მიმართავსო, ისე იყვირა მან.
    — ჯანდაბამდეც უვლიათ წაიბურტყუნა იმ ჯარისკაცმა, რომელმაც თამბაქოს მოუკიდა, მეორეს კი, რომელსაც ლოყებზე ეტყობოდა რომ, უკვე ძილს მისცა თავი, რეაქციაც არ ჰქონია. ამან უმცროსი ლეიტენანტი საბოლოოდ განაცვიფრა.
    — ეს როგორ... უნდა ვუპატაკოთ... ესენი ხომ ფაშისტები არიან...
    — კარგი რა? ვერსადაც ვერ წავლენ.— მეთაურის დასამშვიდებლად ჩაიდუდუნა ჯარისკაცმა. — მოხსენება და პატაკი რა საჭიროა, ისედაც კი ხედავენ, ბრმები ხომ არ არიან.
    — ხედავენ? — განცვიფრდა უმცროსი ლეიტენანტი.— ხედავენ და არაფერი, არავითარი ზომები!
    — ოხ ღმერთო, რა ზომები, რის ზომები? დაწყნარდი რა უმცროსო ლეიტენანტო, ბრძოლას კიდევ მოესწრები.
აქ კი, უმცროსმა ლეიტენანტმა იფეთქა:
ჯერ ეს ერთი შენობით კი არა თქვენობით! მეორე — უმცროსმა ლეიტენანტმა თვალები მოჭუტა, — მეორე, ახლავე დააგდეთ პაპიროსი და სწორდი, სმენა, ფეხზე, სასწრაფოდ ფეხზე!
ჯარისკაცს ცინიკურად ჩაეღიმა, მაგრამ სიგარეტი მაინც დამალა სახელოს ქვეშ და ახლა ბოლი მისი საყელოდან მოჟონავდა, როგორც საკვამლე მილიდან.
    — თქვენ რა, ცალკე მოსაწვევი გჭირდებათ? უყვირა უმცროსმა ლეიტენანტმა მეორე ჯარისკაცს, სავსებით დარწმუნებულმა იმაში რომ, მას კი არ სძინავს, თავს იკატუნებს.
    — იგნატ, — უბიძგა ფეხით მეგობარს ჯარისკაცმა, ადექი, ჩვენ აქ, ახლავე, სამწყობრო მომზადებაში უნდა წავივარჯიშოთ.
    — წადი ერთი თქვენიც — ნახეთ რა ხუმრობის დრო და ადგილი.— წაიბურტყუნა იგნატმა.
    — რაა ? ხუმრობაო? აბა სწრაფად ფეხზე!
    — აჰა, ავდექი, ავდექი, ღრიალი რაღა საჭიროა? — წამოჯდა და პილოტურა ქუდს დაუწყო ძებნა, რომელიც ლელქაშებში ჩავარდნილიყო. — გეგონება ცოფის წამალი დალიაო, ყვირის და ყვირის.
ამასობაში გერმანელთა მანქანას ქედამდე მიეღწია და სადაც არის, თვალს მოეფარებოდა. ამ დროს უმცროს ლეიტენენტს ქვემეხი გაახსენდა, რომელიც ქოხის უკან იდგა.— მომყევით !— გაოგნებულმა, თითქმის სტვენით გასცა მან ბრძანება. მათაც, გაკვირვებული სახით გადაიკიდეს მხრებზე შაშხანა, აიღეს ხელში თითქმის ცარიელი სანოვაგის ტომარა და მორჩილად გაჰყვნენ მეთაურს. ქოხის უკან.
    — ნიჩბები ხომ თან გაქვთ, აბა სასწრაფოდ ამოთხარეთ პატარა ორმო! შეაბრუნეთ ქვემეხი! ბრძოლისათვის იყავით მზად!
    — არ ღირს უმცროსო ლეიტენანტო! არ არის ეს საჭირო...
    — ხმა ჩაიწყვიტე, ჩუმად!
    — კარგით ბატონო, ვდუმვარ.
ასაკით უფრო ახალგაზრდა ჯარისკაცი უმცროსი ლეიტენანტის აღტკინებას აჰყვა და აჩქარებული ტემპით დაიწყო ორმოს თხრა.
    — ა, რას იტყვი იგნატ? ჩვენ ახლა მაგათ, ა?
იგნატმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი გადააქნია. სამივემ ერთიანი ძალით, ხვნეშა-ხვნეშით შემოაბრუნეს ქვემეხი და იგნატმაც დაიწყო გერმანული ქვემეხის, ფეხების ჩასადგომი პატარა ორმოს თხრა.
    — როგორ უნდა ვესროლოთ, სამიზნე მოწყობილობა გერმანელებს თან აქვთ წაღებული.
    — ლულაზე სწორებით, ამხანაგო ჯარისკაცო, ლულაზე სწორებით — თითი გაატკაცუნა უმცროსმა ლეიტენანტმა რასტიაგაევმა.
მას უკვე გადაუარა სიბრაზემ და აღარ ხმაურობდა. მას ცოტათი მოსწონდა კიდეც ეს, უხეში იგნატი. ბრძოლებ გამოვლილი, ყველაფერს მომსწრები და ყველაფრის მნახველი ნაფრონტალი ჯარისკაცი ასეთიც უნდა იყოს. თუ კი ის, უმცროსი ლეიტენანტი რასტიაგავი აღელდა და ხმას აუწია, ეგეც არაფერი, ბრძოლის ველზე როგორი სიტუაციაც გნებავთ, ისეთი შეიძლება შეიქმნას.
    — ლულაზე გასწორებით ძნელია, ასე მხოლოდ კინოებში ისვრიან. სამიზნე მოწყობილობითაც კი ვერ მოახვედრებ ყოველთვის მიზანში.
    — რა სულ ბუზღუნებთ და ბუზღუნებთ! ჭურვი! ჩატენე! — იყვირა, გასცა ბრძანება უმცროსმა ლეიტენანტმა.
    — აჰა ბატონო, აჰა იბრძოლეთ!
    — იგნატმა ჩადო ჭურვის გრძელი ვაზნა ლულაში და ჩამკეტი დახურა.
მეორე ჯარისკაცი სახელურის ფრთხილი ტრიალით, ლულას მიზნისკენ მიმართავდა, უმცროსი ლეიტენანტი რასტიაგაევი ლულას უცქერდა და სრულიად გაფითრებული, ბრძანებებს იძლეოდა:
    — მაღლა, ცოტა მაღლა, სდექ! ოდნავ მარცხნივ. სდექ! ვისვრი!
    — მან ხელისცეცებით მონახა ღილაკი და ყრუ ხმით, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით წარმოსთქვა: — ვაწარმოებ გასროლას! — თვალებმოჭუტული დააწვა ღილაკს. ქვემეხმა ერთი დაიზანზარა და დაიგრიალა. ჭურვი სადღაც ქედზე გასკდა, ცოცხივით აიჭრა ცისკენ აფეთქება და გაიშალა კაი, მსუქანი სოკოსებურად. ამ სოკოს რასტიაგაევის სამშობლოში ცოტა უხერხული სახელი, ცუანა სოკო ჰქვია.
ადამიანები, იმ მანქანის გარშემო აფორიაქდნენ, პანიკურ სირბილს მოჰყვნენ.
    — აჰაა, გასაგებია, აზარტულად აუკიაფდა თვალები ახალგაზრდა ჯარისკაცსა და მის მეთაურს, — ამხანაგო მებრძოლო, დაუმიზნე! გასცა ბრძანება ამ უკანასკნელმა.
     — თქვენ რა გქვიათ ამხანაგო უმცროსო ლეიტენანტო? — ჰკითხა ახალგაზრდა ჯარისკაცმა და პასუხის მიღებამდე თავად წარუდგა, მე ლეონიდი, ანუ ლიონკა მქვია.
    — ძალიან კარგი! მოხარული ვარ საბრძოლო სიტუაციაში გაცნობისა, მე კი რასტიაგაევი ვარ, უმცროსი ლეიტენანტი რასტიაგაევი და იქვე მოაყოლა ახალი ბრძანება:
    — ჩატენე!
    — იქნებ მეტი არ არის საჭირო, მოწინააღმდეგე ამით უფრო არ გავაფრთხილოთ, — არმინდასავით წამოილუღლუღა იგნატმა და ასეთივე სახითა და განწყობით, ვაზნა ლულაში შეუშვა.
    — ბოლოს და ბოლოს გეყოს რა, წამოიყვირა საბოლოოდ გაბრაზებულმა რასტიაგაევმა და გაბრაზებით, აჩქარებული დააწვა ღილაკს ისე, რომ დამიზნების დაკონკრეტება გამორჩათ.
როდესაც ლულის სამუხრუჭო მოწყობილობისგან კვამლი წაიშალა, იგნატმა ხელებგაშლილმა წამოიძახა:
— აჰა, ქოხს მოვახვედრეთ, იქ კი იქნებ ხალხი ცხოვრობს, ბავშვები.

უმცროსმა ლეიტენანტმა რასტიაგაევმა თვალებით შემოიარა დასახლების ის კუთხე, ჩადენილში თავისი თავის გადარწმუნება უნდოდა მაგრამ, მეყსეულად შენიშნა ქოხის სახურავში დიდი ნახვრეტი, საიდანაც შეტრუსულ თივის ნაგლეჯები ამოჩრილიყვნენ, შემდეგ უცებ იფეთქა ალმა, რომელიც მზის სხივების ფონზე გაფერმკრთალდა. — მიმიშვით, მე ვიზამ. ამ სიტყვებით იგნატმა უმცროსი ლეიტენანტი გვერდით გასწია, ქვემეხთან თვითონ დადგა და დაიწყო უფრო სწრაფად და ზუსტად სროლა. ჭურვები სკდებოდა ქედზე მაგრამ მანქანისაგან მოცილებით. რასტიაგაევს ეჩვენებოდა რომ, ყოველი გასროლა უფრო და უფრო უახლოვდებოდა მანქანას. არა და ეს ალბათ სწორედ ის მანქანაა, რომელშიც ხიდის დამანგრეველი ფაშისტი ჯარისკაცები სხედან. მანქანა სულაც რადიოსადგურითაც კი შეიძლება იყოს აღჭურვილი, მის თავზე რაღაც ანტენა ჩანს. კარგი იქნებოდა რადიოსადგურის მოპოვება, მომსახურე პერსონალთან ერთად. მანქანის გვერდით რომ ხალხი დაფუსფუსებდა, ხუთამდე ადამიანი, ახლა აგერ მანქანის ნაკვალევში წვანან და არ იძვრიან, ეტყობა გაუჭირდათ.

ქვემეხი გაბოროტებული და გაბრაზებული ხმაურობდა, ჭურვები კი, ჯერაც, სამიზნისგან მოშორებით სკდებოდნენ. კოლონის მხრიდან ჯარისკაცი გამორბოდა, ხელებგაშლილი რაღაცას გაჰყვიროდა და თან ცალი ხელი ტუჩებთან მიჰქონდა რუპორივით, რათა მისი ნათქვამი გაეგოთ. სროლა შეწყვიტეს და გაიგონეს.
    — ეი, რა სისულელეს ჩადიხართ? ყვიროდა ჯარისკაცი — ამხანაგი მაიორი ძლიერ ბრაზობს და იგინება.
    — გადაეცი ამხანაგ მაიორს — დაცინვით უპასუხა უმცროსმა ლეიტენანტმა რასტიაგაევმა — როგორც ა.მ. გორკი ამბობს, თუ კი მოწინააღმდეგე არ გნებდება და თან, ცდილობს ტექნიკა გაიყვანოს ბრძოლის ველიდან, კი არ უნდა გეძინოს, არამედ ეს ტექნიკა უნდა გაანადგურო. ახლა კი, ზურგისაკენ და... იი აარ!
    — იგნატმა იქედნურად ჩაიცინა, ლიონკა კი გაიჯგიმა და ხუმრობითა თუ, სერიოზულად იკითხა: — სროლა გავაგრძელო?
    — მიდი, დასცხე!

მათ კიდევ ორჯერ გაისროლეს სანამ, მაცნე მანქანასთან დაბრუნდა და მაიორს, დანაბარები სიტყვა სიტყვით გადასცა.
    — რაოო? ლამის თავად აფეთქდა პროსკურიაკოვი — დაბრუნდი და ამ, ვაი მეომარს გადაეცი, ახლავე ჩემთან გამოცხადდეს.

ჯარისკაცი სიხარულით გაემართა ამ ბრძანების შესასრულებლად მაგრამ, ამავე დროს ბექობს მიღმა რაღაცამ დაისისინა, გაისმა სპეციფიკური ტკაცუნის ხმა და ჯარისკაცმა ძლივს მოასწრო მანქანის ქვეშ შეძრომა, მაიორმა კი ,,სტუდაბეკერიდან“ გადმოხტომა რომ, კოლონას თავს დაატყდა ექვსლულიანი ნაღმ სატყორცნიდან გამოშვებული ერთი ნაღმის რისხვა. წამში ყველაფერი დადუმდა, მხოლოდ ჰაერიდან უკან, მიწაზე დაშვებული მიწისა და რაღაც სხვა ნაგლეჯ-ნაფლეთების ტყაპუნის ხმა ისმოდა და კვამლში არეული მტვერი ნელ ნელა ილექებოდა.

ერთი, ერთადერთი ზალპი, კიდევ კარგი რომ, გერმანელებს თავადაც არ ჰქონდათ მეტის საშუალება და ამიტომ უფრთხილდებოდნენ ჭურვებს. ეს ერთი გასროლაც საკმარისი აღმოჩნდა რომ, კოლონა შუაზე გაეგლიჯა, როგორც დიდი ხვლიკი. სატვირთო მანქანა ამოყირავდა და საცოდავად აბოლდა, დაჭრილი ჯარისკაცები კვნესოდნენ, სხვა მანქანები, ზოგი წინ და ზოგი უკანსვლით, ქაოტურად ამოძრავდნენ, რათა აბოლებულ ,,ზისს’’ ცოტათი მაინც გასცლოდნენ, ჯარისკაცებმა მისი ძარიდან ორი დაღუპული გადმოათრიეს, მინდვრის განაპირას, კიდევ რამდენიმე მებრძოლი დადუმდა, მათ, მანქანის, გაგლეჯილი ბენზინის ავზიდან წამოშხეფებულ საწვავი გადასხმოდა და თავზე და ზედა ტანზე ცეცხლის ალი ასდიოდათ.

ქვევით, ხიდთან, აჩქარებული მუშაობა წავიდა, იმისგან განსხვავებული, როგორიც ზალპამდე მიდიოდა, მძღოლებმა გააკეთეს ის, რაც ადრე უნდა გაეკეთებინათ — გაფანტეს მანქანები, მათი შესანიღბავი ადგილების მოსაძებნად, ,,კატიუშები“ სახურავ გადახდილი ნაგებობების უკან აბობღდნენ, ჯარისკაცები ხორბლის საწყობის შენობის უკან გარბოდნენ, თან გზა და გზა, გამალებით ტენიდნენ ავტომატებს და უახლოვდებოდნენ იმ ავბედითად ნაალაფარ ქვემეხს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ასე გამეტებით და რაც მთავარია, უაზროდ ქუხდა. ყველაფერი ეს მაიორმა მიწიდან წამოდგომისას დაინახა და წამსვე იაზრა, რატომ გარბოდნენ ასე აჩქარებით ეს ჯარისკაცები. მიხვდა და იღრიალა:
    — სდექ! სდექ, მე თქვენ გეუბნებით, გიბრძანებთ!

  მისი არავის ესმოდა, ან არ სურდათ გაეგოთ. უკვე მთელი კოლონა, ხელს იქნევდა, იგინებოდა და გამორბოდა ამ, ერთი მიმართულებით. მან იაზრა რომ აქ, ახლა ის მომენტია, როცა ყვირილით საქმეს ვერ უშველი და თავადაც იქით გაიქცა. უკვე სრულად ფორმაში იყო ჩაცმული და იერიც მოღრუბლული ჰქონდა, კარგა ხანია არ ურბენია. მეთაურები ხომ შეტევისას არ გარბიან, ისინი ამას, მხოლოდ უკან დახევისას აკეთებენ, შეტევის დროს კი ძირითადად, მხოლოდ ჯარისკაცებს უწევთ სირბილი ზოგი მიზანმიმართულად, ზოგიც უაზროდ, ინერციით გარბის ხოლმე. მან იგრძნო რომ, მისი სიმკვირცხლე იმისათვის, რომ ჯარისკაცებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს გადაასწროს, საკმარისი არ იქნება და სავარაუდოდ, უმცროსმა ლეიტენანტმა რასტიაგაევმა, თავისი ომი უკვე დაამთავრა. იმ მიზნით რომ ამ გადარეული ბრბოს ყურადღება ცოტათი მაინც მიეპყრო, მან პისტოლეტი ამოიღო და ნათელი სავაზნე დასცალა ჰაერში გასროლებით, მაგრამ ამან ვერაფერი შესცვალა. ქვემეხი უკვე გარშემორტყმული იყო ამ ნაცრისფერ-შავი მასით, რომელიც გაშმაგებული სცემდა ბოლთას და რაღაცას გაჰყვიროდა. მაიორს მოესმა:
    — ძმეეებო, შემიბრალეთ! — მშრალი ხმით ხრიალებდა ვიღაც, ამ ხმაზე შეატყობდი რომ, ეს არის გამოცდილი, ბრბოს რისხვის უკვე მნახველი და გამგონი ადამიანი.

ამ ყვირილმა უბიძგა პროსკურიაკოვს, საიდანღაც გაჩნდნენ ძალები, რომელთა დახმარებითაც მან მიმოფანტა წრე და ბრბოს შუაგულში აღმოჩნდა, სადაც მიწაზე განრთხმულ ორ ჯარისკაცს გამეტებით ურტყამდნენ, ხოლო უმცროსი ლეიტენანტი იქვე, წამოჩოქებული, ცალი ხელით სისხლს იწმენდდა, რომელიც გატეხილი ცხვირიდან მოთქრიალებდა, მეორით კი ამაოდ ცდილობდა, მისდა ბედად ბუდეში ჩაჭედილი ნაგანის ამოღებას. კიდევ წამიც, და არავისი შეჩერება უკვე შესაძლებელი და ალბათ, საჭიროც აღარ იქნებოდა.
    — შეწყვიტეთ! სდექ! — მოგუდული ხმით შეჰყვირა მაიორმა, უყვირა ყველას, მაგრამ მივარდა ოცმეთაურს და უკვე საბრძოლო მეთაურს, ხელი მოუგრიხა, აართვა ნაგანი და უკვე, ფოლადნარევი ხმით, ისე როგორც ნამდვილ ოფიცერს შეეფერება. გასცა ბრძანება: სმენა! — და მიაყოლა კარგა ბინძური გინება, თუმცა კი, თავად მუდამ წინააღმდეგი იყო ბილწსიტყვაობის და ასეთი რამეებისთვის, მუდამ სჯიდა ხოლმე თავის ხელქვეითებს. — სმენა! გაიმეორა მან, უკვე ნაკლები რისხვით და ბრძანებაც მოაყოლა:
    — უმცროსო ლეიტენენტო რასტიაგაევ, თქვენ დაპატიმრებული ხართ! პიშჩენკო! — იხმო თავისი დენშჩიკი, — წაიყვანე უმცროსი ლეიტენანტი! არის! — იყვირა წამსვე იქვე გაჩენილმა პიშჩენკომ, ხელის საფეთქელთან მიტანით და თან, ჩუმად, რასტიაგაევს შეუღრინა აბა, შე დამპალო ნაბიჭვარო, შენ კი მოგელის კარგი ბანაობა.

ორი, ნაცემ-ნაბეგვი ჯარისკაცი, ამ დროისათვის, უკვე მიწაზე ისხდნენ, უმცროსი მათგანი სამხედრო პერანგს მოგლეჯილი ჯიბიდან ამოცვენილ წერილებსა და ფოტოსურათებს ბოჭავდა, თან ცრემლნარევი ხმით იგნატს ეკითხებოდა:
    — ჩვენ რაღატომღა ძია იგნატ? რისთვის?
იგნატი კი, ხელის ცეცებით ცდილობდა გიმნასტურაზე ღილები შეეკრა, ვერ ამჩნევდა რომ ამ პერანგზე ღილი, ერთადერთიღა იყო შერჩენილი და ნერვიული მოძრაობით, ხან შეიკრავდა მას, ხან შეიხსნიდა. ცალი თვალის უპეზე უკვე შესიებული, ჩალურჯებული ლაქა კი, მის ფართო, მკაცრი ნაოჭებით და ლამაზი ულვაშით მორთულ სახეზე, აშკარად, უადგილოდ გამოიყურებოდა.

ირგვლივ მხოლოდ ყვირილი ისმოდა. ასეა ყოველთვის — ჯარისკაცი, მოქმედებას რომ მორჩება, აუცილებლად გადადის ყელის ამოქმედების პროცედურაზე:
    — ომობანა მოუნდათ, ნაბიჭვრები!
    — ბებერიც, გამოჩერჩეტდა!
    — რამდენი ადამიანი დაზიანდა ამ შტერების გამო!
    — ოხ, თქვენი! მაიორს უმადლოდეთ თორემ...
    — ნახეს რა გასართობი! ომს ეთამაშებით?
    — გეგონება ვერ მოვესწრებით!
    — ამ მაიმუნ ლეიტენანტს ორდენი მოუნდა!
    — ერთი ორდენი სახეზე კი აქვს უკვე მიბეჭდილი!
    — კარგი ის ახალგაზრდაა და შტერია მაგრამ, ეს ბებერი კუანა სად მიძვრებოდა?

სიტყვები, გინება, საყვედურები ბლომად იყო მაგრამ, მთავარმა უკვე ჩაიარა, ჩაცხრა გამხეცების მომენტი, ჩაწყნარდა, ფაფარზე, აბურძგნილმა ბალანმა ნელ-ნელა დაიწყო დალაგება, დამშვიდება. ასაკოვანმა ჯარისკაცმა ეს იგრძნო და კიდევ ერთხელ თქვა:
    — მაპატიეთ ძმებო, ვინანიებ. დამნაშავე ვარ, ვერ მოვთოკე უმცროსი ლეიტენანტი. შემდეგ გაბრაზებულმა გახედა ამხანაგს და თავისთვის ჩაილაპარაკა — და ეს ლაწირაკი. წადი ამათი...

კოლონიდან მომსვლელთა რიცხვი კი, რომელთაც სულ უფრო და უფრო მეტად სერიოზული სახეები და გეგმები ჰქონდათ, უკვე საკმაოდ გაიზარდა.
მაიორმა პროსკურიაკოვმა, ჯერ ადროვა ნაცემი ჯარისკაცები გასცლოდნენ იქაურობას და მკაცრი ხმით ითხოვა:
    — ამხანაგებო, გთხოვთ, დაიშალოთ და მარშისთვის მოემზადოთ.
    — არა, მე არ მინდა! არავითარ შემთხვევაში! — მართლაც ლაწირაკივით, გამომწვევი, მკივანა ხმით წამოიძახა უმცროსმა ლეიტენანტმა. — არსადაც არ წავალ. მე უნდა ვიბრძოლო, ვიბრძოლო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე! პიშჩენკომ ისე ძლიერ უბიძგა რომ, მან წაიფორხილა და წაუჩოქა, მიწაზე დავარდნილი პილოტურა ქუდი აიღო, მუხლებზე დაიფერთხა და უფრო ხმამაღლა იყვირა: ოთხი წელია იბრძვით და კიდევ ათი მოგიწევთ... მაიორი შეჩერდა, თავით ფეხამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა და კბილებში გამოსცრა:
    — ,,მძღ...რის გუნდა“! — და აჩქარებული ნაბიჯით, ათუხთუხებული ,,სტუდაბეკერისკენ’’ წავიდა.
პიშჩენკომ მკაცრად, მაგრამ ისე რომ, ყველას გაეგონა, უთხრა უმცროს ლეტენანტს:
    — დროზე, დროზე დაჯექი კაბინაში თორემ, ვატყობ, მაგ ლაპარაკით იქამდე მიიყვან ამ ხალხს რომ, ომის ვადას შეგიმოკლებენ.
    — ეს როგორ, რას ნიშნავს შემიმოკლებენ?
    — ძალიან უბრალოდ, აქვე, ახლავე გაგასაღებენ, დაგმარხავენ იმ ბიჭებთან ერთად, ვინც შვენი შეცდომის მიზეზით დაიღუპა, რაიმე ფიცარს დაამაგრებენ მიწაყრილზე, ზედ დააწერენ: ,,გმირულად დაეცა გერმანელ დამპყრობლებთან ბრძოლაში“, და დედას არც კი გააგებინებენ როგორ დაეცი. დაეცი და მორჩა... — პიშჩენკოს მაიორი გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ, შებრუნდა და ჩაიბურტყუნა — სხვათა შორის, რომ იცოდეთ, ამხანაგი მაიორი ჯერ კიდევ ხასანის ბრძოლებში იყო დაჭრილი... ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი დაუმატა: — ასე მყრალად კი ამხანაგი მაიორი ძალზედ იშვიათად იგინება.

რასტიაგაევი მანქანის კაბინაში საღამომდე იჯდა. შებინდებისას ხიდი აღდგენილი იყო და კოლონა დასახლება გრინცევში შევიდა. იქ სხვა, უფრო თადარიგიანი ნაწილების ჯარისკაცები უკვე დანაწილებულიყვნენ კერძო სახლებში, ახლო-მახლო სიმაღლეებზე დაცვა დაეყენებინათ, დაემყარებინათ კავშირი არტილერისტებთან, პროდუქტის, ჭურვებისა და საწვავის მოსატანად, ტრანსპორტიც კი გამზადებული ჰყავდათ. უმცროს ლეიტენენტ რასტიაგაევს ნაგანი დაუბრუნეს, გადასცეს ბრძანება ამავე ,,გაზიკით“ გამგზავრებულიყო სწორედ ამ ტრანსპორტთან ერთად. თვითნებობის გარეშე შეესრულებინა ეს საპასუხისმგებლო დავალება და რაც შეიძლება დროზე მოეტანა, რაც შეიძლება მეტი ჭურვი და გახუხული პური. ცინიკოსმა პიშჩენკომ კი მაიორ პროსკურიაკოვის შემდეგი სიტყვები გადასცა: ,,გზაში კარგად დაფიქრდი შენს საქციელზე“.
უმცროსმა ლეიტენანტმა მანქანის კარი მიიჯახუნა, მძღოლს უბრძანა:
    — წავედით. — და გაიფიქრა რომ, პიშჩენკოს მიერ ნათქვამი სიტყვები მაიორს კი არ ეკუთვნოდა, უბრალოდ ამ მეტიჩარა, მეთაურის მსახურის ნააზრევია..., მაგრამ რაღაცაზე დაფიქრება, რაღაცის გადაფასება კი, საჭირო მართლაც იყო.