სვეტა, ანუ დღე, როცა ნამდვილ მამაკაცი გავხდი

(ფრაგმენტი)

თუ გამოვტოვებთ ჩვილის ნაკლულ წონას, ნათლობას, უბრალო დელიკატურობისთვის ჩატარებულს, კომუნისტი მამისგან ოთხმოცი კილომეტრით დაშორებულ ადგილას, მშობლიური პანელის ტიპის სახლის აღწერას, დონის შესართავთან, (აი, ისიც, ხორცის ჩეხვისგან საკმაოდ დასახიჩრებული ჯირკი სადარბაზოსგან ხელმარჯვნივ, დომინოს სათამაშო მაგიდები ფარდულებთან და მორთულ-მოკაზმული მექორწილეები, რომელთა შორისაც განსაკუთრებით გამოირჩევა მილიციონერი დახატული ულვაშებით), მაშინ უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ გასულ ზაფხულს ჩემი ქალიშვილი (დავარქვათ მას ,,ალისი", რაც ნიშნავს ყვავილს ,,იელს», სახელი ,,ავერილის" მნიშვნელობა კი იქნებოდა ,,ბოროვოს ბრძოლა"), რომელმაც ჩემს მიერ რეპეტიტორებზე გახარჯული რამდენიმე ათასი ფუნტი გაცვალა ორციფრიან გრაფაზე, სადაც ეწერა ,,ეროვნული გამოცდების" შედეგები და არ მოისმინა რა ჩემი არცერთი დაჟინებული რჩევა, ხუთი უნივერსიტეტის მისაღები კომისიის ლატარიის ბილეთების რიგში ჩადგა.

ნებისმიერი ამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ალისს ელოდა დიდი ჰუმანიტარული გასაჭირი, როგორც მამამისი უწინასწარმეტყველებდა, მშობლების მთელი დანატოვარის გახარჯვა, შეურაცხმყოფელი მიჯაჭვულობა ქმრის ჯიბეზე, (არის განქორწინებაზე უფრო ცუდი რამეებიც, შვილო ჩემო!), რესტორნის შესასვლელთან ლუკმა-პურის მათხოვრობა, დამლაგებლად მუშაობა მდიდარი თანაკლასელების სახლებში, რომელთაც თავის დროზე მშობლების აზრი გაითვალისწინეს.

რა უნდა ეღონა მოხუც მამას? ისედაც წელში მოხრილს ხერხემლის მალებშუა გაჩენილი თიაქარისგან — (ო, ეს სავარჯიშო დარბაზში გადაჭარბებული ვარჯიშისგან მიღებულ ჯოჯოხეთურ წარმონაქმნი!).

თან უნდა ხლებოდა, დალოდებოდა ყველა ,,ბარიერთან" და ,,ჩარჩოსთან", და თან ორმაგი კაპუჩინოს დაცლილი მუყაოს ჭიქის გვერდები ეწვალებინა, ემკითხავა: — როგორ განწყობაზე გამოვა ალისი? იქნებ — დადარდიანებული? მოასწრო ნეტა ყველა კითხვაზე პასუხი? ,,შპარგალკა" თანა აქვს? მოშივდებოდა უკვე, ან იქნებ სწორედ ამ დროს მის ყვავილს თვალი აეხილა, რომ ქვეყანა უსამართლოდაა მოწყობილი, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება და ყველაზე საუკეთესო ადგილებზე დარეგისტრირდა უკვე სახლიდან.

იმ ტანჯვით სავსე დღეებში, ვიდექი ჩემნაირებს შორის, მდუმარე ბრბოში, თითქოს მიცვალებულის გამოსვენებას ველოდი. შიგნით მხოლოდ იმ აბიტურიენტებს უშვებდნენ, ვინც ცნობას წარადგენდა, გამოდიოდნენ კურსდამთავრებულები, დიპლომი რომ ჰქონდათ გულში ჩახუტებული. გეგონებოდა, ეს ერთი და იგივე ადამიანები არიან, უსარგებლო, არაფრისმომტანი ტაბლეტებივით რომ გადაუყლაპავთ ხუთი წელი ამ კედლებში, ერთნაირად უცხონი ცოდნის ტაძრისთვის (ერთმანეთში გადაუნაწილებიათ თითქოს ,,კიდევ" და ,,უკვე"), სულ რაღაც სანტიმეტრებია სხვაობა სიმაღლეში და დგომაში, აქ იკითხება — შემსვლელთა მღელვარება, გამომსვლელთა გულგრილობა და მერე ყველანი თავიანთი გზით მიდიან სხვადასხვა მხარეს. მე, ვინც

მთელი ცხოვრების მანძილზე ვუმტკიცებდი ალისს, რომ ნიშნები, კონკურსები, ცუდი განწყობა და გამომცდელების კეთილგანწყობა, ჩარიცხვა და სწავლის ადგილის დასახელება არავითარ კავშირშია ბედთან, უცებ მოგონებებში გადავვარდი და ისეთი ცხოველური შიში ვიგრძენი, (თითქოს ახლა წყდებოდეს ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი) და უფალს ჩურჩულით სამადლობელი ლოცვა ვუძღვენი: რა ბედნიერებაა, რომ უკვე აღარ ვარ აბიტურიენტი!

პირველები გამოდიოდნენ ფრიადოსანები — ლამაზები ან ულამაზოები, ოდნავ შესამჩნევი კოჭლობით და ქედმაღლური მზერით: ,,ისეთი მარტივია, მოსაწყენიც კია!" — ფრიადოსნებს არავინ ხვდებოდა, როგორც კი თავისუფლების ჰაერს ჩაისუნთქავდნენ, მათი პირველი მოძრაობა ყურთან ტელეფონის მიტანა იყო, მერე უპასუხოდ იკვლევდნენ გზას შეკითხვების ზღვაში: რა? რომელი თემაა? რამდენი კაცია აუდიტორიაში? შემდეგ კატეგორიას ეკუთვნოდნენ არც თუ ისე მარტივი ახალგაზრდები, ძალიან დაღლილები და მაინც მშვიდები. მათ ელოდნენ სქელტანა ,,ადიუტანტები ვარდისფერ ზედებში მერსედესებით" რომ მიიწევდნენ შესახვედრად, უკვე გზადაგზა იწყებდნენ რეკვას: ,,აწი როგორ მოვიქცეთ? რომელი სადარბაზოა? იისფერი კალმით წერდა!», შემდეგ კი უკვე მოდიოდნენ დანარჩენები.

მე ძალიან მებრალებოდა პროვინციელები — ჩემები: ახალგაზრდა ბიჭები, დაუთოებულ შარვლებში, გაპრიალებულ ფეხსაცმელებში, პერანგის ზედა ღილი შეკრული აქვთ, სახე — ნათელი, მამები მძიმე ჩანთებით, კოტლეტები ქილებში, ისმის მორიდებული ხრაშუნი კიტრისა და კვერცხის ნაჭუჭის ღობის წვერზე მსხვრევის ხმა. პროვინციელები გადამეტებულ თავაზიანობას იჩენდნენ გამვლელთა მიმართ, დიდხანს ჩურჩულებდენ განზე მიმდგარნი და ინაწილებენ პასუხისმგებლობას, სანამ მორიდებით შეაწუხებდნენ დარაჯს: ჩვენ საით? და როცა მეფის გამომეტყველებით დარაჯი მათ მიუთითებდა კარისკენ (სადაც ადგილობრივები დაუკითხავად შედიოდნენ). პროვინციელები ისეთ მადლობას უხდიდნენ და ისე უხაროდათ, თითქოს პირველი გამოცდა ჩაბარებულია, პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი წარმატებისკენ გადადგმულია.

პროვინციელები ქვეითი ჯარია, ტყვიამფრქვევს რომ უნდა შეეჩეხოს, მხოლოდ პირიქით ხდება: ქვეითი ჯარი ბოლომდე ბრძოლის ველზე რჩება, პროვინციელებიდან კი არც ერთი. იტირებენ ბორდიურებთან, გასასვლელებთან, მშობლის მხარზე: სულ რაღაც ნახევარი ქულა არ ეყო! ჯერ კიდევ ,,კურსკის» სადგურიდან ადევნებულ ტიპები კი ფურცლებს უწვდიან: ,, ხომ არ გინდათ ჩვენთან, ფასიანზე?"

როგორ ვუფრთხოდი ამ ყველაფერს, ზურგს ვაქცევდი: ვიდექი ზურგით ჟურნალისტიკის ფაკულტეტისკენ, სახით კი აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტისკენ — თაბაშირს რომ აცლიდნენ და ისტორიულ აგურს აშიშვლებდნენ, სახურავზე ქარი არწევდა მრავალწლოვან ბუჩქს, — მაგრამ მაინც მახსენდებოდა... აი, სინამდვილეში რა იმონებს ადამიანებს, აი, სად რჩება და ღელავს წყალნაკლული ტალღებით შემოდგომის ის დღეები: ერთადერთი რასაც ვგრძნობდი მაშინ, სიბრალული იყო. სხვა სახელს ვერ დაარქმევ ამას, იყო მღელვარება და მსუბუქი ნაღველი. იმატა მანქანების რიცხვმა სადგომზე, არა, მანქანები არ მახსოვს. არ იყო მანქანები! გამოსულებს ვაცლი ოცწლიანი ქერქს: ისაა? ის, ვისაც შეიძლება ვიცნობდე აქ. რატომ არ შევდივარ შიგნით? მხოლოდ ერთხელ შევყევი ალისს შიგნით და აღელვებისგან სისხლი მომაწვა სახეზე. აბიტურიენტები და გულშემატკივრები ყოფილ ბიბლიოთეკაში ისხდნენ კიბიდან ხელმარცხნივ, კედლები შელახულია, პარკეტი ჭრაჭუნობს. კიბეს უკანა მხრიდან მოვუარე: აქ ადრე ,,განაწილების პუნქტი» იყო, სად გაქრა? სად არის გაზეთების სამკითხველო? აქაც ისეა მომრავლებული პროდუქტების ფარდულები, როგორც სადგურის მიწისქვეშა გადასასვლელებში. კიბის თავზე წარწერაა ,,ინსტიტუტი". შევდივარ აუდიტორიაში და თითქოს ვიღაც მკარნახობს: ,,სამას თექვსმეტი!" — აგერ დაფა, ცარცის ნატეხი, აქ ვსწავლობდი და გვერდითა მაგიდიდან ყველაზე ლამაზი გოგო მიღიმოდა. ახლა კი. ახლა. მოხუცი თითებიდან, გამაყუჩებელი გელი რომ აქვს წასმული, ცარცს იფერთხავს, თითქოს საკუთარი ანაბეჭდების დატოვებისა ეშინიაო.

ალის, მე ამ ფაკულტეტზე შემოვედი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი წლის ნოემბერში, როცა კარტოფილის აღების დროს ერთ მუშტად შეკრული პირველკურსელები, უკვე დაყოფილი ვიყავით ორ კატეგორიად, ვინც დილისთვის მაღვიძარას ქოქავს და ვინც არ იცის, რა არის სტიპენდია.

მაღვიძარას მფლობელნი დილით პირველ ლექციაზე მოდიოდნენ ან მეორეზე, ყინვის ბინდბუნდში ელოდებოდნენ ოცდაექვს ნომერ ტრამვაის, რომელიც გადავსებული იყო ზურგით ერთმანეთს მიტყუპებული დილის მგზავრებით, მათი გორგოლაჭიანი ჩანთებით, ახტებოდნენ ტრამვაის, მიძვრებოდნენ წვალებით, ეკვროდნენ, ეხუტებოდნენ, ზედ ეკიდებოდნენ, ცალ ფეხზე იდგნენ ან კარებში იჭედებოდნენ, ან კიდევ, ქარბუქს სახემიშვერილები და წელში მოხრილები მიეშურებოდნენ ეზოების გავლით მეტრო ,, აკადემიურის» მხარეს, კინოთეატრ ,,ულან— ბატორის" გავლით, სადაც დახუთულ დარბაზში კვირაობით ნუმიზმატები იკრიბებოდნენ ოფლის სუნის საქალაქო ფესტივალზე.

ფაკულტეტს ისინი მზის ჩასვლისას ტოვებდნენ, მიაცილებდნენ საყვარელ პედაგოგებს მეტრომდე, და სასადილოში მირთმეული ჭიქა არაჟნის მერე საერთო საცხოვრებლის ბიბლიოთეკაში იკრიბებოდნენ, ხოლო როცა ბიბლიოთეკა იკეტებოდა, ჟურფაკის სამკითხველოში იკავებდნენ მაგიდებს, მეორედან მერვემდე სართულებზე, ან სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, რეცხავდნენ, კედლის გაზეთს ხატავდნენ, დედებს წერილს წერდნენ დნეპროპეტროვსკში, ან მეცხრე სართულზე ადიოდნენ ნიადაგის შემსწავლელებთან და პოლიტიკაზე კამათობდნენ — ნიადაგის შემსწავლელ ქალებს ( რატომ არ აბარებდნენ ამ ფაკულტეტზე კაცები, დღემდე სისხლიანი კომუნისტური რეჟიმის ერთერთ საიდუმლოდ რჩება), იმდენად უხაროდათ ნებისმიერ მამაკაცთა წრეში ყოფნა, რომ დღესაც სიწითლე გადამკრავს, როცა სათნო მეუღლე ან თავდადებული დედა ხმამაღლა და მოურიდებლად აღიარებს: მე დავამთავრე ნიადაგთმცოდნეობის ფაკულტეტი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რა სატრაბახო ესაა?!

იმათ, ვინც მაღვიძარათი არ სარგებლობდნენ, ( არმიის ვეტერანები, წარმოების ვეტერანები და მთიდან ჩამოსულები კომუნისტური პარტიის ნაციონალური პოლიტიკის შედეგად გასტუდენტებულები — მოკლედ წვერგაუპარსავთა ჯგრო!) დიდხანს ეძინათ, უფრო სწორედ, სულ ეძინათ და სულ სვამდნენ, ზოგჯერ დარაჯად ან დამლაგებლად მუშაობდნენ, ზოგჯერ თაღლითობდნენ, თუ გაირიცხებოდნენ, ისევ აღადგენდნენ, სესხულობდნენ ფულს, მასპინძლობდნენ სტუმრებს, კარგავდნენ მორალურ სახეს პირველ კორპუსში, სადაც ფსიქოლოგები ცხოვრობდნენ, წერდნენ ახსნა-განმარტებას უბნის ინსპექტორის სახელზე, და უნივერსიტეტში მხოლოდ სესიების დროს თუ გამოცხადდებოდნენ. ძირითადად კი მაინც ეძინათ, ჭამდნენ, სვამდნენ, არ ვიცი როგორ ვთქვა თანამედროვე ენაზე და ზუსტად,_ მოკლედ, მათ ბევრი ნაცნობი გოგოები ჰყავდათ. ისინი, ვინც მაღვიძარას არ ქოქავდნენ, ეძებდნენ ამ ურთიერთობებს. ზოგჯერ წარუმატებლად, მაგრამ გამუდმებით. გამოდის, ისინი სამოთხეში ცხოვრობდნენ, მისამართზე ,,შვერნიკას" ქუჩა, N19, მეორე კორპუსი.

საბჭოთა ხელისუფლების უძრაობის ბოლო ორმა წელიწადმა აზრი დაუკარგა სწავლას, თანამდებობების ძებნას, სახელმწიფო საკუთრების პატივისცემას, კანონის მორჩილებას, პატიოსან ცხოვრებას, სამშობლოს სამსახურს — არა, ჯერ არავინ იცოდა, რომ ძალიან მალე საბოლოო სიმართლის გზა უფასო მოხმარების სახით კედელს შეეჯახება და უკან-უკან წავალთ, ამიტომ პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ყველანი რაღაცნაირად ვგრძნობდით რომ სვლას აზრი არა აქვს. ცოტა პიონერიამ, უფრო მეტი კომკავშირმა, ყველაზე მეტად კი ჯარმა (პარტიას ცოტა დააკლდა, ვერ დაგველოდა) აუხსნა ადამიანს: თუ გინდა სავსე ცხოვრებით იცხოვრო — თავი აარიდე და მიყუჩდი. მოედანზე გაუსვლელად, ნაკლები სისხლის ფასად, ჩამოიცილე დროის მოთხოვნები, უნდა მონაწილეობდე — კი, ბატონო ქაღალდზე დაფიქსირდი, ხმა მიეცე — თუ მოგთხოვენ, გთხოვენ — სიტყვითაც გამოდი, გაუძულებენ — მიდი და ბოლო რიგებში თვალი მოხუჭე, ოღონდ სადავე მუდამ ხელში გეჭიროს, თუ საჭირო გახდა, ავადმყოფობა მოიმიზეზე, დაივიწყე ან გამოტოვე, ან დალიე ცოტა, არ გაიზარდო, არ დაღვინდე, დარჩი უდარდელი და ახალგაზრდა მომღიმარ გოგონებს შორის.

ასე იყო დაყოფილი ჩვენი კურსი, როცა ნოემბრის პირველ რიცხვებში გამოვცხადდი სასწავლო ნაწილში, კომკავშირის ბილეთის დაკარგვით განადგურებული. მე კიდევ გამიმართლა, ნაწილიდან პირველი დამითხოვეს. ჩემი სამხედრო სამსახური მიმდინარეობდა,, მატროსკაია ტიშინას შტაბის სარდაფში ვენტილაციის გრუხუნის ფონზე. ერთადერთი ფანჯარა ბეტონის ქვაბში გადიოდა, სადაც მტრედები თავიანთ სიკვდილს პოულობდნენ. თოვლი და ფოთლები არ მახსოვს. გვეძინა იმავე სარდაფში, ოცდაათი მეტრი წინ დერეფნის გავლით და მარცხნივ, სადაც ნახევარი წელი ვირთხებისა და ტილების მოგერიებაში გავატარეთ.

დილაობით, ოფიცრებისა და გენერლების გამოჩენამდე, მე ავდიოდი საპირფარეშოში მეორე სართულზე, ვიხეხავდი კბილებს, ვიბანდი, ვრეცხავდი წვრილმან რამეებს, (მსხვილმანები შაბათობით ირეცხებოდა ,,მედვეჟე ოზეროს» აბანოში), ან მესამე სართულზე ავდიოდი, თუ მეორეს დამლაგებელი დაეპატრონებოდა, ან მეოთხეზე, სადაც იჯდა სამხედრო ზურგის სამსახურის ხალხი.

დღე იყო განსაკუთრებული — კბილის პასტა შევიძინე. მეყო უკვე ფულის ეკონომიის მიზნით ჯაგრისის კბილის ფხვნილში ჩაყოფა — ბოლომდე ვერ ჩამოიბან თეთრ ნამცეცებს ვერც სახიდან და ვერც ხელებიდან. მალე უნდა დამთავრდეს ეს სიღატაკე, სხვა ცხოვრება გველოდება — ასეთ მხიარულ განწყობაზე ვიყავი და პატივისცემით ვუჭერდი ხელს სავსე პასტას, ოდნავი ძალით, რომ ზედმეტი არ გადმოღვრილიყო. მაგრამ პასტა რატომღაც არ გამოდიოდა გარეთ.

აღმოჩნდა, რომ პასტის ყელს რაღაც ბრჭყვიალა დააკრეს, ფოლგის მაგვარი — ჯერ ის უნდა გამეხვრიტა და მერე დამეჭირა. ასეთი პასტაა მოსკოვში. ჩვენ რა თქმა უნდა ჩამოვრჩით. გავხვრიტო, მაგრამ რითი? არც ფრჩხილით , არც ჯაგრისის წვერით არ გამოდის, რამე წვეტიანია საჭირო. სარდაფში ლურსმნის ამოსატანად ჩასვლის დრო არ იყო და მივხვდი, თუ ორივე ხელით ძალიან მაგრად მოვუჭერდი ტუბიკს, პასტა თვითონ მოერეოდა დაბრკოლებას და გარეთ გამოაღწევდა. რა თქმა უნდა, ცოტა გავბრაზდი კიდეც. თუ ასეთ ძვირადღირებულ საქონელს ჰყიდიან, ხომ შეიძლება იმაზეც იზრუნონ, რომ მოხერხებული იყოს სახმარად.

როგორც ჩავიფიქრე, ისეც მოვიქეცი, ისიც გავითვალისწინე, რომ თუ ზედმეტი გამოვიდოდა, არ მეზარალა და ტუბიკი ნიჟარისკენ შევატრიალე...

თუ მაინცდამაინც დაიღვარა, არა იატაკზე...

პირველად არ გამომივიდა, კიდევ ვცადე და გამომივიდა, ზედმეტადაც კი. მთელი ტუბიკი პირდაპირ ამიფეთქდა ხელში. თითქოს შიგნით რაღაც დუღდა და გადმოდუღდა და ამ წამს ელოდა, რომ გარეთ გამოეღწია სულ ბოლო წვეთამდე, ბოლომდე! ჰოდა, ისღა დამრჩენოდა ცარიელი ტუბიკი დამეხვია და გადამეგდო: ასეც მოვიქეცი.. ასე უნდა ხელის მოჭერა. აი, ბატონო, კბილის გახეხვა პასტით.

ჯაგრისი ნიჟარაში ჩავყავი, იქიდან მაინც რომ ამეღო ცოტა პასტა, მაგრამ იქ არაფერი იყო, ერთი წვეთიც კი. სადღაც გაქრა სულ. მივიხედ-მოვიხედე: რა ხდება ჩემ თავს? როგორც ემართება ნებისმიერ გამოუძინებელ ადამიანს, რომელსაც ჰგონია რომ ყველაფერს ხედავს, მაგრამ ეს ასე არაა...და ასე, მის თვალწინ უკვალოდ ქრება ნივთიერება ნიჟარაში, სამი კაბინის გასწვრივ, სარკის მოპირდაპირედ, ყავისფერი მეტლახის იატაკს ზემოთ. თითქოს არც გამღვიძებია და საშინელ დაუჯერებელ სიზმარს ვხედავ.

თან უკვე დროა მეორე სართული დავტოვო. ტუბიკი ალბათ ცარიელი იყო, წუნიანი! უბრალოდ გასკდა! და უცებ, ვიგუმანე რა რაღაც საშინელი, სანამ კარგად გავიაზრებდი, საკუთარ თავს შევხედე...ო, ღმერთი ჩემო!!! — თურმე ისე ძლიერ დავაწექი ხელებით საწყალ ტუბიკს, რომ წინა მხრიდან, ყელიდან კი არ გამოვიდა, არამედ უკანა მხარეს ნაკერი გაარღვია, ნუჟარაში კი არ ჩაიღვარა, არამედ მუცელზე შემესხა და ახლა მსუქან ლაქად იშლება ჩემს კიტელზე და ულვაშებად ეხატება შარვალს.

უნდა გავიქცე! სწრაფად გამოვიხეხე კბილები, ჯაგრისი მუცელზე სუნიან მასაში ჩავრგე, ხელი ორჯერ დავისველე ონკანის ქვეშ — სახე მოვიწმინდე და თმა გავისწორე, ნივთები ავიღე და — კიბეებზე (როგორც ყოველთვის, ჯერ მომიწია მოსმენა , და მერე გახედვამ), ყველანი უკვე ჩამწკრივებულიყვნენ, მოძრაობდა მხოლოდ ერთი — მარშალი, ჩვენი შეიარაღებული ძალების სარდალი, ამოდიოდა, თავისთან მიდიოდა, მაღალი, ამქვეყნიურობას მოწყვეტილი, გარშემო რომ არასდროს იყურება, თვალები თითქოს არც ეტყობა ლამაზ, არამიწიერ გამოძერწილ სახეს, ვარშავის ხელშეკრულების აგრესიულ გეგმებზე ჩაფიქრებულს. უკან დავიხიე, ცოტა ხანს მოვიცადე: და ვხედავ! — ახლა შტაბის მორიგე, პოლკოვნიკი გ., განთქმული თავისი მეგობარი —ალკოჰოლიკების ჩაშვებით, რატომღაც ჩურჩულით მეუბნება: გაჰყევით! შეიარაღებული ძალების მეთაურმა თქვა, რომ მას გაჰყვეთ! პოლკოვნიკი გ. კანკალებდა, ხელით ვერ მიჩვენებდა მიმართულებას (და ეს საკუთარ მორიგეობაზე!) მხოლოდ განუწყვეტლივ იმეორებდა: გაჰყევით! იჩქარეთ მისკენ!

რა უნდა მექნა? წავსულიყავი ჩექმის საწმენდად თუ საწოლის ქვეშ სამხედრო ქუდი მომეძებნა? საშინელმა ტალღამ ამაყირავა და ღრიალით გამიტაცა პირდაპირ ბედის მრისხანედ მობობოქრე ხახისკენ — მისაღებში, სადაც მისალმების შემდეგ, ჯერ კიდევ არ მოდუნებულმა, ორმა ადიუტანტ-მაიორმა გუნდურად წამოიძახა: საით?! მე ძლივს ამოვილუღლუღე: ამხანაგმა მეთაურმა თქვა, შემოდიო, — და ეს უფსკრულში გადახტომა იყო უკვე...

მარშალი შორს იჯდა წინ, დაახლოებით ათი მეტრის დაშორებით, გვერდულად მაგიდასთან, თითქოს ფეხსაცმელს იცვლიდა. მე, წარმოვსთქვი რა „რიგითი ეს და ეს, თქვენი ბრძანებით ...“, გავჩერდი გლობუსთან, ზომით კოსმოსურ ხომალდ ,,ვოსტოკის» დამშვებ აპარატს რომ უტოლდებოდა, რომლითაც გაგარინი დაბრუნდა დედამიწაზე.

თვრამეტი წლის ასაკიდან მარშალი ამერიკის დასაბომბად ემზადებოდა, მას მხოლოდ ბომბდამშენები, ფრენები და რაკეტების გაშვება აინტერესებდა, ხოლო ეს ყველაფერი _ ფორმირებაში სიარული, რიგითები და კაპრალები, საწვავის საწყობები, ზამთრის სპეცტანსაცმელი და ქაღალდების კითხვა ამძიმებდა; მარშალის გინება არასდროს გამიგია, ყურადღებას აქცევდა ბორდიურების ფერს, მძღოლის დაგვიანებას, ჩუმად იცოდა მოსვლა და ჩუმად მიდიოდა; ეს იყო ჩვენი პირველი და ბოლო შეხვედრა.

მარშალმა ისეთი გაოცებული და დაღვრემილი სახით შემომხედა, თითქოს მდუღარე გადამასხესო: იქნებ მორიგეს შეეშალა? იქნებ ჩვენი შეიარაღებული ჯარების მეთაურს სულაც არ განუზრახავს ჩემი უფსკრულში გადაჩეხვა?! — და ახლა თვითონაც ვერ გაურკვევია: რისთვის გამოცხადდა მებრძოლი და ხელს უშლის ფეხსაცმლის გამოცვლაში, ყოველდღიურობით შეურაცხყოფს მისეულ ღრუბლებს მიღმა არსებულ უსწრაფესი ბგერების სამყაროს.

მე ორმოცდაექვსი ზომის საკმაოდ გაცვეთილ სამხედრო ჩექმას ვატარებდი( მარცხენა ფეხსაცმლის ცხვირი ოდნავ გაჭრილი იყო დანით) და მისი გახდა მარტივად, ფეხის გაქნევით შემეძლო.( ჩემი საკუთარი ჩექმები წრთვნის დროს დავკარგე და გოლიათებმა დროებით, რაც უკვე წელიწადნახევარია გრძელდება, მიხსნეს ამ უბედურებისგან. შარვალზე არ ვნერვიულობდი: ახლები, (ძველები ცემენტის თრევამ შეიწირა ჰაუპტვახტებზე) ორი ზომით დიდი იყო და ისეთი ფართე, ძალიან ვგავდი უკრაინელ ბიჭს, ეროვნული ცეკვის შესრულებისას, ჰაერში რომ ხტება და მერე განივ ,,შპაგატზე" ჯდება, მარცხენა მხარეს სამკერდე ნიშანი მეკეთა ,,საბრძოლო საჰაერო ძალების წარჩინებული", მარჯვნივ ცხიმიანი ჯიბე მქონდა გამობერილი საფულით, სამხედრო ბილეთით, მსხლის შაქარყინულით, ბურთულიანი კალმით, ნემსი და ძაფით და კომკავშირის ბილეთით, (კარგი იყო არ მოეპარათ! სახეს დამრეცად კვეთდა სათვალე, კეხთან ერთმანეთს იყო მიწებებული, (დამრეცად იმიტომ რომ მარჯვენა სამაგრიდან ხრახნი იყო ამოღებული, სადღაც დავარდა და მის სანაცვლოდ საკანცელარიო ქაღალდის დამჭერი გამოვიყენე), ჩემს მარჯვნივ. მარჯვენა ხელში კბილის ჯაგრისი, პირსახოცი და სასაპნე მეჭირა, მარცხნივ — გარეცხილი და კეთილსინდისიერად გაწურული წინდები და ტრუსი, რაც წესდებით არ არის გათვალისწინებული — ფეხზე უნდა ვიყენებდი საფენ ნაჭერს და მეცვას კარლსონები; მოთეთრო, ჟელატინისებრი ლაქა, რომელიც ფეხბურთის ბურთის დარტყმის კვალს წააგავდა, ჩემს მუცელზე ჩამოწუწვას ცდილობდა. არაფრის ახსნა არ მიცდია: ან რა საჭირო იყო? ბავშვები ხომ არ ვართ, უკვე მივხვდით, რომ არავინ ფიქრობს ჩვენზე, — "რა მოხდა?" ან „როგორ დაგეხმარო?“, ყველასთვის გამჭვირვალე ხარ — ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, ჯარმა გიხსნა ზედმეტი ფიქრებისგან, ვის რა ჯანდაბაში სჭირდები? იქნებ მე ყოველთვის ასე დავდივარ და ასეთი მინდა ვიყო.

მეთაურის სახე ჩემი უკრაინელი მამის სახეს ჰგავს. (მხოლოდ ბაბუა ნიკიტა იყო ტანად პატარა), ხოლო სიმშვიდით და მეტყველების გაურკვევლობით — დედაჩემს. ბებია ტანია ყოველთვის თბილი შარფით თავწაკრული დადიოდა, წელში მოხრილი და თავდახრილი, თავის დაჭმუჭნულ ნაოჭებიან, თითქოსდა მომტირალ სახეს მალავსო. პირველი ის გარდაიცვალა და ბაბუა ნიკიტა განაწყენებულიც კი იყო: "ადრე მაინც მომკვდარიყო, ცხოვრებას მოვაწესრიგებდიო" და კიდევ საკმაო ხანი იცხოვრა, თუმცა დაყრუვდა და გამოშრა. თხუთმეტი წლის განმავლობაში მე არასოდეს მინახავს იგი სამხედრო ქუდისა და ოფიცრის პერანგის გარეშე, რაც უდავოდ, სადგურის ბაზარში ხორცის მჭრელის სამხედრო წარსულზე მიანიშნებდა. ის ასევე კერავდა ჩუსტებს და ჩექმებს (ურაზოველი ახლობლები ტყავის ქარხნიდან ამარაგებდნენ) და, როგორც ახლა იტყვიან, გამოირჩეოდა „გადაჭარბებული სიმკაცრით ვალის ვალდებულებების დაფარვისას“ იმ დროს, როდესაც ვალუიკში ყვავებს და ჭკებს ესროდნენ და სადილზე ხარშავდნენ, ნიკიტა ინვესტიციას ვოროშილოვის ქუჩაზე უძრავ ქონებაში დებდა.

სახლში მაინცდამაინც არავინ ელაპარაკებოდა — მარშალის მხიარული ძმა მაცივრებს აკეთებდა, სვამდა და თევზაობდა, ავადმყოფ ქალიშვილს რძალი უვლიდა. ამიტომ, თუ არ წვიმდა, ბაბუა, ჩვენი ძაღლის ბიმოს თანხლებით, ქოხში დაბორიალობდა, თან ჯოხს იხმარიებდა, წამით შეყოვნდებოდა, სანამ მორიგ პატარა ნაბიჯს გადადგამდა და ბებიას გულს უწუხებდა მოსაწყენი კითხვებით ("სად არის რიტა? სად არის საშკო?") საუბრები გრძელდებოდა ეზოში სკამზე — მისთვის რთული იყო ვერანდაზე ასვლა, ისედაც ჩაის ჩვენს დროში და ჩვენს მხარეში სტუმრებს არავინ სთავაზობდა. ბებია მთელ ქუჩის გასაგონად ყვიროდა, დანარჩენები გარბოდნენ და იმალებოდნენ, როგორც კი ეზოს მცოცავი მოძრაობით შემოაღებდა მომცრო ტანის არსება... ბებია ბევრს უძლებდა: ნათესავი! — მისმა ვაჟმა ცოლად შეირთო ნიკიტას ქალიშვილი; თავდაპირველად უთანასწორო ჩანდა ქორწინება, მაგრამ უთანასწორობა წლების განმავლობაში გაქრა. ახლა კი ის მთლიანად წაშლილია — აღარავინ დარჩა, მე მარტო ვარ ამ ქაოსში, არავინაა რომ დავუმტკიცო, რომ ჩვენ ფეხზე დავდექით და სხვებზე უარესად არ ვცხოვრობთ და ფოტოებიც კი გადაგვიღია ბიგ-ბენის ფონზე. არადა ამის დამტკიცების სურვილი ნამდვილად მქონდა.

დიახ, ბიძაჩემი დაქორწინდა მარშალის დაზე და თავად მარშალმა, შეიარაღებული ძალების სარდალმა, რა თქმა უნდა, სადღაც გაიგო, რომ მისი სიკეთის წყალობით, ერთი ჯარისკაცი თვითმფრინავებს არ უწევს კუდს ,,მარის -1 აეროდრომზე და არ ასუფთავებს თოვლს არედინსკში მთელი დღის განმავლობაში (ჯარის ყველა ფილიალში არის ადგილები, რომლებსაც აქვთ სრულიად დაუცველი საზღვარი ჯოჯოხეთთან; მინახავს, როგორ ტიროდა ჩემს თვალწინ ზრდასრული ხალხი იმიტომ, რომ არედინსკში უნდა ემსახურათ) და სადღაც თბილ ადგილას, მოსკოვში, მახლობლად (მან ალბათ არც იცოდა, რომ ხალხი ცხოვრობს შტაბის სარდაფში, და რომ ოპერატიული თამაშებისთვის დარბაზის კინო ჯიხურში სამოქალაქო ტანსაცმელს ვინახავ და შაბათობით გადავდივარ ღობეზე, საიდუმლო ადგილას, ავტოფარეხების უკან, რომლებიც ცნობილია ყველა საჰაერო სადესანტო ჯარისთვის და მთელი სამხედრო სატრანსპორტო ავიაციისთვის) და — მგონი საკმარისია, დეტალები რა საჭიროა.

სავარაუდოდ, მარშალმა უკვე დაივიწყა თავისი სიკეთე, მაგრამ დღეს შესაფერისი დღე იყო გასახსენებლად და მოსანანიებლად.

ის საუბრობდა გაურკვევლად და გულგრილად, როგორც საკუთარ თავს ელაპარაკებიან ადამიანები, ძილის წინ ფეხზე საბანს რომ დაიფენენ, ასე ბურდღუნებენ, როცა, პირსახოცით იწმენდენ სახეს, ასე ითხოვენ სიგარეტს ქუჩაში ნაბიჯის შეუჩერებლად. არცერთი სიტყვა არ გამიგია, მაგრამ მეშინოდა მიახლოების და ხელახლა კითხვის, ამიტომ ინტონაციით ვცდილობდი გამომეცნო სიტყვების მნიშვნელობა (აი, რას ვიკითხავდი მეთაური რომ ვიყო), ჩვენ თარჯიმნის საშუალებით ვლაპარაკობდით, თანამოსაუბრეც ვიყავი და თარჯიმანიც: რას აკეთებ აქ? რაღაც ამის მსგავსი მკითხა მარშალმა.

მე ვუპასუხე: ვმსახურობ! სწორედ ამან გააკვირვა: თავდაცვის მინისტრის ბრძანება რეზერვში გადაყვანის შესახებ ხომ დიდი ხნის წინ იყო გამოქვეყნებული, მას ამის შესახებ სმენოდა. მე კი იმაზე ვფიქრობდი: იქნებ მთელი ამ ხნის განმავლობაში სარდალს ამძიმებდა ჩემი იქ ყოფნა, სიკეთის ტვირთად რომ აწვა.

დავიწყე ახსნა-განმარტებები: მაშინვე არ ათავისუფლებენ. ბრძანებიდან ერთი თვე გადის და „ნულოვკას“ უშვებენ — ყველაზე პირველ პარტიას, ერთი კვირის შემდეგ — პირველს, კიდევ ერთი კვირის შემდეგ — მეორეს და ასე ანაწილებენ დამსახურებებისა და მიღწევების მიხედვით. განსაკუთრებით «გამოჩენილი» ჯარისკაცები თავისუფლდებიან ბოლო პარტიის დროს — 31 დეკემბერს ოცდასამ საათსა და ორმოცდაცხრამეტ წუთზე. ყველაზე საშინელი საფრთხე შეიარაღებულ ძალებში: „საახალწლო ზარების პირველი დარტყმისთანავე წასვლაა“.

მარშალი თავს მოწყენილად გრძნობდა, ჩემი მონაყოლის დასაზუსტებლად იკითხა: რა სახის პარტიებია ეს?

"ნულევკა" ბატონო შეიარაღებული ძალების სარდალო, თქვენი მძღოლია. პირველი პარტია — უნტერ-ოფიცერი, პურის მჭრელი და უფროსი სერჟანტი რუდენკო (მეზობელი საკომუნიკაციო ბრიგადის ხე-ტყის სატვირთო მანქანის მოპარვისთვის — მაგრამ ეს არ გავახმოვანე); მეორე პარტია (შევამჩნიე, რომ მარშალს აღიზიანებს, როცა მე თითებს ვატკაცუნებ და შევეშვი) — შემდეგია მედდა (ტილების შემოსევის დამალვისთვის), უფროსი ორდერის ოფიცრის კოვალჩუკის ძმისშვილი და გენერალ-ლეიტენანტის შტაბის უფროსის მძღოლი...

მეთაურმა ორჯერ აიქნია ხელი: გაჩუმდი და — წადი — გავედი მისაღებში, სადაც ადიუტანტებმა და შეკრებილმა გენერლებმა ზიზღნარევი მზერით შეხედეს ჩემს კბილის პასტას, როგორც სასიკვდილოდ დაჭრილი კაცის გადმოყრილ ნაწლავებს, რომელიც მინდორზე მირბის და ვერ ხვდება, რომ უნდა დაეცეს, რადგან უკვე მოკლულია!

სადილის შემდეგ ჩემმა მეთაურმა, პოდპოლკოვნიკმა ფროლოვმა, წარმოუდგენლად პაწაწინა თავის პატრონმა, რომელსაც ჯერ ვერ გაუგია, რომ ცოტაც და არაყი მოუღებს ბოლოს, (არადა, რა მშვენიერ ქალს, სურსათის საწყობის უფროსს უყვარდა! ნათელში იყოს!), ნაწყენი ფშუტუნით გადმომილაგა წინ ჯარიდან გასვლისთვის საჭირო საბუთები და ზედ — ელექტრონული საათი (ასეთები ერთ დროს ჭარბად იყო — რკინის სამაჯურზეა, ციფრები, მელოდიები, გვერდებზე რქოვანი ღილაკებით), გრავირებული ,,ამა და ამ რიგითს შეიარაღებული ძალების მეთაურისგან"; საათი საერთო საცხოვრებელში მოიპარეს და დიდად არ მინაღვლია; საგუშაგოს მიღმა უფრო ძლიერად შეირყა მიწა და — გადავეშვი.

კომკავშირის საქალაქო კომიტეტში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ კომკავშირის ბილეთს და ხუთი წუთის განმავლობაში ყალბი ცრემლების დაღვრის მერე (ახალგაზრდობის ახალგაზრდა ლიდერი, ორმოცდაათ წელზე ცოტათი მეტი, ჩემს უკან დადიოდა და იმეორებდა: „როგორ შეგეძლო ამის დაშვება?”— კვნესის, უყურებს როგორ ვიწმენდ ცრემლებს და ისევ: — არა, არ მესმის: როგორ შეგეძლო ამის დაშვება? იქნებ უგონო მდგომარეობაში იყავი?”). ტრამვაით ,,ოქტიაბრსკაიადან" ჩავედი შვერნიკაზე, გართობითა და სიამოვნებებით სავსე სამოთხეში, ჩემი ბედნიერი ბავშვობის ხუთწლიან პერიოდში, ( სადაც კინაღამ დავწერე "უდანაშაულონი").

ოთახში ჩემებთან მოვხვდი: მესაზღვრე, მეხანძრე, შინაგანი ჯარების ვეტერანი და კრიმინალი (მეოთხე სეზონის შუა რიცხვებში სარატოვის რაიონში დანით მოკლეს); საწოლი შემოსასვლელის მოპირდაპირე მხარეს ცივ კედელთან ავიღე — არ მითაკილია, რადგან ბოლოს მოვედი.

ჩვენ არ ვსწავლობდით, გამოცდებზე წარჩინებულ სტუდენტებისგან ვიწერდით, მასწავლებლების გულების მოლბობას ვცდილობდით ცუდი ჯანმრთელობით, საყვარელი ადამიანების ავადმყოფობითა და გარდაცვალებით, პროვინციული წარმოშობით (ვისაც ჰქონდა), მამაკაცური ხიბლით, პირველყოფილი ძალით — განსხვავებით მათგან, ვინც მაღვიძარას აყენებს და კონსპექტებს წერს. ჩვენ სწორად გავიგეთ მსახურება, უფრო სწორად, ცხოვრება.