ქვიშის საათი
მტრები არიან, ანგელოზთა და ეშმაკთა მტრობის წყარო ვის ახსოვს?..
მიედინება ქვიშა ჩემი და სიკვდილ-სიცოცხლის ავსებს დიდ ხაროს.
სიყვარული და ჩემი ცრემლები, ზიზღი, გრძნობათა იაგუნდები,
ჩემი სიცხე და ჩემი ყინვები — კვეთენ ერთმანეთს, ვერ ვუფრთხილდები!..
ვზივარ ვულგარულ წვეულებაზე, განწირულია ისიც ამჯერად,
მტკივნეულია, რომ ამ ქვიშაში ჩემი აგვისტო ფსკერზე ვარდება!
საათებს ტანჯვის არა ესმით რა, ყოველ ღამით და გათენებისას,
ფსკერზე ცვივიან ჩემი ლექსები, პროზა, წუთები პაემნებისა!..
მიჭირს დარდიანს რომ დავიჯერო და ვთქვა თამამად კენტზე ლუწია,
რომ შეუძლია ვინმეს სამყარო დაატრიალოს დედაბუდიან!..
უნდა ვიცოდეთ როგორ ვიცხოვროთ, როგორ მოვკვდეთ და როგორ გვიყვარდეს
და სიკვდილიდან ფერფლი ქვშისა მიედინება სიცოცხლისაკენ!..
ისევ ვიცურებ დედის წიაღში, დავატრიალებ ბედის კამათელს,
ეშმაკებივით ანგელოზები წარსულის ხსოვნას შემორაგვავენ!..





