ჩემი ლეიტენანტი
(ფრაგმენტი რომანიდან)
პირველი დაბომბვა
ნამდვილი შიში, უმძაფრესი შიში, პირველად სრულიად ყმაწვილს მეწია, ომის დროს. ეს იყო პირველი დაბომბვა. 1941 წ. ივლისში, ჩვენი, ,,სახალხო შეიარაღების’’ ეშელონი ფრონტისკენ მიემგზავრებოდა. გერმანელთა ჯარი სწრაფად მოიწევდა ლენინგრადის მიმართულებით. ორი დღის შემდეგ ეშელონი, ლენინგრადიდან ასორმოცდაათ კილომეტრში მდებარე, პატარა სადგურ ბატეცკში იყო. ,,სახალხოელებმა’’ გადმოტვირთვა დავიწყეთ და ამ დროს მოფრინდა გერმანელთა ავიაცია. არ ვიცი რამდენი იყი ეს ბომბდამშენი მაგრამ , ჩემთვის თვითმფრინავებმა მთელი ცა გადაფარეს და დააბნელეს. ზაფხულის, თბილი, სუფთა ცა აზანზარდა, აგუგუნდა, ხმამ უფრო და უფრო იმატა. შავმა, მფრინავმა ჩრდილებმა იმრავლა და იმრავლა. მე მიწაყრილიდან ჩამოვკოტრიალდი, უახლოესი ბუჩქისკენ გავხოხდი, და მიწაზე ჩუმად განრთხმულმა თავი ბალახებში ჩავრგე. ჩამოვარდა პირველი ბომბი, მიწა შეზანზარდა, ამას მოჰყვა ბომბების ჩემი თვალსაზრისით, თითქოს უთვალავი რაოდენობა, ყველაფერი ირყეოდა. მოპიკირე თვითმფრინავები ერთმანეთის მიყოლებით უახლოვდებოდნენ და სცილდებოდნენ სამიზნეს. სამიზნე კი, ვიყავი მე. ყველანი, როგორც ერთი, ცდილობდნენ ჩემთვის მოეხვედრებინათ, ისინი თითქმის მიწამდე ეშვებოდნენ, ჩემი მიმართულებით, ისე რომ, პროპელერების ცხელი ჰაერი ჩემს ქოჩორსაც კი არხევდა და თმას მიჩეჩავდა.
თვითმფრინავები ღრიალებდნენ, ბომბები მიწასთან შეხებისთანავე, ზათქით სკდებოდნენ. მათი წივილი ტვინში მეხრახნებოდა, გულამდე აღწევდა, მუცელში ჩამდიოდა და შიგნეულს მიგლეჯდა. ბომბების ბოროტი ყვირილი ავსებდა მთელ სივრცეს იმდენად, რომ, ჩემი მოთქმისთვის ამ სივრცეში ადგილიც არ რჩებოდა. ხმაური არ ნელდებოდა, მას ჩემგან მიჰქონდა ყოველგვარი შეგრძნება და მე, სხვა არაფერზე ფიქრი არ შემეძლო. საშინელებამ სრულად მომიცვა. ბომბის სკდომის დაჭექება შვებასავით ისმოდა. მე ლამის მიწაში ვძვრებოდი რომ, ნამსხვრევები სტვენით, ჩემს თავს ზევით გაფანტულიყო და არ შემხებოდა. ეს შიშმა მასწავლა და ამას მექანიკურად ვაკეთებდი. როცა გაიწუილებს — გაქვს წამიერად ამოსუნთქვის დრო. შეგიძლია თავი ასწიო, ზეცას შეხედო და ოფლი, განსაკუთრებული, შიშითა და რაღაც სიბინძურით გაზავებული, მყრალი ოფლი მოიწმინდო. მაგრამ იქიდან, იმ მზიური სილურჯიდან, ახალი, ვიბრირებადი ბღავილი იბადება. აი, ამჯერად თვითმფრინავის შავი ჯვარი პირდაპირ ჩემი ბუჩქისკენ მოექანება. მე ვცდილობ მაქსიმალურად შევიკუმშო რომ, ჩემი ვეებერთელა სხეული ცოტათი მაინც დავაპატარავო. მე ვგრძნობ როგორი კარგი სამიზნეა ჩემი ფიგურა მწვანე ბალახის ფონზე, რა კარგად ჩანს ჩემი, დაგლეჯილი უხეში ქსოვილით შეფუთული ფეხი, შინელის ბექობივით ნაკეცი ზურგზე. მიწა, თავზე ბღუჯა ბღუჯა მეყრებოდა. ახალი შემოტევა. მოახლოებული თვითმფრინავის ძრავის გუგუნი ისე მაბრტყელებდა, როგორც ცარიელი კონსერვის ქილას. ამ გუგუნთან ერთად მიახლოვდებოდა ჩემი სიცოცხლის ბოლო წამი, ვლოცულობდი. მე არც ერთი ლოცვა არ ვიცოდი. მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, ვიცოდი, ყველაფერი ვიცოდი ახლებური უმაღლესი განათლების მიხედვით, ფიზიკისა და ასტრონომიის საოცრად ჭკვიანური კანონების თანახმად, რომ ღმერთი არ არსებობს. ეს ვიცოდი მაგრამ, მაინც ვლოცულობდი.
ზეცამ გამწირა, ვერავითარი დიპლომები და ცოდნის მწვერვალები ვერ მიშველიდნენ. დავრჩი სიკვდილთან ერთი ერთზე, ამ, ყოველი მხრიდან ჩემკენ მომქროლავ სიკვდილთან პირისპირ. ჩემი, თითქოს მოხარშული ტუჩები ჩურჩულებდნენ: უფალო, შემიწყალე! გადამარჩინე, ნუ მომკლავ, გთხოვ, ნუ მომხვდება, გვერდით ჩამიაროს, ამცდეს, გევედრები უფალო ! შემიწყალე! ჩემთვის წამიერად ნათელი გახდა ამ ლამაზ სიტყვებში ჩადებული, ოდითგანვე ცნობილი ღრმა აზრი — უფალო შემიწყალე!... ჩემთვის უცნობ სიღრმეებში რაღაც გაიხსნა და იქიდან ნაკადად წამოვიდა სიტყვები, რომლებიც მე არ ვიცოდი და ადრე არც არასდროს წარმომითქვამს — უფალო, ღვთის გულისათვის, დამიცავი მე, გევედრები შემიბრალე და გადამარჩინე...
აფეთქებისგან, შორიახლოს ჰაერში ავარდა ვიღაცის დაფლეთილი სხეულის ფრაგმენტები და ტყაპუნით დავარდა მიწაზე, ჩემთან ახლოს. მაღლი, აგურით ნაშენები, შებოლილი წყლის საქაჩის ნაგებობა ნელ ნელა ზლაზვნით, თითქოს ეძინებაო, გადაწვა გვერდზე და რკინიგზის რელსებზე მდგარი, ჩვენი ვაგონებისკენ დაეშვა. ცაში აიჭრა ორთქლმავლის წინ აფეთქებული ბომბის შემზარავი ხმა და ჩვენი ორთქლმავალი თეთრ ორთქლში გაეხვია. აფეთქება რელსებს გრეხდა, ვაგონებს გვერდებზე აწვენდა, სადგურის ფანჯრები შიგნიდან ნათდებოდა ალისფრად, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემგან შორს ხდებოდა, მე კი ვცდილობდი არაფერი ეს არ დამენახა და ამიტომ, დაკვირვებით შევყურებდი როგორ მიხოხავდა წითური ჭიანჭველა ბალახის მწვანე ღეროზე, ხოლო ჭია სასაცილოდ ებღაუჭებოდა ტოტის ნამტვრევს, რომ მიწაზე არ მოედინა ზღართანი. ბალახებში ჩვეულებრივი, მშვიდი, აუჩქარებელი დღე გრძელდებოდა, ზაფხულის თბილი დღე. ღმერთი არ შეიძლებოდა სიძულვილით აღვსილ ამ ცაზე ყოფილიყო, ღმერთი იყო აქ, ამ ბალახზე, ჭიაღუებსა, ხოჭოებსა და სხვა მწერებს შორის.
თვითმფრინავები კი მოფრინავდნენ და მოფრინავდნენ, ბოლო არ უჩანდა ამ ჯოჯოხეთურ კარუსელს. მას თითქოს მთელი სამყაროს განადგურება ჰქონდა ჩაფიქრებული. ნუთუ მე ბრძოლაში კი არა, აი აქ უნდა მოვმკვდარიყავი, თუნდაც ერთი გასროლის გარეშე? მე მქონდა ყუმბარა მაგრამ რა, პიკს მიღწეულ თვითმფრინავს ხომ ვერ სტყორცნი. შიშისგან გასრესილი ვიყავი. მაინც რამდენი იყო ეს შიში ჩემში! დაბომბვა ჩემში შიშის ახალ და ახალ ტალღებს ბადებდა, სამარცხვინო, სულმდაბალ, დაუძლეველ ტალღებს. მე მათი დაძლევის უნარი მქონდა წართმეული. წუთი წუთს მისდევდა და მე კი არ მკლავდნენ, ნელ ნელა მამსგავსებდნენ აცახცახებულ არარაობას, მე უკვე ადამიანი კი არა, საშინელებებით აღვსილი, შიშისგან დაზაფრული პირუტყვი უფრო ვიყავი.
... სიჩუმე ნელ ნელა ბრუნდებოდა. ხანძრის ალი ტკაცუნითა და ჩუმი შიშინით ხმაურობდა. დაჭრილები კვნესოდნენ და გმინავდნენ. წყლის საქაჩი სადგური საბოლოოდ განერთხა მიწაზე. დამწვრის სუნში ,მტვერი და კვამლი ირეოდა ჰაერში. ზიანს იოლად გადარჩენილი ცა ისევ ძველებური სილამაზით ბრწყინავდა. ჩიტები აჟღურტულდნენ. ბუნება თავის ჩვეულებრივ საქმიანობას უბრუნდებოდა. მან არ იცოდა რა არის შიში. მე კი, კარგა ხანს ვერ მოვედი ჭკუაზე. მე ყველაფრისგან დაცლილი გახლდით, საკუთარი თავისადმი ზიზღი უფრო ჭარბობდა ჩემში. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ, ასეთი მშიშარა ვარ.
ამ დაბომბვამ თავისი მისია შეასრულა. მან, წამიერად მაქცია ჯარისკაცად. ასევე ალბათ ყველა სხვა აქ მყოფიც. გადატანილმა საშინელებამ თითქოს რაღაც გადააადგილა ჩემს ორგანიზმში, მომავალი დაბომბვები უკვე სხვაგვარად აღიქმება. მე აღმოვაჩინე რომ, ისინი უკვე ნაკლებად ეფექტურნი გახდნენ. ისინი მხოლოდ ფსიქიკაზე მოქმედებდნენ, სინამდვილეში, ჯარისკაცისთვის მოხვედრა ასეთ დროს ძალზედ ძნელია, არც თუ ისე ადვილი საქმეა. მე დავიჯერე რომ, უვნებლად გადარჩენის შანსი ასეთ მომენტებში გაცილებით მეტი მაქვს. ეს განსაკუთრებული ჯარისკაცული თვისებაა, მშვიდად ეძებო კარგი თავშესაფარი, ხმის მიხედვით გაარჩიო ვაი, თუ სად შეიძლება ჩამოვარდეს ჭურვი და გამოდის არა განწირულად ელოდო სიკვდილს, არამედ იბრძოდე, იბრძოდე გასამარჯვებლად.
ჩვენ შიშის გადალახვას ვახერხებდით იმით რომ, წინააღმდეგობას ვწევდით, ვისროდით, მტრისთვის სახიფათონი ვხდებოდით.
ომის პირველ თვეებში, გერმანელი ჯარისკაცები თავიანთი ჩაფხუტებით, მუქ ნაცრისფერ ჯარისკაცულ ტანსაცმელში გამოწკეპილები, თავიანთი ავტომატებით, ტანკების სიმრავლით, ცაში უპირატესობით შიშის მომგვრელები ჩანდნენ. ისინი დაუძლეველებად გვჩვენებოდნენ. უკან დახევა ბევრად, სწორედ ამ ფაქტორით აიხსნებოდა. მათ შეიარაღებაში აშკარა უპირატესობა ჰქონდათ და კიდევ პროფესიონალი მებრძოლების იმიჯი. ჩვენ კი, ,,სახალხოელები’’ ერთი შეხედვით შესაბრალისად გამოვიყურებოდით: მუქი ლურჯი კავალერისტის გალიფე, სამხედრო ჩექმების ნაცვლად შინაურული ,,ბათინკები“ შიშველ ფეხზე დახვეული, ნაგლეჯი უხეში ქსოვილით, შინელი ზომით მეტი, ან ნაკლები და თავზე ე. წ. ,,პილოტკით“.
გავიდა სამიოდ კვირა, თვე და ყველაფერი ნელ ნელა შეიცვალა. ჩვენ დავინახეთ და დავრწმუნდით რომ, ჩვენი ტყვიებიც და ჭურვებიც ისევე ანგრევენ და კლავენ, როგორც მათი დაჭრილი გერმანელები, ზუსტად ისევე, ან უფრო მეტადაც კი მოთქვამენ, კვნესიან და იხოცებიან, როგორც ჩვენები. ბოლოს და ბოლოს ჩვენ დავინახეთ, როგორ იხევენ უკან გერმანელები. იყო ისეთი მცირე, ლოკალური შეტაკებები, საიდანაც ისინი უკანმოუხედავად გარბოდნენ. ეს ჩვენთვის აღმოჩენის ტოლფასი იყო. ტყვეებისგან ისიც კი შევიტყეთ რომ, თურმე ჩვენ, აი ეს ,,სახალხოელები“, ჩვენი უსახური გალიფეებით გარკვეულ შიშსაც კი აღვძრავდით მათში. სწორედ ჩვენმა მედგარმა წინააღმდეგობამ დაამუხრუჭა მათი თავბრუდამხვევი წინ სვლა ლუგის საზღვრებთან. აქ გერმანული ნაწილები კარგა ხნით გაიჭედნენ. პირველი დარტყმებით გამოწვეულმა დათრგუნვილობამ გაიარა. რაც მთავარია, ჩვენ გაგვიარა შიშმა.
ბლოკადის დროს სამხედრო დაოსტატება თითქმის გათანაბრდა. ჩვენი , ნახევრად მშიერი და შეიარაღებით ცუდად, გაცილებით ცუდად უზრუნველყოფილი ჯარისკაცები მაძღარ და კბილებამდე აღჭურვილ, შეიარაღებულ გერმანელებს მთელი 900 დღე-ღამის მანძილზე უმკლავდებოდნენ და ინარჩუნებდნენ პოზიციებს იმის ხარჯზე რომ, სულის სიძლიერით გაცილებით სჯაბნიდნენ მოწინააღმდეგეს.
მე, ვსარგებლობ რა ჩემი გამოცდილებით, ვამბობ რომ, შიშის დაძლევის დაახლოებით იგივე პროცესი გადიოდა ყველა სხვა ფრონტზეც. ომს შიში, მუდამ, უცილობლად თან ახლავს. ის თან დაჰყვება გამოცდილ მებრძოლებსაც. მათ იციან რას უნდა ერიდონ, როდის, რა გარემოებისას, როგორ მოიქცნენ და რა მოიმოქმედონ, იციან რომ შიში რწმენას, ძალებს გამოგაცლის და გამოფიტავს.
აუცილებლად უნდა გავარჩიოთ პირადი, და კოლექტიური შიში. უკანასკნელს პანიკამდე მივყავდით. ასეთი იყო მაგალითად, ალყაში მოხვედრის შიში. ის სპონტანურად წარმოიშობოდა ხოლმე. გერმანული ავტომატების სპეციფიკური ტკაცუნი მტრის ზურგში, ვიღაცის ყვირილი ,,ალყაში ვართ!’’ — და, იწყებოდა პანიკა, შეიძლებოდა ვიღაცას ეცადა გაქცევით ეშველა თავისთვის. გარბოდნენ უფრო ღრმა ზურგისკენ, გზის განურჩევლად, მიქროდნენ, ოღონდ კი ალყიდან გაეღწიათ. შეუძლებელი ხდებოდა არა თუ გაქცეულთა, საკუთარი თავის შეჩერებაც კი. მასიური შიში იწვევს აზროვნების პარალიზებას. ბრძოლის დროს, როდესაც ნერვები ძალიან დაძაბული გაქვს, ზოგჯერ ერთი, ერთადერთი მშიშარას პანიკური წამოყვირებაც კი საკმარისი ხდება, საერთო პანიკის დასათესად. ალყაში მოხვედრის ასეთი ღრმა შიში წარმოიშვა ომის პირველ თვეებში. თანდათანობით ჩვენ ვისწავლეთ ალყიდან გამოსვლის წესები და გზები, ალყა როგორც ასეთი, თანდათან ნაკლებად საშიში გახდა.
შიშის გაუვნებელყოფის უებარი საშუალება, რაოდენ საკვირველად არ უნდა მოგეჩვენოთ, გახლავთ სიცილი. შიშის დროს არ იცინიან. ხოლო, თუ კი იცინიან, შიში გაივლის ხოლმე, იგი სიცილს ვერ იტანს, სიცილი კლავს შიშს. უარყოფს, განდევნის, ყოველ შემთხვევაში, რაღაც დროით მაინც. ამ მიზეზით მინდა მოვიყვანო ერთი ისტორია, რომელიც ბრწყინვალე მწერლის, მიხეილ შიშჩენკოსგან მაქვს მოსმენილი.
მის გარდაცვალებამდე არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მას საღამო მოუწყვეს მწერალთა სახლში. ზოშჩენკოზე შემომწყრალი იყვნენ, მას არ გამოსცემდნენ, მისი სახალხო გამოსვლები ფაქტიურად აკრძალული იყო. მის საღამოს ჩუმად, უხმაუროდ, ჩათვალეთ რომ, მალულად მართავდნენ, მისი შემოქმედებითი ანგარიშის საფარქვეშ. მოწვეულნი იყვნენ შეზღუდული სიით. ზოშჩენკო გახარებული იყო, ის იზოლაციაში იყო, მას ხომ ბოლო დროს არსად არ იწვევდნენ, მას თავად, ნაკლებად ვინმე თუ სტუმრობდა, ეშინოდათ.
საღამო საკმაოდ საზეიმო გამოდგა. იგი ყვებოდა, თუ რაზე მუშაობს ამჟამად, რომ ჩაიფიქრა ციკლი ,,ჩემი ცხოვრების ასი ყველაზე საკვირველი ისტორია“, ზოგიერთის შესახებ გვიამბო კიდეც. ის არ კითხულობდა, ხელნაწერი არ ეჭირა, ეტყობა ჯერ ჩაწერილი არც კი ჰქონდა, ზეპირად ყვებოდა. ჰო და აი, ერთ-ერთ მის ისტორიას ჩვენს თემასთან პირდაპირი კავშირი აქვს. შევეცდები მოგიყვეთ ისე, როგორც მახსოვს, სამწუხაროდ, ჩემი სიტყვებით, და არა იმ ლამაზი ენით, რომელსაც მხოლოდ მიხეილ ზოშჩენკო ფლობდა.
ეს მოხდა ომის დროს, ლენინგრადის ფრონტზე. ჩვენი მზვერავების ერთი ჯგუფი ტყეზე გამავალი ვიწრო გზით გადაადგილდებოდა. გვიანი შემოდგომა იდგა. ფეხქვეშ ფოთლების შარიშურის ხმა მიყურადებაში ხელს უშლიდათ. ისინი ავტომატ მომარჯვებული მიდიოდნენ, დიდ ხანს მიდიოდნენ და ეტყობა, ცოტათი მოეშვნენ, ყურადღება მოუდუნდათ. გზა მკვეთრად უხვევდა და აი, ამ მოსახვევთან, ისინი გერმანელთა, ასეთივე მცირერიცხოვანი, მზვერავთა ჯგუფის პირისპირ აღმოჩნდნენ. ერთნიც და მეორენიც დაიბნენ. გერმანელები გზის განაპირას, ერთ მხარეს გადახტნენ ორმოში, ჩვენები კი მეორე მხარეს. ერთ-ერთი გერმანელი ჯარისკაცი იმდენად დაიბნა რომ საბჭოთა ჯარისკაცების მიერ დაკავებულ ორმოში აღმოჩნდა. ის თავის შეცდომას მაშინვე ვერ მიხვდა, მაგრამ, როდესაც მიხვდა რაც შეემთხვა, ერთი კი შეჰყვირა განწირული ხმით, დაფაცურდა, წამოიმართა და. ერთი ნახტომით მთელ გზას გადავლებული თავისიანებთან ჩახტა. საშინელებამ და შიშმა მას არნახული ძალა შესძინა და არ არის გამორიცხული რომ, მან ამ წუთში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ამის შემხედვარე ჩვენს ჯარისკაცებსაც და გერმანელებსაც, სიცილი აუტყდათ. ისინი, ავტომატმომარჯვებულები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, ორმოებში და გულიანად ხარხარებდნენ ამ საცოდავი, ყმაწვილი ჯარისკაცის უცნაურ ე. წ. გმირობაზე.
ამის შემდეგ სროლაც კი შეუძლებელი გაუხდათ. სიცილმა ეს მოსისხლე მტრები ზოგადკაცობრივი გრძნობით გააერთიანა. გერმანელები შეცბუნებულები ერთი მიმართულებით გაცოცდნენ, ჩვენები კი ასეთივე გრძნობით შეპყრობილნი — მეორე მხარეს. გასცილდნენ ერთმანეთს ისე რომ, არც ერთ მხარეს, არც ერთი გასროლა არ ყოფილა.
საზაფხულო ბაღი
განშორების წინ ჩვენ სამნი ერთმანეთს შევხვდით პეტრეს სასახლის უკანა ეზოში, ძველბერძნული უკანალით დამშვენებული, მარმარილოს ერთ ერთი ღმერთქალის ზურგს უკან. ეს გახლდათ ჩვენი საყვარელი ადგილი, სადაც ჩვენს გოგონებს პაემანებს ვუნიშნავდით ხოლმე. აქ იყო სასიამოვნო სიგრილე, სადაც, მზის თბილი ლაქები ზანტად ელამუნებოდნენ საზაფხულო ბაღის ახლად გაკრეჭილ ბალახს.
ბენო საზენიტო ნაწილში მოხვდა, ვადიმი კი — სანაპირო არტილერიაში. ორივე იკვეხნიდა თავთავიანთი ქვემეხებით, ორთავეს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მიღებული, ლეიტენანტის წოდება ჰქონდა, ახალთახალ სამხედრო ფორმაზე ორივეს წითელი, პატარა ნაჭერი უბრწყინავდა. ოფიცრის ფორმამ ორთავე ძალიან შეცვალა. განსაკუთრებით კარგად ვადიმი გამოიყურებოდა: კოხტად მორგებული ქუდი, ის რომ ქუდუკას ეძახდა, მის ვიწრო წელზე გარდიგარდმო გადაჭიმული ქამარი ვარსკვლავის გამოსახულებიანი ბალთით. მბრწყინაობამდე გაწმენდილი ფეხსაცმლით, თითოს თავადაც ერთიანად ბრწყინავდა. ბენო უფრო მოშვებულად გამოიყურებოდა, მასში სამოქალაქო სჭარბობდა და ჩვენი განშორებით გამოწვეული სევდა წუხილიც უფრო მეტად სამოქალაქოებივი იყო, ვიდრე სამხედრო დიციოლინისთვის დამახასიათებელი.
მათთან ჩემი შედარებაც კი არ შეიძლებოდა. ჩემამდე ხმარებაში მყოფი, დაბამბული ზედატანით, ფეხზე, ვიღაცის მიერ გაცვეთილი ყელიანი ფეხსაცმლით და ბოლოს კავალერისტის, ფართე გალიფეთი. ასე გამოგვაწყვეს ჩვენ, ,,სახალხოელები“. მრავალი წლის შემდეგ მე ვიპოვნე იმ დღეს გადაღებული, დროისგან უკვე გაცვეთილი, გამოსახულება, გაფერმკრთალებული ფოტოსურათი. ბრწყინვალე ფოტო მხატვარმა, ვალერა პლოტნიკოვმა კომპიუტერისა და მხოლოდ მისთვის ხელმისაწვდომი შელოცვების წყალობით შეძლო იმ გაფერმკრთალებული სიბნელიდან ჩვენი, სამივეს ამოყვანა, და მე ვნახე ჩემი თავი აი იმ აღკაზმულობაში. გამოდის ასე გამოვიყურებოდი ფრონტზე წასვლის წინა დღეს. ვერ ვიხსენებ რომ, ჩაცმულობის გამო მე მათ, მასხარად ავეგდეთ, ისინი უფრო მეტად თავიანთ აღშფოთებას გამოთქვამდნენ: ნუთუ, ამბობდა ვადიმი — შენ, მოხალისე, ბრძოლაში მონაწილეობის მიღებაზე გადაწყვეტილების შენი ნებით მიმღები კაცი, ადამიანი, რომელიც მზად ხარ თავი გასწირო, უკეთესად დაკაზმვის ღირსი არა ხარ ?
ისინი გაბრაზებულები იმეორებდნენ იმ დროს ყველა მიტინგზე გაჟღერებულ მოწოდებას: ,,მკერდით დავიცვათ ლენინგრადი“. გამოდის რომ მხოლოდ შიშველი მკერდით? შენი ჩაცმულობის შემხედვარეს შთაბეჭდილება მრჩება რომ, ავტომატებისა და ტანკების წინააღმდეგ, მართლაც, მხოლოდ მკერდით უნდა დადგე და დაიცვა შენი ქალაქი. პირველ რიგში — მთავარია, მკერდით. ამბობდა ორივე, ხან ერთად და ხან ცალ ცალკე.
მე კი ვპასუხობდი რომ, ჯავშანი მომიხსნეს და ,,სახალხოში’’ ჩარიცხვით მაინც მომეცა საშუალება ვიბრძოლო სრულფასოვნად. გამოდის, რიგითად ფეხოსანებში?
— მეკითხებოდნენ ისინი. რა ჯანდაბად გვინდა ასეთი, მოუმზადებელი ბრბო, ეს ხომ სასიკვდილოდ განწირული საზარბაზნე ხორცია და სხვა არაფერი? ძმაო, ომი პირველ რიგში ეს არის, პროფესიონალთა საქმე — ამტკიცებდა ბენო.
მე რა თქმა უნდა შემძრა მათ მიერ ჩემდამი გამოჩენილმა მზრუნველობამ. ისინი ჩემთვის ორივენი ფორტუნის რჩეულები იყვნენ. უნივერსიტეტში ვადიმზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. თვით თეორიული ფიზიკის ერთერთი კორიფე, აკადემიკოსი ფოკი ამყარებდა. ითვლებოდა რომ, ვადიმ პუშკარიოვი დიდი აღმოჩენებისთვისაა ამ ქვეყნად მოვლენილი. ბენიზე კი დიდი მათემატიკოსი, ლურიე, მეცნიერებათა დოქტორი და სამეცნიერო აკადემიის წევრ კორესპონდენტი იმეორებდა თითქმის იგივეს, ოღონდ, როგორც მომავალ დიდ მათემატიკოსზე.
მე ვამაყობდი მათთან მეგობრობით, ჩემზე ხომ, როგორც ერთ, რიგით ინჟინერზე არავინ, არავითარ იმედს არ ამყარებდა. ისინი ჩემთან შედარებით არისტოკრატებად მოსჩანდნენ, მე კი პლებეის თვისებებით ვიყავი აღვსილი, მაგრამ, ალბათ იყო რაღაც, რის გამოც ისინი ჩემთან, ალალი, ნაღდი მეგობრობით მეგობრობდნენ, რაღაცის გამო ვუყვარდი მათ, და მიყვარდა ისინი.
ვადიმმა ამოიღო, როგორც თვითონ თქვა, პირველი იმპერიალისტურის დროინდელი, მისი მამისეული მათარა, რომელშიც, რა თქმა უნდა არაყი ჰქონდა და ჩვენ რიგრიგობით სამივემ შევსვით, ფოტოც გადავიღეთ ამ დღის სამახსოვროდ. ბენის პატარა აპარატით, გამვლელს ვთხოვეთ და მან გადაგვიღო. ობიექტივის მბრწყინავი ჭუჭრუტანიდან, რომელიც ისე გვიყურებდა თითქოს გამოცდას გვიტარებსო, უცებ რაღაცნაირი სიცივე გამოვარდა და შეუცნობი მომავლის სხივებად მოეფინა, მომავლისა რომელზეც ამ სამთაგან არც ერთმა, არაფერი ვუწყოდით. ვადიმი რაღაც წამებში ძალზე სეროზული გახდა, ბენიმ კი, ორივეს ხელი მოგვხვია და თქვა: სულ მალე ,,მოულოდნელობის ფაქტორი“ გაივლის და ჩვენ დავამარცხებთ მტერს, მოვსპობთ გამანადგურებელი დარტყმით, იმდენად, რამდენადაც:
... ტაიგიდან, ბრიტანეთის ზღვამდე,
სულ ყველაზე უმაგრესი არის,
ამიტომაც ეშინია ყველას,
ამ ,,წითელი’’ — უძლეველი ჯარის!
ჩვენ დავცილდით ერთმანეთს იმ იმედით რომ, განშორება ხანმოკლე იქნებოდა. ასე იქნება თუ ისე, ჩვენ მათ გავსრესთ.
ძალიან მალე მოვიდა იმედგაცრუება, ის შემდეგ დაჟინებაში გადაიზარდა, ჟინი სიბრაზე შერეულ რისხვაში, როგორც გერმანელთა ისე საკუთარი ხელმძღვანელი წინამძღოლების მიმართ, მაგრამ მუდმივად, ქვეცნობიერად, მაინც იყო, არ განელებულა ის ნაღვერდალი, იმედი რომ ჰქვია.
ჩვენ საზაფხულო ბაღის მთავარი ხეივნის გავლით მივდიოდით. თითქოს გამოხედვით მოგვაცილებდნენ ძველი საბერძნეთის ღმერთები, რომელთაც ეს ყველაფერი, — ომი, იმპერიის დაცემა, ჭირი, ნგრევა უკვე განვლილი ჰქონდათ კარგა ხნის წინ.
ნოემბერში, კარელიის ფრონტიდან მივიღე წერილი ბენისგან. ის საზენიტო ბატარეის მეთაური იყო. წერილის ბოლოს ეწერა, ეტყობა ორჭოფობდა მოეწერა თუ არა, ,,უნივერსიტეტელმა თანაპოლკელებმა მაცნობეს რომ, ვადიმი დაიღუპა ორანიენბაუმთან ბრძოლებში, დაწვრილებითი ცნობები არ გააჩნიათ’’... ,,მაგრამ მე, ბოლომდე მაინც არ მჯერა „ ამთავრებდა ბენო წერილს. იმ დროისათვის სიკვდილის შესახებ ცნობებს უკვე შეჩვეული ვიყავი მაგრამ, ამ კონკრეტულისა , ბოლომდე, არც მაშინ მჯეროდა, არც შემდეგ და სიმართლე მოგახსენოთ, არც ახლა მჯერა.
უცნაური თვითონ ის ფაქტია, ამ უცნაურობაზე რომ არასდროს არ დავფიქრებულვარ, იმდენად, რამდენადაც, მხოლოდ ჩვეულებრივ დამთხვევად მიმაჩნდა. ჩემი სიყვარულის ჩირაღდანი 1941 წელს აენთო და 22 ივნისს გაღვივდა, იმ დღეს, როდესაც ჩვენ ლუდენდორფში სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტეთ, ტყე-პარკში სეირნობისას მყუდრო, მოფარებული ადგილისკენ გავწიეთ, რათა უცხო თვალს გავრიდებოდით. ჩემი სურვილები, როგორც შემდგომში საკუთარ თავს გამოვუტყდი, ყველაზე ქვენა მისწრაფებებით იყო განპირობებული. იმ, გიჟმაჟი ახალგაზრდობის წლებში, მე არასდროს ვამბობდი უარს, მიმეღო ქალისგან ის, რაც უნდა მოგცეს. ისინი თავად ხმარობენ ამ სიტყვებს, — ,,მინდა მივცემ’’, ,,მინდა, არ მივცემ’’ ან ,,ვისაც მინდა — იმას მივცემ’’. ამ დრომდე მე საქმე მხოლოდ ქალებთან მქონია. ვის და როგორ ჩააბარეს მათ ქალწულობა მე არც ერთი მათგანისთვის არ მიკითხავს და არც მაინტერესებდა. აქ კი სხვა რამ იყო, სულ სხვა რამ. მე ვგრძნობდი რომ ის ქალიშვილია, და ეს მიხვედრა მე ალბათ უფრო მაშინებდა, ვიდრე მიხაროდა. იმ დროს მხნეობის წესები და კანონები ჯერ კიდევ არ ითვლებოდა გადმონაშთად. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს შიშები მე უფრო მაწუხებდნენ, ვიდრე მას.
გაზაფხულის ბუნიაობის, ლურჯ ლურჯი ცით, თბილად სასიამოვნო, მათრობელა სიცხის მოლამუნებით, ახლად აყვავებული იასამნის სურნელით სავსე, და თეთრი ღამეებით ადუღებული სისხლით გაჯერებული დღე იდგა. ჩვენმა ურთიერთობამ ძალიან შორს წაიწია წინ და გადამწყვეტ ზღვარს მიუახლოვდა. გადავაბიჯო თუ უარი ვთქვა? არა, უკან დახევას არც მე ვაპირებდი და არც ის. ის ყველაფერს ხვდებოდა და მე ვგრძნობდი რომ ის ხვდება, რაზეც ჩვენ შემდეგ ძალიან ბევრს ვიცინოდით. ის, კისკისით სწევდა თავს უკან, გადაისროდა შავ ქოჩორს და მიბნედილი ხმით თითქოს წამოიყვირებდა ,,ვაიმე, წყალი!’’. მისი თეთრი, ჩაწიკწიკებული კბილები ამ დროს, მაცთუნებელი მოწოდებით იელვებდნენ და უფრო აღვაგზნებდნენ ორივეს. სასიამოვნო შეგრძნება სიცილ სიცილში მიბიძგებდა მახვილსიტყვაობის და მახვილგონიერი ეშმაკობებისკენ. მე აღვსილი ვიყავი სურვილით, დამეპყრო ის მეტად, და მეტად. ჩვენი რომანი უკვე სამ თვეს ითვლიდა და ის, რაც უკვე იყო, მე მეცოტავებოდა. მისი კავალერების სიაში სოლიდური ბიძებიც ერია. იყო ვიღაც ,,შიშკაც’’, რომელსაც ის რესტორნებშიც დაჰყავდა და რომელიც იქ მას ხიზილალით უმასპინძლდებოდა და როდესაც ჩემი გამოჯავრება მოუნდებოდა, ამით იკვეხნიდა კიდეც. იყო ერთი, ჩვენი ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი თანამშრომელი, რა თქმა უნდა, ტალანტური, სიმპატიური მამაკაცი. ერთხელაც, გამოგონილი საბაბით შევედი ლაბორატორიაში და მართლაც აღმოჩნდა რომ ნორმალური კაცი იყო — ჩემზე მაღალი ტანის, ხუჭუჭა თმებით, კეთილი ღიმილით. რიმა არ ტყუოდა. არა მას საერთოდ არ შეეძლო ტყუილის თქმა და ამით, მე ის განმაიარაღებდა ხოლმე.
ქარხნის ბიბლიოთეკაში ელექტრონის, ამერიკული ჟურნალი ავიღე, მოვკეცე და ლაბადის ჯიბეში ისე ჩავიდე რომ, ლამაზი, ფერადი გარეკანი კარგად გამოჩენილიყო. დაინახოს, რომ არც მე ვარ ხელწამოსაკრავი ვინმე. დუდენდორფში საერთოდ ავიშვი აწ რაღაც თხრილის გადახტომისას ლამის რეკორდი დავამყარე, იქ, ძალზე მაღლა შევწვდი ყვავილს მოვწყვიტე და მივართვი. საიდანღაც მოდის დამატებითი ძალები, ადამიანს ამ წუთებში მასში ჩადებული, თავისი, ბუნებრივი, თავისთავადობა უბრუნდება და იწყებს სერენადების სიმღერას, კოდალები ნისკარტისა და ლამის თავის, ხეზე თავდაუზოგავი კაკუნ-ბრახუნით ასრულებენ სასიყვარულო მოწოდების ჰიმნს, ამით ისინი განა მხოლოდ მდედრს წააქეზებენ, ეს გაზაფხული ავსებს ყოველ სულდგმულს სასიცოცხლო ძალებით, მამრი თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას ცდილობს, ამაღლებს თავისი სტატუსის მნიშვნელობას.
ბუნებასთან ბედნიერი შერწყმაა. ჩვენ ერთი სისხლი ვართ, ჩვენც მზადა ვართ ვიმღეროთ, ბალახზე ვისრიალოთ, ვიჩხუბოთ...
ჩვენს წინ, ტყის არქიტექტორთა მიერ სპეციალურად მოწყობილი, ხეების ყრუ მასივი გადაიშალა. წამოვწექით ბალახზე და დაიწყო ერთმანეთის უბრალო შეხებითაც კი ცამდე ამყვანი, კოცნების, ისევ ურთიერთშეხების გენიალური წუთები. მის ქათქათა კბილებს, უსუფთავეს ამოსუნთქვას მე ბუნების მიერ მხოლოდ ჩემთვის მომზადებულ, უტკბილეს, უგემრიელეს კოქტეილად აღვიქვამდი. თითქოს თვით ამ, დღევანდელ დღეს ვკოცნიდი და ვეფერებოდი, ამ ნორჩ, გამჭვირვალე ფოთლებს.
შემდეგში მე ხშირად მიკითხავს ჩემი თავისთვის: რატომ არა ნაკლებ ლამაზი, სხვა ტუჩები, ასეთივე ახალგაზრდა სხვა სხეულები არ მანიჭებდნენ ასეთივე, ფიზიკურ სიამოვნებას და ასევე არ ვტკბებოდი მათით? ცაცხვი ჩვენს თავზე, თავის ბადეში ახვევდა მზეს, დღე გვპირდებოდა რომ, ცხელი და ბედნიერებით აღსავსე იქნებოდა. უცებ, ყოველი მხრიდან გაისმა მკვეთრი, უხეში ხმები, რომლებიც სწრაფად გვიახლოვდებოდნენ.
მე წამოვდექი და ჯარისკაცების, პილოტურებში გამოწყობილი თავები დავინახე. ისინი რიდში გამწკრივებულები გვიახლოვდებოდნენ, თან მიწას ჩიჩქნიდნენ და ამ ადგილებზე რაღაც ნიშნებს არჭობდნენ. ჩვენ უმცროსი ლეიტენანტი მოგვიახლოვდა და გვითხრა:
— სწრაფად დასტოვეთ აქაურობა, ახლა აქ ყოფნა არ შეიძლება.
— რატომ, რა მოხდა? — ვკითხე მე.
— ომია, ომი დაიწყო. — სწრაფად მომიგდო მან და სადღაც გაიქცა.
ჩვენ გასაგდებად უფრო სულელური მიზეზის გამოგონება ვერც კი წარმომედგინა. თვითონ დღესაც არ სჯეროდა ამ სიგიჟის და ჩიტების ჟღურტულის ფონზე, ნებივრად აგრძელებდა თავის განვითარებას.
ჩვენ ხარხარით მივდიოდით, გავრბოდით და მე რიმა უფრო მაცდურად მეჩვენებოდა.
უკან საღამო ხანს ვბრუნდებოდით. მატარებელი გადაჭედილი იყო. ჩვენ ტამბურში ვიდექით იმით გახარებულები რომ, უადგილობის გამო იძულებით ვეხუტებოდით ერთმანეთს. ირგვლივ ყველა ომზე და დაბომბვებზე ლაპარაკობდა. ომი ვისთან — გერმანელებთან? მე, ეს არ მჯეროდა, მიკვირდა მაგრამ, მესმოდა რომ სიმართლეა. რას ნიშნავდა ეს სიმართლე მე სრულად წარმოდგენილი არ მქონდა მაგრამ, საყოველთაო დაზაფრულობის ტალღამ ჩვენს შეგნებასაც გადაუარა და დაფარა იგი.
უცნობია როგორ განვითარდებოდა ჩვენი რომანი, იქნებ სხვა, ადრინდელებივით ისიც მიინავლებოდა, ახალგაზრდა ასაკი ხომ ახალ-ახალ სასიყვარულო თავგადასავლებს ესწრაფვის. სადგურიდან მე, პირდაპირ ქარხანაში გავწიე. უნდა აღმექვა, დავრწმუნებულიყავი იმის არა რეალურობაში, რაზეც ყველა ლაპარაკობდა.
ქარხანაში უკვე დაეწყოთ სახალხო ლაშქარში ჩაწერა. პარტიისა და კომკავშირის კომიტეტების კარებთან რიგები იდგა. მეც გადავწყვიტე ჩავწერილიყავი, აბა ომი უჩემოდ როგორ შეიძლებოდა ?
ძნელი წარმოსადგენია რა უფრო სჭარბობდა აქ, — მედიდურობა, პატრიოტიზმი თუ ავანტიურისტული აზრები. მე ხომ ომის სერიოზულად აღქმა და წარმოდგენა ჯერ არ შემეძლო. ბედნიერი შემთხვევაა გერმანიაში გასასეირნებლად და ფაშისტებისთვის ჭკუის სასწავლებლად. ჩემი ავანტიურულობა კი, ადრეც უცნაურ ფორმებში ვლინდებოდა. აი ერთხელ, როდესაც ცნობილი მწერლის, იური ოლეშკოს რომანი ,,შური’’ სულ ახალი წაკითხული მქონდა, გავიგე რომ ის ლენინგრადში იყო ჩამოსული, პირდაპირ სასტუმრო ,,ევროპის’’ ნომერში მივადექი ჩემი ბრძნული მოსაზრებების გამოსათქმელად. დავიყოლიე ძმაკაცი კოსტია და აი, ეს ორი, ახლადგამოჩეკილი სტუდენტი იური კარლოვიჩის ნომრის კარზე ვაკაკუნებთ. არა ყვავილები, არა ტორტი, წესიერად მოსვლის მიზეზზეც კი არ გვიზრუნია. ოლეშკო მეუღლესთან ერთად იჯდა ნომერში და ისინი მშვიდად, ჩაის, ან იქნებ ღვინოსაც კი მიირთმევდნენ. შემოსასვლელიდანვე, მგზნებარედ მოვახსენე ჩემი მოსაზრება რომანზე, მოხსენების ტექსტი კიბეებზე ამოსვლისას მოვიფიქრე. მწერალმა მომისმინა, იდგა მშვიდად. დაელოდა მოვლენების განვითარებას, ალბათ აინტერესებდა როგორ ვაპირებთ ამ, დაბლანდული სიტუაციიდან, და შესაბამისად შექმნილი პაუზიდან გამოძრომას. ეს მისმა მეუღლემ გააკეთა, ხმის აწევით შესთავაზა ქმარს, შემოეწვია ,,ბიჭუნები’’ ნომერში. ბუნდოვნად მახსენდება: მასპინძელი რაღაცას გვიყვებოდა ფილმზე, რომელიც მისი სცენარით უნდა გადაიღონ, დიდი ინტერესის გარეშე გვკითხა სად ვსწავლობდით. ისეთი არაფერი უთქვამს, მე რომ შემდეგ ციტირება შემძლებოდა. ასე რომ, ეს სტუმრობა შეიძლება აბსოლუტურ უნიჭობად ჩავთვალოთ. მაგრამ არა, მე ხომ ის ცოცხლად ვნახე, ველაპარაკე და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო რომ, მე მის წიგნებს მუდამ დიდი სინაზითა და რაღაც სხვანაირი პატივისცემით ვკითხულობდი. ის იყო ერთი, ტანდაბალი კაცი მაგრამ, როგორ ეპყრობოდა ფრაზას, როგორ კითხულობდა სხვათა წიგნებს. ლაშქარში არ მწერდნენ რადგან, მე ვმუშაობდი ინჟინრად, ტანკების მთავარი კონსტრუქტორის ჟ. ი. კოტინის საკონსტრუქტორო ბიუროში. ვიჩივლე პარტკომში, დირექციაში, კომკავშირის კომიტეტში. საჩივლელად ბევრი ინსტანცია არსებობდა. ერთი კვირის შემდეგ მოვახერხე და ეს წყეული ,,ჯავშანი’’ მოვიხსენი. მე ჩამრიცხეს სახალხო ლაშქრის პირველ დივიზიაში, ,,ს. ლ. — 1დ’’. მე ბედნიერი ვიყავი. რატომ? — ერთის მხრივ უნდ შევეჩერებინე სიყვარულს, რომელიც განვითარების ყველაზე დიდებულ ფაზაში იყო, მეორეს მხრივ კი, ტანკზე მუშაობის, მართლაც საინტერესო პროცესს უნდა დაეკმაყოფილებინა ნებისმიერი, ადამიანური პატრიოტული მისწრაფება.
ომის მესამე თვეს უკვე ძნელად მესმოდა ჩემი გადაწყვეტილებისა და მიკვირდა რატომ ვწვალობდი ამდენს რომ ის სისრულეში მომეყვანა.
თუმცა, თუ კარგად ჩავუფიქრდები, არმიაში, ჩემი ბიჭები, თითქმის ყველანი წავიდნენ — ვადიმი, ბენო, ილია, ლიონია. სხვათა შორის, წავიდნენ მობილიზაციით. კოსტიას ჩემსავით ჯავშანი ჰქონდა და ორივე ხელით ებღაუჭებოდა მას.
— სამშობლოს მკერდით დაცვას მე არ ვაპირებ, — ამბობდა ის.
— ჰო მაგრამ ეს ხომ უბრალოდ გამოთქმაა ასეთი და არ უნდა გესმოდეს პირდაპირი მნიშვნელობით.
— შაშხანა მოგცეს? არა, ჰოდა რით უნდა იბრძოლო ?
ჩემი შეჩერება არაფერს შეეძლო, და აი, წარვუდექი რიმას, გალიფეში, ნახმარ გიმნასტიურაში, უხეში სახვევით ფეხგადახვეული და მაღალ ყელიან ასევე უხეშ ფეხსაცმელებში გამოწყობილი. უღიმღამოდ გამოვიყურებოდი მაგრამ, საკუთარ თავს კავალერგარდის გუსარად აღვიქვამდი. ეჰ, ქამარში პისტოლეტიც რომ მქონოდა გარჭობილი, მაგრამ აირწინაღიღა მომცეს და წასვლის წინ, საწვავი სითხით სავსე ბოთლი.
ჩემთვის მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, თუ რატომ, რა ნიშნით მარჩია მე. დამწყები ინჟინერი, ღარიბი ოჯახიდან, მამა გაციმბირებული, თანამდებობა არ მიჭირავს, რაიმე ინსტრუმენტზე არ ვუკრავ, სპორტსმენი არა ვარ, გარეგნულად ისე რა...
— ნეტავ რაშია საიდუმლო? სიყვარულის საიდუმლოებების ამოცნობის მარადიული მცდელობა. ის რომ, იგი ქალიშვილი აღმოჩნდა, თუ არ იყო სიყვარულის დამამტკიცებელი უტყუარი ფაქტი, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ბევრს ნიშნავდა. თვითონ ქალწულობა, მამაკაცებშიც იწვევს შეუდარებელი სიწმინდის შეგრძნებას, ყოველ შემთხვევაში, ის ღამე სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში. ჩვენ ჭრიალა საწოლიდან იატაკზე გადავწექით, გვერდზე ოთახში დედაჩემსა და ჩემს დას ეძინათ. წყეული სმენადობა გვბოჭავდა, არ გვაძლევდა საშუალებას სრულფასოვნად მივცემოდით ამ, თითქმის ცხოველურ ინსტიქტამდე დასულ, თუ ამაღლებულ, სასწაულ წამებს. მაგრამ, სულ ერთია, ეს თავშეკავებაც განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო, ეს, საგანგაშო პროჟექტორების სხივებით დაფლეთილი, ღამეული ცაც, და ღიად დარჩენილი ფანჯრიდან მომქროლავი ნიავიც. ჭეშმარიტი სიყვარულის დასაწყისი, გრძნობებით დატვირთული სიცოცხლის ტოტი თითქოს ვარსკვლავებისკენ მიისწრაფვოდა, უსასრულობისკენ, გვეჩვენებოდა რომ, ეს მუდამ ასე იქნება. ფრონტზე წასვლის წინა ბოლო ქალაქური კვირები, დივიზიის ფორმირება, ვარჯიშები შერემეტიევოს პარკში, სპეც ბარათები პროდუქტზე, — ეს ყველაფერი თითქოს ხდებოდა და არც ხდებოდა, იმდენად, რამდენადაც, თითქმის მთელი ჩვენი სამყარო სიყვარულის განვითარების აღმავალი ხაზით იყო შევსებული.
გამოუცდელობა იყო ყველაფერში, ომში, სიყვარულში, იმ ბარათებშიც კი. არავინ იმარაგებდა პროდუქტს, არავინ ემზადებოდა ევაკუაციისთვის და არც კი ფიქრობდა მასზე.
და მაინც, ჩვენ მთლად ჰაერში არ დავფრინავდით, წავედით მმაჩის ბიუროში. წინადადება ჩემგან მოდიოდა, არა, არა, ეს არ იყო გულისა და ხელის შეთავაზება, ეს უფრო საქმიანი გადაწყვეტილება იყო. საქმე იმაშია რომ, ეს გახლდათ 1941 წლის ოქტომბერი, გერმანელები უკვე პუშკინოს მოადგნენ და მე მესმოდა რომ, მათი საბოლოო დამარცხება არც ისე იოლი იქნებოდა, როგორც წარმოგვედგინა. თვითონ, კარგად მქონდა გააზრებული რომ, ამ ქორწინებას დიდი მომავალი არ უწერია, ისევე როგორც თავად მე, რადგან ფეხოსანთა რიგით მებრძოლს ამ ომში, ფრონტზე მყოფს, გადარჩენის მიზერული შანსი აქვს. საშუალოდ ისინი წინა ხაზზე ოთხი დღიდან ერთ კვირამდეღა თუ ცოცხლობენ. ჰო და დაე, დარჩეს რიმას რაღაც მოგონება ჯარისკაცისადმი თავის ნორჩ, პირველ, ნამდვილ სიყვარულზე, ზოგჯერ ამოიოხრებს, გაიხსენებს... და ამის მსგავსი ტკბილ ნარევი ლირიკა გახლდათ ამ ნაბიჯის გადადგმის მთავარი მიზეზი.
ჩაიკოვსკიზე მმაჩი დაკეტილი დაგვხვდა, ჩავედით თავშესაფარში. ბიურო ვლადიმირსკიზე ბომბებისგან დაზიანებული დაგვხვდა, წავედით იმ მოედანზე აჯანყებისა რომ ჰქვია. ჩვენ მზად ვიყავით მმაჩიდან მმაჩამდე გვევლო, დავლოდებოდით, გაგვევლო რეგისტრაცია ორჯერ, სამჯერ, ვმსხდარიყავით კიბის საფეხურებზე... ბოლოს და ბოლოს მივაღწიეთ მიზანს, მას პასპორტში ჩაურტყეს შესაბამისი ბეჭედი, ჩემს სამხედრო ბილეთში შტამპის დასმა არ შეიძლებოდა.
ქალაქი ყვავილების გარეშე არსებობდა. ნევის პროსპექტზე, კაფე ,,ნორდში’’ საკმაოდ დიდი თანხის ფასად მოგვცეს ნამცხვარი, ყავა და თითო ფუჟერი ღვინო. ოფიციანტმა გოგონამ, როდესაც გაიგო რომ ქორწილს აღვნიშნავდით, საჩუქრად თითო ეკლერი მოგვართვა. მაგიდის სიცარიელეს რიმას თვალები, ბედნიერი იერი და ღიმილი ავსებდა. მისი დანახვაც კი გარწმუნებდა იმ აზრის სისწორეში რომ, ქორწინების აქტი ქალისთვის, დიახ, დიახ, განსაკუთრებით ქალისთვის, ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ვხუმრობდი, ვტკბებოდი მისი ცქერით და მკაცრად მოვითხოვდი რომ, რაც შეიძლება მალე აეთვისებინა ბლინების და ფუნთუშების ცხობის ხელოვნება.
არავითარ სამომავლო გეგმებს არ ვსახავდით, ხვალიდან მე ფრონტზე ვბრუნდებოდი, ის კი ქარხანაში. თბილი დღე იდგა, საზაფხულო, ლურჯი კაბა, ღრმად ამოჭრილი მკერდით, მის მკერდს კი უხდებოდა პატარა, ოქროს მედალიონი. ჰო, კიდევ, იყო ძალიან ლამაზი მუქი-ცისფერი ყელსახვევი, რომელიც მას ძალიან უხდებოდა. უეცრად მომაფიქრდა რომ, მამისა და დედის გარდა, ის იქნება ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეინარჩუნებს ჩემზე, თუნდაც რაიმე ხსოვნას, მისი მეშვეობით გარკვეული დროის განმავლობაში ცოტა ხნით მაინც შევრჩები ამ სამყაროს. ის მე დამელოდება, მე კი შემეძლება მასზე ვიფიქრო და მომენატროს იგი იქ, ფრონტის წინა ხაზზე.