თხები და შექსპირი
ახლაც მახსოვს ის დრო, როცა ჩეგემში ქათმებს საქათმეები არ ჰქონდათ და ღამეს ხეზე ათენებდნენ. ხეს, როგორც წესი, მთავარი მამალი, რომელიც მანამ იჯდა ასაფრენ ტოტზე, სანამ დანარჩენი ქათმებიც თავის ადგილს არ დაიკავებდნენ, ერთი გვარის ქათმები ერთ ხეზე იკავებდნენ ადგილს, სხვანი სხვაზე.
ამას იმის აღსანიშნად ვამბობ, რომ ჩეგემის ქათმები თითქოს ტოტებიდან ვარდებოდნენ და ჩეგემელ ქალებს ზეწრები ჰქონდათ გაფენილი ხეების ქვეშ, რათა კვერცხები დაეჭირათ, ჩეგემის მტრების მოგონილი იყო, რაც არაერთხელ მითქვამს.
არა, ბუდეები უკვე მოფიქრებული იყო, თუმცა ქათმები სახლთან ახლოს ბუჩქებში დებდნენ კვერცხებს, რადგან იცოდნენ, რომ ადამიანები მათ კვერცხებს აგროვებდნენ, როგორც სოკოებს არა მათი მოდგმის გასამრავლებლად, არამედ თავიანთი მოდგმის გასაგრძელებლად. ისე კი, აქ საერთოდ არ აგროვებდნენ სოკოს, ან სოკო რატომ უნდა მოეგროვებინათ, როცა კვერცხების მოგროვება შეიძლებოდა. სოკოსადმი სიყვარული-მრავალი ხალხის ქრონიკული შიმშილის შედეგია.
თორმეტი წლის ასაკში ჩეგემში თხებს ვმწყემსავდი და შექსპირს ვკითხულობდი. დასაწყისისთვის ეს კარგი იყო. რეალობას ორი მხრიდან ვუყურებდი. თხებთან შემთხვევით არ გამამწესეს ჩემმა ნათესავებმა, უფრო იმის შიშით, რომ პარაზიტობა თავიდან ამეცილებინა.
შემთხვევით, ჩემი ბიძაშვილი გოგოს სახლში, რომელიც ქალაქში სწავლობდა, შექსპირის უზარმაზარი ტომი ვიპოვე. მთელი ზაფხული მას ვკითხულობდი. ზაფხულიც ისევე უზარმაზარი იყო, როგორც შექსპირის ეს ტომი.
„წიგნი გადასწონის, — დამცინავად ამბობდნენ ჩეგემელები, როცა ამ ტომით მხედავდნენ.
ეს იმის გამო არ იყო, რომ ისინი ზოგადად წიგნის წინააღმდეგი იყვნენ, უბრალდ აღნიშნავდნენ, რომ წიგნის წონა მორგებული უნდა ყოფილიყო საკუთარ წონაზე. ისინი მიჩვეულები იყვნენ ცხოველებთან ურთიერთობას და კარგად იცოდნენ ნებისმიერი დისბალანსი.
— სანამ საძოვარზე ჩახვალ, — მაჩერებდა და კეთილგანწყობილი რჩევას მაძლევდა ზოგიერთი, — შეგიძლია წიგნი თოკით ზურგზე მიიმაგრო. ის უკან გადაგხრის და ციცაბო გზაზე ცხვირს აღარ წაიტეხავ. წიგნს კი არაფერი მოუვა, არ გვეშინია. მას ისეთი კანი აქვს, გაუძლებს და ჩვენც აღარ შევრცხვებით, თორემ იტყვიან ბავშვს ვერ მიხედესო!
— ვინ იტყვის? — გამოუცდელობით ვიკითხე, რაც ჩეგემელთა თვალსაზრისით უტაკტობა იყო, რომელსაც როტოზეისტს ვერ დააბრალებდი.
— ნუ იტყვი, რომ არ იცნობ ჩეგემის მტრებს! — არც ისე პატარა ხარ! — მსაყვედურობდნენ.
ხანდახან წიგნების მოულოდნელი მოყვარულებიც იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, შექსპირის ტომს შეეხო და გამაფრთხილა:
— დავინახე, დავინახე, რომ ხეებზე ძვრებოდი და წიგნს უყურადღებოდ ტოვებდი. არ არის კარგი. თხები მას არ ღეჭავენ, თუმცა შეუძლიათ მისი გაფუჭება. კამეჩი კი დაღრღნის.
ჩემმა მაშინდელმა სიგამხდრემ და პატარა აღნაგობამ, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო ჩეგემელთა შფოთვას, რომ წიგნი ერთ მშვენიერ დღეს მთლად გადამწონიდა და გზიდან გადამაგდებდა. მაგრამ მე ამას საერთოდ არ ვწუწუნებდი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მწერლის მომავალზე არ ვოცნებობდი, რატომღაც ვიცოდი, რომ ყველა მათგანი ოდესმე გამომადგებოდა.
თუმცა, უკვე მაშინაც ღრმად ვფიქრობდი სიტყვების წარმოშობაზე. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე სიტყვის — კომშის („აი-ვას“) წარმომავლობა (მძულს ბრჭყალები!).
ძველად ჩვენს უღრან ტყეში დადიოდა რუსი ქალი და კავკასიელი კაცი. უეცრად მათ დაინახეს უცნობი ხე, რომელიც მორთული იყო უცნაური ხილით.
— აი! — წამოიძახა რუსმა ქალმა.
— ვაჰ! — გაუკვირდა კავკასიელს.
ასე მიიღო უცნობმა ნაყოფმა სახელი — („აი-ვა“)კომში. რამ მოიყვანა რუსი ქალი ჩვენს უღრან ტყეებში, ჭამდნენ თუ არა მაშინ კომშს ბიბლიური გაგებით, არ მაინტერესებდა.
მე ვკითხულობდი შექსპირს. სერ ჯონ ფალსტაფ ბარონეტი და მეფის მასხარები დიდი ხნის და სამუდამო ჩემი საყვარელი პერსონაჟები გახდნენ. ერთმა ხუმარამ უთხრა კარისკაცს, რომელმაც ის მონეტით დააჯილდოვა:
— ბატონო, ორგულოვნება არ იქნება, თუ თქვენს დიდსულოვნებას გააორმაგებთ!
ეს ფრაზა მეჩვენებოდა ადამიანის გონების ხელმისაწვდომ ზღვარად. მხოლოდ ერთი რამ მაწუხებდა: მიაღწევდა თუ არა ეს ხუმრობა ქალაქში ჩემს სკოლელ ამხანაგებამდე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მე უკვე ვიცოდი, რომ ახსნა-განმარტებები ამცირებენ იუმორის ხარისხს.
მე ვიცინოდი ხუმრობებზე და მეცინებოდა თხების ეშმაკობაზე. როცა საძოვარზე შექსპირის ტომით ხელში ბუჩქის მჯდომს დამინახავდნენ, დროდადრო თვალებს შემავლებდნენ, რამდენად ღრმად ვიყავი ჩაფლული კითხვაში, რომ ახლომახლო სიმინდის მინდორზე გადაპარულიყვნენ, რადგან ღობე მინდორს არ ჰქონდა.
ეტყობა ხანდახან ძალიან ხმამაღლა ვკითხულობდი ფალსტაფის ყველაზე სასაცილო მონოლოგებს და ჩემი ხმის ძალით ვცდილობდი ამ სიამოვნებით ისინიც დამეინფიცირებინა.
საძოვარი იყო გორაკის ქვეშ, რომლის თავზეც თამბაქოს ბეღელი იყო და სადაც ქალები თამბაქოს თელავდნენ. ჩემმა ხმამ მათთანაც მიაღწია.
— ვა, — გამოხტებოდა ერთ-ერთი მათგანი, — როგორც ჩანს, ის ყვირის, ვინც წიგნის წონაც არაა!
ხანდახან ყველაზე ცნობისმოყვარე ვერ ითმენდა, არ ეზარებოდა ფარდულიდან გამოსვლა და მიყვიროდა:
— ეი, შენ ვის ელაპარაკები და იცინი?!
— თხებს! — ვუყვიროდი მეც, რომ გამეხარებია ისინი, რადგან არაფერი შთააგონებს ადამიანებს ისე, როგორც უვნებელი ჭკუასუსტობის გამოვლინება. როგორც მოგვიანებით მითხრეს, ჩემს პასუხს ქალები ხანგრძლივ და გემრიელ საუბრებამდე მიჰყავდა ჩემი გიჟი ბიძის უცნაურობებზე.
ჩეგემელ ქალთა ყველაზე დახვეწილი დელიკატურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ, როცა გულდასმით აანალიზებდნენ ჩემი გიჟი ბიძის უცნაურობებს, ისინი არასოდეს გადადიოდნენ ჩემზე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ აღწერილობებში ხანდახან შეუფერებელი, შეუსაბამო ენთუზიაზმიც გამოსჭვიოდა, რასაც ბიძაჩემის უცნაურობებს თან სდევდა დაბადებიდან სიბერემდე.
ნათქვამი ისე არ უნდა გავიგოთ, რომ წყნარი, განათლებული სიბერე დადგა ბიძაჩემის ცხოვრებაში. ასე არ არის. თუმცა, სიზუსტე ზედმეტად მაწუხებს, თითქოს ბიძაჩემისგან თავის დაღწევას ვცდილობ და მას დედამიწის მეორე მხრიდან ვუახლოვდები.
ასე რომ, წავუკითხე ფალსტაფის მონოლოგები ჩემს თხებს. ბევრი თხა თავს სწევდა და მისმენდა. ხანდახან, როგორც მეჩვენებოდა, ყველაზე სასაცილო ადგილებში ხითქითებდნენ კიდეც, თუმცა მთლად გამორიცხული არც ისაა, რომ საკუთარი თხის საჭიროებების გამო ხითხითებდნენ. როგორც ხედავთ, მე ვაგრძელებ იმის ზუსტადაღწერას, რაც ხდება.
რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ხშირად, მე ვივიწყებდი ყველაფერს, რაც სამყაროში ხდებოდა და ვეფლობოდი კითხვის პროცესში, რაც თხებს საშუალებას აძლევდა გადამძვრალიყვნენ მინდორში და სიმინდი ფოთლებსა და მწვანე ლობიოს ღეროებთან ერთად შეეჭამათ. ჩეგემში ლობიოს ხშირად რგავენ სიმინდის მახლობლად და მის ყუნწზე ახვევენ. ჩეგემში იმდენი ლობიო დათესეს, რომ საკმარისი პალოები ვერ მოიპოვეს.
როცა გამოვფხიზლდი, ნახირთან გავიქეცი და მუქარით ვყვიროდი ჯადოსნურ სიტყვას მათ შესაჩერებლად.
— ი-იო! ი-იო! ვყვირი, რაც თხის ენაზე ნიშნავს: მოშორდი! უკან!
ყოველ ჯერზე, როცა ჩემი ხმა ესმოდათ, თხები არათუ არ წყვეტდნენ ჭამას, არამედ, ბოლო წუთებით სარგებლობდნენ და სიმინდის ყუნწებს უფრო გამალებით გლეჯდნენ და ღეჭავდნენ. გამოხატული იყო ცნობიერების პირველი მცნება — როცა საჭმელისგან გდევნიან, უფრო სწრაფად ჭამე!
ზოგიერთ მათგანს კბილებით ჯერ კიდევ ბოლომდე შეუჭმელი სიმინდის ღეროები ეჭირათ, ფოთლებს აშარიშურებდნენ, ბევრი მინდორში მიმოყარეს და ასე მშვიდად დაასრულეს ჭამა, თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ ტერიტორიას ეხებოდა. სხვები, ლობიოს წნელებში ჩახლართულნი, დახტუნაობდნენ და ზიზღით ჭამდნენ, თითქოს ამ ლობიოსგან თავის დაღწევის მიზნით.
ბრიგადირმა სადღაც შორეულ მინდორში, როცა გაიგო ჩემი ხმა და მიხვდა რა ხდებოდა, ხმამაღალი ლანძღვა დაიწყო და ზედ წყევლაც მოაყოლა, რაც ყველაზე მეტად მაცოფებდა.
— ისევ ბალახი?! — ჭექდა ის., — ის, რომ საბოლოოდ შენი წიგნის ქვეშ ამოგძვრეს სული! რომ შენი ყველაზე ხარბი თხა შენი წიგნის ცეცხლზე შევწვა და, მამაჩემის ფერფლს ვფიცავ, ამ თხას ეს ცეცხლიც ეყოფა! რომ შენი წიგნიდან ცეცხლზე შემწვარი თხა ვჭამო და შენი წიგნის დამწვარი ფერფლიდან პაპიროსს მოვუკიდო! მოვასწრებ, მამაჩემის ფერფლს ვფიცავ, მოვასწრებ!
ის მართლა მოასწრებს, გავიფიქრე, თხები სასწრაფოდ გამოვდევნე და ისევ შექსპირის ტომს მივუბრუნდი, არც ვიაზრებდი რა საფრთხე გველოდა წინ.
სამი ცხვარი თხებთან ერთად ძოვდა. ერთი წამითაც არ აუწევიათ თავები მაღლა, თითქოს საშინელი ფიცი დაედოთ: არც ერთი ბალახი არ ჩავიდოთ პირში, სანამ მას არ დავსუნავთო! როცა ისინი თავის აუწევლად ძოვდნენ, ზოგჯერ თხებს ეჯახებოდნენ, თხები კი რქების აქნევით იგერიებდნენ მათ. თუმცა თხები მათ რქებით მაშინაც იშორებდნენ თავიდან, როცა ცხვრები არ ეჯახებოდნენ.
თხებს საერთოდაც ეზიზღებოდათ ცხვრები. მათ არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ ცხვრების აბუჩად აგდებისა, მაგრამ იყო ერთი მიზეზი: ცხვრებს არ შეეძლოთ და არ ცდილობდნენ სიმინდის მინდვრის გალავნის გადალახვას. თხები კი ამას არ პატიობდნენ.
თხები, ცხვრებისგან განსხვავებით, თავაწეულნი ძოვდნენ, რათა დაეთვალიერებიათ ნახირი და ტერიტორია შეეფასებიათ. ამისათვის მათ არც ახლომდებარე კლდეზე ასვლა ეზარებოდათ და იქიდან ღეჭვით შემოგარენის დათვალიერება.
როგორც ჩანს, მათ სტრატეგიული აზროვნება ახასიათებდათ. თუმცა მათი სტრატეგიული აზროვნება შერწყმული იყო პრაქტიკულთან. თუ მაღლიდან დაინახვდნენ თხას, რომელიც წარმატებით ჭამდა თხილის ბუჩქს და შთანთქავდა მის წვნიან ფოთლებს, მიატოვებდნენ კლდეს და სწრაფი ნაბიჯებით უერთებოდნენ მას. ისინი ასე ერთად უფრო მყარად იდგნენ.
მაგრამ თუ რომელიმე თხა, რომელიც მაყვლის ბუჩქის ჭამაში გაერთობოდა და ხევში გაიჭედებოდა, საიდანაც ნახირი უკვე ამოსულიყო, იწყებდა პანიკას, ღრიალებდა, სხვადასხვა მიმართულებით დარბოდა და შველას ითხოვდა. როგორც ჩანს, ბალახისმჭამელებს არ აქვთ სათანადო ყნოსვა, რომ დაკარგული მოძმის კვალს მიჰყვნენ.
საინტერესოა, რომ თხები მას ჩვეულებრივ არ პასუხობდნენ. ეტყობა, სჯიდნენ: უნდა იცოდე, როგორ უნდა ფარას ჩამოშორებაო. თუმცა, მას შემდეგ რაც უკვე სათანადოდ გაწვალდებოდა, რომელიმე მათგანი მაინც გამოეპასუხებოდა.
ამავდროულად, ნახირიდან რომელიმე თხის კისერზე ზარის ხმა აშკარად ისმოდა, მაგრამ ხევში ჩავარდნილი თხა, ვერ რისკავდა ამ ხმას აყოლოდა, რადგან არ ჰქონდა საკმარისი სმენა და არ ენდობოდა ამ ხმას, რადგან სხვადასხვა ზომის ზარები ეკიდათ კისერზე სხვა ცხოველებსაც — ძროხებს, კამეჩებს, ვირებს.
უპასუხოდ დაკარგული თხა უფრო და უფრო ნერვიულობდა, ალბათ სჯეროდა, რომ ნახირი სწორედ ახლა გამოვიდა მდელოში და არ პასუხობდა, მაგრამ თუ იმ დროს სხვა თხაც იყო დაკარგული, ის მაშინვე ეხმაურებოდა თავისნაირ ბედში ჩავარდნილს.
თითოეულ მათგანს სჯეროდა, რომ მათ ნახირიდან პასუხობდნენ და ბღავილით ეძებდნენ შეხვედრის ადგილს, რაც ჩემთვის უფრო დამაბნეველიც იყო.
ასეთ შემთხვევებში საკმარისი ძალა არ მყოფნიდა, რომ თხა ნახირისკენ წამომეყვანა. ყოველგვარი ეკლების, ნებისმიერი ჭურჭლის ან სხვა დაკარგული თხის ხმაზე დარბოდნენ და ერთმანეთისკენ ისწრაფოდნენ.
თხების ხმაში სამყაროს იმხელა ობლობა იგრძნობოდა, რომ შეხვედრის შემდეგ ისინი ალბათ ვეღარ დაშორდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ აი საოცრება — გაუგონარი ხეტიალის შემდეგ შეხვდებოდნენ, შვებას იგრძნობდნენ და ერთმანეთს აღარც კი უყურებდნენ.
ის, ვინც მთელი ძალით ვეცადე ნახირისკენ მომებრუნებია და ვინც, ბურღულში და ეკლებში გახლართული თხის ხმაზე მოდიოდა, თითქოს არაფერი და ამას ეძებდაო, მშვიდად იწყებდა სარსაპარილას ბუჩქის წიწკნას.
ძოვდნენ, ერთმანეთს ყურადღებას არ აქცევდნენ. თითოეულ მათგანს სჯეროდა, რომ მთელი ნახირი მეორე თხის უკან იყო. ახლა უკვე ორივეს ერთად გადაყვანა ადვილი იყო. თხები ვერ იტანენ მარტოობას, მაგრამ უპირატესობას ანიჭებენ ნახირს, რომელსაც მოჭარბებული გულგრილობა ახასიათებს.
...მთელი დღე მწვანედ აყვავებულ ბალახზე ვიწექი. ზემოდან, უხილავი ლარნაკები მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ ცა არის მუსიკის მთავარი წყარო.
ხუჭუჭა ცხვრები ძოვდნენ დახვეულ სამყურას, რის გამოც, ალბათ, დარვინის კანონების მიხედვით უფრო ხვეულები გახდნენ.
ფუტკრებიც მყვინთავების სიმტკიცით ჩაცვივდნენ ყვავილებში.
რაღაც ჩემთვის უცნობი დიდი მწერი ყვავილს მიაშტერდა, მაგრამ არ დაეშვა მასზე. ყოველ ჯერზე, როცა ის ჰაერში ზუზუნებდა ყვავილის თავზე, მოთმინებით ველოდი როდის დაეშვებოდა მასზე, რათა მენახა, მაგრამ ის ზუზუნებდა, ერთი წუთით ტრიალებდა ჰაერში ყვავილის თავზე, აშკარად რწმუნდებოდა, რომ ეს ყვავილი არ შეიცავდა მისთვის საჭირო ნექტარს და გადადიოდა სხვა ყვავილთან. ისევ ისე ზუზუნებდა და აქაც დარწმუნებული მის საჭიროებაში, მესამეზე ინაცვლებდა.
მე არასოდეს არ მინახავს არც ერთ ყვავილზე მჯდარი. მისმა სიფაქიზემ გამაკვირვა და თანაგრძნობა გამოიწვია. გარდა ამისა, ეს იყო მუდმივი, შემაწუხებელი ზუზუნი. როგორ იკვებებოდა ასეთი კაპრიზული? საბოლოოდ რომელ ყვავილს აირჩევდა?
ერთხელ, შუადღისას, ის ისევ ჩემს მახლობლად სხვა ყვავილის თავზე დაფრინავდა საზიზღარი ზუზუნით და უეცრად, მზის ჩასვლის დახრილ სხივებში გაიბრწყინა გრძელმა, უწვრილესი ნემსის მსგავსმა რაღაცამ, რომელიც მან ყვავილს ზედ გულში დაასო ისე, რომ არც დამჯდარა. მე დავიძაბე შორეული ღალატის წინასწარმეტყველებით, თუმცა საკმარისად მომზადებული ვიყავი ამისთვის შექსპირის ზოგიერთი პირქუში გმირის მიერ.
...საბიდას აუზამდე საძოვრების გასწვრივ ყვაოდა ველური ხილი — ალუბლის ქლიავი, ქლიავი, ვაშლის ხეები, მსხალი, ლეღვი, კაკალი.
მომწიფებისას და ხშირად მომწიფებამდეც ვჭამდი ხილს და ჭამისას გავაკეთე ბოტანიკური აღმოჩენა, რომლის შესახებაც რატომღაც დამავიწყდა მსოფლიოს ინფორმირება. მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
მე შევნიშნე ეს კანონზომიერება: რაც უფრო ნაკლებად გემრიელი და ნოყიერია ხილი, მით უფრო ნაყოფიერია ხე.
ყველაზე ნაყოფიერი იყო ალუბლის ქლიავი. მას უფრო მეტი ნაყოფი ჰქონდა ვიდრე ფოთლები. მაგრამ ნაყოფი არ იყო ძალიან გემრიელი, იყო წყლიანი და მჟავე.
ქლიავი გაცილებით გემრიელია, მაგრამ მასზე გაცილებით ნაკლები ხილია.
ველური მსხალი და ვაშლი უფრო გემრიელია, ვიდრე ქლიავი, მაგრამ მათ აქვთ ნაკლები ხილი ვიდრე ქლიავს, რა თქმა უნდა, ხის საკმაოდ დიდი ზომის გათვალისწინებით.
ლეღვი ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე ვაშლი და მსხალი, მაგრამ ასევე ნაკლებად ნაყოფიერი.
და ბოლოს, უგემრიელესი და ნოყიერი ნიგოზია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ხის უზარმაზარ სიდიდეს და ერთეულ ფართობზე ნაყოფის რაოდენობას, მისი ხილი შედარებით ნაკლებია.
ხილის ჭამისას მადის კარნახით გამოვიტანე ბუნების დიდი კანონზომიერება. რაც უფრო გემრიელია ნაყოფი, მით უფრო სასარგებლოა ის ნივთიერება, რომლისგანაც იგი შედგება, მაგრამ მით უფრო რთულია ფესვებიდან ამ იშვიათი წვენის ამოღება, რომელიც კვებავს ნაყოფს დედამიწაზე. ამიტომ, რაც უფრო გემრიელია ნაყოფი, მით უფრო დაბალია ხის ნაყოფიერება.
რაც უფრო უხვად გამოაქვს ხეს ნაყოფი, მით უფრო ადვილად შორდება ნაყოფს. ამიტომ, ღორები მუდამ მრავლობენ ალუბლის ქლიავის ქვეშ, ღრუტუნობენ და ხმამაღლა ამსხვრევენ ალუბლის ქლიავის კურკებს თავიანთი კბილებით.
ღორებმა, ალუბლის ქლიავის ღეჭვით, თავები მაღლა ასწიეს და სიამოვნებით ისმენდნენ საკუთარ ღრუტუნს. იგრძნობოდა, რომ ჭამის დროს ისინი ხმის საშუალებით იღებენ დამატებით სიამოვნებას საკვებისგან. როდესაც ბევრი ღორის ღრუტუნი ერთიანდებოდა, შესანიშნავი სიმფონია იქმნებოდა. ალუბლის ქლიავი რომ ამოიწურებოდა, სხვა, უფრო გემრიელ ხილზე გადადიოდნენ, მაგრამ ღრუტუნი არ ძლიერდებოდა, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი გემოს ვერ ანსხვავებდნენ. სწორედ აქ შემოდის ბოტანიკური კანონები.
სხვა აღმოჩენებიც იყო ალბათ, მაგრამ ახლა არ მახსოვს. თუ მოგვიანებით გამახსენდა, გეტყვით.
...საღამოს, როცა დეიდა თხებს წველიდა, ხშირად ხდებოდა გაუგებრობები. ჩეგემში (ჰუმანიზმის უკანასკნელ ციხესიმაგრეში), როცა თხას ან ძროხას წველიან, ისინი ყოველთვის პირველ რიგში უშვებენ შვილებს დედასთან ახლოს, რომ ცოტაოდენი რძე მოწოვონ. მოწველის შემდეგ ისევ უტოვებენ რძეს.
თხებს სათითაოდ უშვებენ. ბატკანი ხალისიანად გარბის ფარისკენ, მაგრამ ხშირად დედას ვერ ცნობს და სრულიად უცხო თხის რძის წოვას იწყებს. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ გამოცდილი თხაც, ყოველ შემთხვევაში, თიკანზე მეტად, ვერ ცნობს მას და კეთილშობილად სთავაზობს თავის რძეს.
მაგრამ აი აქ ერევა დეიდა, იჭერს თიკანს საყელოთი და მიჰყავს საკუთარ დედასთან, რათა კანონიერი რძე დალიოს და მერე თხა გამოწველოს.
ამ დროისთვის თხა, რომლისგანაც უცხო თიკანმა დალია რძე, აცნობიერებს თავის შეცდომას, მაგრამ რატომღაც ბრაზდება არა საკუთარი თავის, არამედ დეიდის მიმართ და ხშირად მალავს რძეს დეიდისგან, რათა მის შვილს მეტი შეხვდეს.
დიასახლისსა და თხას შორის ურთულესი ფსიქოლოგიური ბრძოლაა. მას შემდეგ, რაც თიკანს ცოტაოდენი რძე მისცა, დიასახლისი მას საყელოთი აშორებს და იწყებს მის წველას. ამ დროს, თხა, რომელმაც შეცდომით მიუშვა უცხო თიკანი თავის ცურთან, გადაჭარბებული სიფაქიზით კუმშავს მას, თითქოს ცდილობს თავისი შეცდომის გამოსწორებას.
დიასახლისი ისევ უშვებს თიკანს კანონიერ ცურთან, თიკანი მონდომებით წოვს ძუძუს, ცოტა ხანში დეიდა ნაზად, ძალიან ნაზად აშორებს მას და იწყებს მოწველას.
გადის ათი წუთი და უცებ თხა, სულელურად მიმოიხედავს გარშემო (მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა მთელი ეს დრო?) და აღმოაჩენს, რომ ეს არა თიკანი, არამედ დეიდაა. ის ისევ კუმშავს ცურს და მალავს რძეს. მამიდას ისევ მიჰყავს თიკანი მასთან, მერე ისევ გამოტყუებს რძეს და ასე გრძელდება რამდენჯერმე.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არის ზოგიერთი თხა, თუმცა ძალიან იშვიათად, რომელიც ხვდება უცხო თიკნის მიერ ნაკბენს და იშორებს თავიდან. მაგრამ ასეთი მგრძნობელობა იშვიათია.
რამდენადაც მე შევამჩნიე, თავად თიკანი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს საკუთარი დედის ძუძუს თავისებურებებს: რძე იწოვება, ესაა მთავარი! სხვათა შორის, ადამიანის ბავშვი ამ მხრივ, ჩემი აზრით, არაფრით განსხვავდება თიკანისაგან.
არ იფიქროთ, რომ ბოლო მოსაზრება პირადი მახსოვრობიდან გამოვიტანე. უცნაურია, მაგრამ არ მახსოვს, როცა ბავშვი ვიყავი და ძუძუს ვწოვდი, რაც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა.
ბოლოს ჯიხურში შეყრილი თხები დამშვიდდნენ. ღამეა. სიჩუმე. მძინარე თხის ზარი რეკავს და ისევ ჩუმდება. დავისვენოთ ჩვენც.
აი, ეს არის ჩემი პირველი მოგონებები. მგონი ოთხი წლის ასაკში მამამ ამიხსნა, რომ მეფე არ არსებობს. სხვა დეტალები თუ იყო, არ მახსოვს.
მახსოვს, მამას დავუჯერე და ძალიან სევდიანი გავხდი. ქუჩაში გავედი და ვფიქრობდი: მეფე არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მიწა, რომელზეც მე დავდივარ, არავის ეკუთვნის, მასზე პასუხისმგებელი არავინაა. ჩემი თავი მეცოდება, მაგრამ მკაფიოდ მახსოვს, რომ უპატრონოდ მიწას უფრო ვნანობდი. როგორც ჩანს დედის გლეხურმა გენებმა იმოქმედეს.
მეზობელი ბიჭი მოვიდა ჩემთან სათამაშოდ. მაგრამ რა მეთამაშებოდა!
— მეფე არ არის, — ვუთხარი მე მას, რათა ისიც შეძრწუნებულიყო მსოფლიო წესრიგის რღვევით. მაგრამ რაც მე ვთქვი მან ვერ გაიგო.
— აბა სად არის? — მკითხა მან.
— საერთოდ არ არის, — ვუთხარი მე და იმედი არ დავუტოვე მისი არსებობისა, მაგრამ მივხვდი, რომ მან ისევ ვერაფერი გაიგო.
განაწყენებული გავშორდი მას, რათა სრულფასოვნად მარტოს განმეცადა მეფის არ არსებობა. როგორც ჩანს, ეს იყო ზღაპრული ცნობიერების კრიზისი. რა თქმა უნდა, მე უკვე მსმენოდა რაღაც საბჭოთა ძალაუფლების შესახებ, მაგრამ მე მჯეროდა, რომ მეფე ამ ყველაფერზე მაღლა იდგა.
... თუმცა, ნუ ვაზვიადებთ ჩემს პედანტურ მიჯაჭვულობას შექსპირისადმი. ხანდახან მეც მივდიოდი სამწყემსად შექსპირის ტომის გარეშე და ვამჩნევდი, რომ თხებიც აშკარად მოწყენილნი იყვნენ. ამ დროს ისინი ვეღარ ახერხებდნენ სიმინდის მინდორზე ასვლას, რადგან მე უკვე სულ ფხიზლად ვიყავი და დროულად ვაშორებდი მათ. ზაფხულის განმავლობაში, თხებმა, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ჩემს სიფხიზლეს კითხვის მიღმა, დაიწყეს იმის გაგება, რომ სიმინდის ღეროები მიუწვდომელნი იყვნენ, თუ ხელში შექსპირის ტომი არ მეჭირა.
ერთხელ, როდესაც დილით თხები შექსპირის ტომით ხელში გამოვიყვანე, მაშინვე შეამჩნიეს და მხიარულ ხასიათზე დადგნენ. მათი თამაში იქამდე აღწევდა, რომ ისინი თამაშ-თამაშს აჩვენებდნენ არასეზონური შეჯვარების სცენებს. თხები ერთსქესიანთა სიყვარულის პაროდიას ახდენდნენ, სიარულისას მოხდენილად ეხებოდნენ ერთმანეთს, რამაც ბუნდოვნად გამახსენა შექსპირის გმირების სამოსელი, სადაც მამაკაცი ქალად იყო ჩაცმული და პირიქით.
აბსოლუტურად აბსურდულია აქ გარყვნილებისკენ მიდრეკილების ეჭვი, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ თხებმა სცადეს სხვების აყოლიება და აღელვება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო უმუშევრობით შეწუხებული ჰარემის გაფიცვის მარტივი ფორმა. მაგრამ თხები ისე ჩანდნენ, რომ ისინი თავხედურად არ იწონებდნენ ამ არასეზონურ სასიყვარულო თამაშებს. ისინი ჩუმად იცავდნენ დასვენების ლეგიტიმურ უფლებას.
მათი გაგება შეიძლებოდა. სულ ოთხი მამალი თხა იყო და ორმოცამდე დედალი. თხები შექსპირის ტომის დანახვაზე აშკარად აღფრთოვანებულნი იყვნენ შორსმიმავალი მიზნებით. სრულიად ნათელი იყო, რომ თხებს სურდათ შექსპირი წამეკითხა. დანარჩენზე იზრუნეს. დედალ თხებსაც, რა თქმა უნდა, სურდათ, რომ შექსპირი წამეკითხა, მაგრამ არა იმ ფასად, რაზეც მამლები მიანიშნებდნენ. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ცხვრები სრულიად გულგრილები იყვნენ შექსპირის მიმართ.
შექსპირის სასამართლო ინტრიგებსა და თხების ეშმაკობას შორის ბევრი საერთო ვიპოვე, ამან გამამხიარულა და როგორც ახლა ვფიქრობ, ქვეცნობიერად ვიმუშავე ჩემი მსოფლმხედველობის ოპტიმიზაციაზე.
მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი თხისა და შექსპირის ნაჯვარია. ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა უახლესმა მათემატიკურმა კვლევამ არამარტო დაადასტურა, არამედ გააუმჯობესა კიდეც ჩემი ვარაუდი. ისინი ამბობდნენ, რომ მიღებული იყო დადგენილება: შექსპირი, თხაზე დაყრდნობით, გვაძლევს ადამიანს მთელი თავისი სისრულით. ნარჩენები არ არის.
ამ პოზიციის შესამოწმებლად, მე გთავაზობთ მოკლე ჩანახატს ჩემი მოსკოვური ცხოვრებიდან. როცა აქ სასწავლებლად ჩამოვედი, პირველივე დღეებში ორმა, შეიძლება ითქვას, ურთიერთსაპირისპირო მოვლენამ შემძრა.
ერთხელ, ქალაქის ცენტრში ყოფნისას, პოლიციელს მივუახლოვდი და ვკითხე, როგორ მოვხვდე ამა თუ იმ ქუჩაზე.
პოლიციელმა მოულოდნელად „ჩესტი“ ამიღო, თეთრი ქათქათა ხელთათმანი მაღლა ასწია და სტუმართმოყვარედ მაჩვენა გზა საჭირო ქუჩისკენ. პატარა საქმე როდი იყო, მე პატარა ბიჭს მიღებენ „ჩესტს“ და თან ასეთ თოვლივით თეთრი ხელთათმანით!
ამ სიკეთემ შემიპყრო. შეიძლება ხელთათმანი ჩეგემური თხის მატყლიდან იყო-მეთქი, მხიარულად გავიფიქრე, მაგრამ საიდან იცოდა, რომ ჩეგემელი ვიყავი?
რამდენიმე დღის შემდეგ შევესწარი სანახაობას, რომელიც ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო და შევშინდი კიდეც. ვხედავდი, როგორ უხეშად და ყოველგვარი ხელთათმანების გარეშე გაჰყავდათ პოლიციელებს მანქანები გზის ნაპირზე დიდი გზატკეცილიდან.
ერთი წუთის შემდეგ კი დავინახე სამთავრობო მანქანები, რომლებიც ისეთი პანიკური სისწრაფით მიქროდნენ, თითქოს მათ ტყვიარმფრქვევებით მისდევდნენ, თითქოს სასწაულებრივად გადმოხტნენ ცეცხლიდან. მაგრამ მათ არავინ მისდევდათ, როგორც ჩემი თვალით ვნახე.
წლების განმავლობაში მოსკოვში ყოფნისას, მე არაერთხელ მინახავს ასეთი სანახაობა და დავრწმუნდი, რომ ეს არის ნორმალური დევნის მანია, რომელიც თანდაყოლილია ყველა მთავრობისთვის. პირველად ეს სტალინის დროს ვნახე. შემდეგ დრო შეიცვალა, მაგრამ დევნის მანია დარჩა.
მოსკოვის მახლობლად აყვავებულ მინდვრებში ხანდახან ვხვდებოდი მარტოხელა თხებს, რომლებსაც ჩვეულებრივ მარტოხელა მოხუცი ქალები აძოვებდნენ. ერთი თხა ერთ მოხუც ქალზე მოდიოდა. ჩეგემის ადათ-წესების მიხედვით, თხების მწყემსავი ქალები ეს ის მოხუცებულები არიან, რომლებიც ტანსაცმელს ხელსაბანში რეცხავენ. თავიდანვე მომინდა მოხუცი ქალებისთვის მეკითხა: სად ჰყავდათ ფარა?
მაგრამ ჩეგემის დელიკატესობამ თავი შემაკავებინა ამ ჩეგემური კითხვისგან.
აი, რამ გამაოცა ყველაზე მეტად. მარტოხელა თხა მშვიდად ძოვდა, არ ავლენდა მღელვარებას ფარის ნაკლებობის გამო. და ეს ჩემთვის ველურობა იყო. შინაგანად ვკანკალებდი, ვუყურებდი თხას და ვფიქრობდი, სადამდე დაიყვანეს თხები ბოლშევიკებმა, რომ მათ დაივიწყეს ყველა ნათესავი. ბედს შეურიგდი ამაყო თხავ, გადადგა, იტირე რუსეთო!
მოსკოვში ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ბევრი აღმოჩენა გავაკეთე მწერლის ცხოვრებიდან. საიდანაც, რა თქმა უნდა, არ გამომდინარეობს ის, რომ ახლა მწერლებს ვმწყემსავდი. პირიქით, ისინი მწყემსავდნენ და მსჯიდნენ, როგორც მაწანწალა თხას, რომელიც ბოროტად გაურბოდა ფარას.
ვიმედოვნებ, რომ ფალსტაფის სიყვარული ჩემს სამწერლო ცხოვრებაში არ იყო სიყალბით დაწყებული.
შთაგონება მწერლისთვის ბედნიერებაა. მაგრამ არაფერი აწვალებს ადამიანს ისე, როგორც ბედნიერება. ბუნება გვინდობს, იშვიათად გვთავაზობს ბედნიერებას. ასე რომ, ხალხო, გაიხარეთ, რომ ბედნიერება იშვიათი სტუმარია.
მკითხველმა შეიძლება მკითხოს: რა განსხვავებაა კარგ და ცუდ მწერალს შორის?
მე ვჩქარობ პასუხის გაცემას, თუნდაც მკითხველმა ამის შესახებ არც მკითხოს.
აი როგორ წერენ უნიჭო და ნიჭიერი მწერლები ერთსა და იმავეზე.
უნიჭო მწერალი წერს:
— რესტორანში შევედი და ჩემი მეგობარი დავინახე (ამბობს სახელს), ის, როგორც ყოველთვის, მაგიდასთან იჯდა და როგორც ყოველთვის არაყს სვამდა.
ნიჭიერი მწერალი წერს:
— რესტორანში შევედი და ჩემი მეგობარი დავინახე (ამბობს სახელს), ის როგორც ყოველთვის მაგიდასთან იჯდა და როგორც ყოველთვის არაყს სვამდა და როგორც ყოველთვის მეც მას შევუერთდი.
ერთი ფრაზა ცვლის ყველაფერს. თვითირონია ხდის სურათს უფრო მოცულობითს და არა შეურაცხმყოფელს მსმელი მეგობრისთვის.
საერთოდ, თვითირონიას მოკლებული მწერალი ადრე თუ გვიან ხდება მკითხველის ირონიის ობიექტი და ზუსტად იმდენად, რამდენადაც იგი მოკლებულია თვითირონიას.
ასე რომ, თხაზე გაყოფილი შექსპირი გვაძლევს ადამიანს. გასართობად ეს ვუთხარი ძვირფას მეცნიერს, რომელთანაც შექსპირის ხუმრობების სიყვარულით დავმეგობრდი. ჩვენ ხუმრობებზე დროის გამონახვით ვეხმარებოდით იმას, რითიც ვცხოვრობდით. ერთ დღეს, როცა მოწყენილად ვიყავი, დავწერე ეს ლექსი.
დავმძიმდი, მოვიღრუბლე, დავიბენი,
სული აღარ იძვრის ჩემი.
სხივიც შემისუსტდა ამ თვალებში,
სახეებს ვეღარ ვიცნობ მტრების,
ვეღარც მეგობრების, ვეღარც სხვათა,
ტკივილიც უკვე მიჭერს აქ, მხართან და
ცდილობს წლები მქონდეს მეტი.
... ზღვიდან კიბორჩხალის დაცილებით,
დამტვრეულ თათების ძალისხმევით
კვლავ ზღვის სიღრმეში რომ შედის ...
დავმძიმდი, მოვიღრუბლე, დავიბენი,
სული არ მოძრაობს ჩემი.
რამდენიმე დღის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და ეს ლექსები წასაკითხად მივეცი. ამ დროისთვის ჩემი განწყობა უკვე მაღლდებოდა. ის განუწყვეტლივ ეწეოდა და უჩვეულოდ დიდხანს კითხულობდა ამ ლექსს, შემდეგ კი თავი ასწია და თქვა:
— სხვა ქალაქში რომ ვკითხულობდე ამას, შენს დასახმარებლად გამოვარდებოდი.
მე შევიშმუშნე და საუბარი შევწყვიტე. უფრო მეტიც, ვიცოდი, რა უნაკლო სიმამაცით იბრძოდა იგი კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე რთულ წლებში. ხუმარა!
ხშირად ვკამათობდით და მხოლოდ აბსტრაქტულ თემებზე ვსაუბრობდით. ყველაზე ხშირად ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვეოდა, თუმცა ხანდახან განსხვავდებოდა, მაგრამ ამან ჩვენს მეგობრობაზე გავლენა ვერ მოახდინა.
აი, რამდენიმე ფორმულირება, რაზეც ჩვენ შევთანხმდით.
სისასტიკე — არის სისულელის მცდელობა მოქმედებით დაძლიოს სისულელე.
ეშმაკობა — მშიშარის სიბნელეში დარტყმა.
ანალიზი კლავს ყოველგვარ სიამოვნებას, მაგრამ ახანგრძლივებს ანალიზის სიამოვნებას.
ხანგრძლივი დებატების შემდეგ ჩვენ დავადგინეთ ადამიანის ევოლუციური განვითარების მკაცრი მეცნიერული ხაზი: ცოცხალმყლაპველი, ხორხამომჭმელი, ყელის მჭამელი, ღრძილმჭამელი, ხმალმყლაპველი, ღვინისმყლაპველი, ქათამმყლაპველი, ტალახმყლაპველი, ბუზმყლაპველი (იგივე სმენა-მყლაპველი), ყელისმყლაპველი, ყელისმხვრეტელი, ყელ-ყელა და ბოლოს, პოლიგლოტი.
თუ აქ შვებით ამოსუნთქე, მაშინ, გაფრთხილებთ, რომ ეს ნაადრევია, რადგან განვითარება ციკლურია (კინაღამ ვთქვი ცინიკური) და ყველაფერი მეორდება იმავე თანმიმდევრობით. ევოლუციური კიბე იშლება, ვერ უძლებს ღარიბ პოლიგლოტს და ყველაფერი ისევ ცოცხალყლაპვით იწყება.
მაგრამ კითხვაზე — შეუძლია თუ არა ადამიანს, რომელიც ხალხს თხად მიიჩნევს, ჭამოს თხის ხორცი, ჩვენ ვერ შევთანხმდით. მე ვფიქრობდი, რომ ასეთი ადამიანი თხის ხორცს ვერ ჭამდა. მას კი სჯეროდა, რომ ჩემი მიდგომა იყო უკიდურესად სუბიექტური იდეალიზმი, ან, უხეშად რომ ვთქვათ, სოლიფსიზმის გამოხატულება.
და როცა სიცილით ვუთხარი (გადაზღვევის მიზნით!), რომ თანამედროვე მეცნიერებამ დაადგინა, რომ თხისგან გაყოფილი შექსპირი ადამიანს იძლეოდა, მან ირონიულად აზიდა წარბები და მომიჭრა! მას შეეძლო მოჭრა:
— გამარჯობა! ეს აღმოჩენა უკვე ოცი წლისაა! საპირისპირო მტკიცებულებაც კი იყო — შექსპირი, გაყოფილი კაცით, იძლევა თხას.
— რატომ არ იყო ეს ცნობილი? — გამიკვირდა.
— იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოდ ითვლებოდა, — მიპასუხა მან, — ეროვნული აზროვნების საიდუმლოდ. მაგრამ როდესაც ამერიკელმა დაზვერვის ოფიცრებმა მოგვპარეს ჩვენი ეროვნული აზროვნების საიდუმლო და ჩვენმა დაზვერვის ოფიცრებმაც მოპარეს თავიანთი ეროვნული აზროვნების საიდუმლო ამერიკელებს, ორივე საიდუმლო აბსოლუტურად დაემთხვა და შესაძლებელი გახდა მათი გასაიდუმლოება. ომის საფრთხე გაქრა, ჩვენი დემოკრატია თხის ბაღივით აყვავდა და ყველა ქვეყანა გადავიდა ძოვებაზე. მართალია, ყველა ქვეყანას თავისი საძოვრები აქვს, მაგრამ ეს სხვა თემაა.
სხვათა შორის, ჩემი მეცნიერი მეგობარი უკაცრიელ კუნძულზე დატოვეს სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩასატარებლად სრულ მარტოობაში. სამი წლის შემდეგ, როგორც შეთანხმებული იყო, თანამემამულეებმა მიაკითხეს.
— როგორია შენი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება სამწლიანი მარტოობის შესახებ? — ჰკითხეს მას.
— სინდისი დამშვიდდა, — უპასუხა მოულოდნელად, მაგრამ რბილად დაამატა, — გარდა ამისა, აქ ბევრი გარეული თხაა.
— ხალხის თვალსაზრისით? ვიღაცამ გამოიცნო და სწორად მიჰყვა მისი ხმის დარბილების მიმართულებას.
— დიახ, ხალხის აზრით, მაგრამ ასევე ახალი ხორცის გაგებით, — განმარტა მან, შესაძლოა, დაუსწრებლად განაგრძობდა ჩემთან კამათს.
თანამემამულეები კვლავ განაწყენდნენ მასზე საკუთარი თავისა და კაცობრიობის გამო.
— მაშ, იქნებ კიდევ სამი წლით დაგტოვოთ აქ? — სარკაზმით ჰკითხა ერთმა მათგანმა.
— როგორ ფიქრობთ, კაცობრიობა გაუმჯობესდება სამ წელიწადში? — ჩემმა მეგობარმა არანაკლები სარკაზმით უპასუხა და ტრაპზე ავიდა. — ჩემი აზრით, შექსპირის შემდეგ არ შეცვლილა, თუმცა ხუმრობების ხარისხი ძალიან დაქვეითდა.
...არა, ვეჩურჩულები ჩემს თავს, ჯერ კიდევ არის პროგრესი. ჩეგემის ქათმები აღარ დაფრინავენ ხეებში, მაგრამ კეთილსინდისიერად გადადიან ღამით საქათმეში. ან იქნებ მაინც ჯობია აფრენა? ღმერთო, ღმერთო, რა ძნელია! ნამდვილად არის დადასტურებული, რომ ხეებში გაცილებით მეტი ქათამი იჯდა, ვიდრე ისინი, ვინც ახლა საქათმეში აფარებდა თავს.
...მაგრამ სად მე ვარ? სად არის ჩეგემი? მაინც თხებთან ჯობდა.




