კიდევ ერთი ელეგია


ნუთუ ეს შენ ხარ? გავიფიქრე, 37,
ტრამვაიდან რომ ტროტუარზე გამოვდიოდი,
სადაც ახლახანს იყო თურმე წვიმა ისეთი,
ნისლი დიოდა იქაობას, დროს არ ვიტყოდი...

თუმცა სეზონზე ავღნიშნავ რომ იყო მაისი,
ნუთუ შენა ხარ? გადახედე მსხდომებს ჩემს გვერდით,
37 ტრამვაიდან ლურჯი საწვიმრით,
ჩამოხვედი და თვალებით ამ ნისლში გეძებდი.

მეც ჩამოგყევი ერთდროულად აღტკინებული,
ბავშვური ყელი ლურჯ საწვიმარს ენავლებოდა,
ნუთუ შენა ხარ, ფიქრობდი და ფიქრით ვნებული,
ბნელში ვალიდოლს დაეძებდი, ფიქრი ლღვებოდა...

დღე მე არ ვიცი, შენ ერთი წლის განმავლობაში,
გეძინა მშვიდად, მეშინოდა შენთან შეხების,
— უცებ ჩამყვირეს, იდიოტო, ხარ ამ ყოფაში,
სულ ერთად მგზავრობთ და ერთმანეთს მაინც ვერ ხვდებით...

მუდმივად გვერდით ტრიალდები, გზები მიდიან,
ლეფორტოვოსკენ, შენ კი მარჯვნივ, როგორც ყოველთვის,
ვისთვის დარეკავს ზარი ნეტავ წლების სიღრმიდან,
ან მობილური, რა აზრი აქვს ახლა რომელი...

თუ მომავალი ვერ განსჭვრიტე, — ბნელში ძილისგან,
ამას ვფიქრობდი, შენ იყავი გვერდით, სულ ახლოს,
უცნობი გოგო ვაგონიდან, ცოლი? — იკითხა,
ცოლი... და იყო ამ სიტყვებში რაღაც უაზრო...

ერთი შეხედვით ალბათ რასაც ვერ შეამჩნევდი,
იყო ნიშანი თითქოს რაღაც გარდუვალობის,
გამოითვალა რიცხვი თასში სულის ჩაბერვით,
იყო ტოლობა ოთხისა და ორის გამყოფის...

არა რომაულ-რომაული ელეგიების,
დრო გასულია, არც დღე არის მოკლე ღამისთვის,
თუმც როცა ვხედავ შენს სახეს და ძარღვების ცემით,
შემფრთხალ საფეთქლებს, შენ ძვირფასო, გჯერა, რაც იცი...

უკან დაიხევს — დაღლილობა, წლები, ნევროზი,
მზარდი სიბერის ტკივილები, დარდი, წნევები
ქრება ყოველი, მხოლოდ შენი თმის სუნს ვეროდის,
ვერ გააქრობს დრო, მიმოფანტულს გაშლილ ხელებში...

და ვერც ამოჭრის, ვით სანიშნეს შავი დღისათვის,
ვერც როგორც ძვირფას წიგნს-ამულეტს, ეს სუნი დღემდე,
ინახავს იმას, რაც იქ იყო იმ დროისათვის,
ამ წიგნს სპაზმამდე ჩაისუნთქავ, გადადებ გვერდზე...

ისე ვით ანდერძს, სტრიქონივით რომ დაისწავლი,
სულ რომ იკითხო, გამოცანად მაინც დარჩება,
და თავისთავად, რა თქმა უნდა, კიდევ ფინალიც,
სადამდეც თავად ეს სანიშნეც ვერ ამაღლდება.

არ არსებობენ არც სიტყვები, არც დასასრული,
დეპრესიაა ეს ერთგვარი და წვა ამ ტვინის:
ჩვენ გვიან შევხვდით, მაგრამ შევხვდით და სიყვარული,
მაინც იმარჯვებს ბოლოს, როგორც წერდა სტალინი...

არ ჯიუტობენ ბელადები, ერთი იმედიც
ესაა, მოგვცენ ნება მოვკვდეთ ჩვენივ საწოლში,
პრივილეგია არის იქ, რომ ჩვენით მივედით,
უფალო, ნუთუ შენ აქა ხარ, შვებით ამოვთქვი...

შანსი მოგვეცი, ახლა უკვე ჩვენს თავს მივხედავთ,
შეუმჩნეველად ნართს დავართავ, ხომ არ გაიხა,
ჩემთან გოგოა, დააცადე გამოფხიზლება,
ტკბილად იძინოს... და ტრამვაიც უკვე გავიდა...