ოდისევსი
(გრძელი მონომოგზაურობა მოკლე კუპიურებით)
მე არ ვარ მტკიცე ვნებაში, შიშში და მწუხარებაში,
არ მსურდა ომში წასვლა და თავს ვრაცხდი გიჟად ყველასთან,
ომის სიგიჟე მსოფლიოს სიგიჟეს აღემატება,
და რამდენიც არ ვეცადე ფსიხად რომ თავი გამეცნო,
ხან ვირის აღკაზმულობით და ხან ხარივით ვიარე,
ხნულში მარცვლების სანაცვლოდ ზოგჯერ მარილსაც ვთესავდი,
მიმიხვდა ომის დესპანი ჩემს სამარცხვინო ოინებს
და ჩემი ახლაშობილი გუთნის სახნისთან მომიგდო,
სხვა რა გზა იყო, დავტოვე ჩემი კუნძული, ცოლ-შვილი,
ავიღე ხმალი და ფარი გემის კედელზე დავკიდე...
ომის მალდასასრულებლად, ტროელებისთვის ავაგე:
ხის ცარიელი ულაყი ამ ჩვენი გემის ფიცრებით,
იქ დაიმალნენ მხედრები და ტროელებმა,
რომლებმაც არ დაუჯერეს კასანდრას,
ხის ცხენი შემოათრიეს, ჩათვალეს საბრალოებმა
ეს ძღვენი ღმერთის საჩუქრად, იმავე ღამეს დაეცა
ტროა და ზეცა გამუქდა...
შურს იძიებდა, არ სურდა ომს ჩემი სახლში გაშვება,
ეშმაკობისთვის ზღვა და ზღვა სულ ოცი წელი ვიარე,
გემს კიდეები დაეხრა, წყლით გაიჟღინთა გემბანი,
ქარი ხეხავდა აფრებს ამ ბოლო იმედის ნამსხვრევებს,
თვლა აღარ ჰქონდა კვირათა, კლდეთა, ტალღათა დანაკარგს,
არ ვეთმობოდი ომს მაინც, სახლში რომ წავსულიყავი
და წრეს ვარტყამდი მსოფლიოს, მისი ნაწილი ვიყავი...
და რადგან თითქმის გადავრჩი და ჩემი ცოლი ქარგავდა,
დრომ გამახსენა ყოველი, სივრცემ კი თავი წამართვა.
მე დროს ვწელავდი ვით ტილოს და როგორც აფრას გაცვეთილს,
ის იხეოდა, დამპალი თითებზე მეფხრიწებოდა,
ვით შტურვალს, მაინც მუშტებით ვკრავდი მათ შორის მანძილებს,
მაგრამ ისინი ხელიდან მისხლტებოდნენ და მიქროდნენ,
გარდა ამ კუნძულებისა არაფერს არ გვპირდებოდნენ...
ბოლოს და ბოლოს, როდესაც სახლში დავბრუნდი ომიდან,
იქ იდგა იგი ზღურბლთან და ძაღლივით მელოდებოდა,
ტროას ცხენიდან თავხედი აქ საქმროებიც გამომყვნენ
და მომიწია მათი კვლა, რომ სისხლიანი ეს მსხვერპლი
ჰეკატომბისთვის მიმერთვა უძღები ომის სახელით,
ვაი, მათ მუდამ მშიერებს და კაცის ხორცის მჭამელთა.
რა არის კაცი ომის წინ, ერთი საწყალი არსება.




