სურვილების ასრულება
კვამლს ამოვისუნთქავ დაკეპილ სულიდან.
ზურგს უკან მიძვრება, მიცოცავს სასწრაფო.
სიგარა. სამხრეთი. გამხელა სურვილთა.
სიბნელე ყვირის და ფორებში ბარბაცობს.
ფეხებქვეშ კენჭების მოისმის ყრუ გმინვა.
ჰა, ეს მეთოთხმეტე ბოლოში გავიდა.
აქ არის ტალღათა მიქცევა-მოქცევა.
დაჰყურებს ქვის ბურჯი ქვაბულებს მაღლიდან,
მე ვდგავარ მოტკლეცილ კაბაში, ცის ქვეშ ვარ.
სპილენძის ქვაბივით გამსკდარი თავი მაქვს.
ხელებს ვწევ — აქა-იქ მოვისვრი ნაპერწკლებს,
ვარსკვლავებს უხმობენ, გუმბათზე წვებიან.
საფრენად არიან მზად, რაღა აწვალებთ,
ამბობენ: არასდროს არ არის გვიანი.
ოთხმოცდათხუთმეტის დარეკა სასტვენმა,
ტალღები ცარიელ ბადეში რჩებიან.
ორმაცდამეერთე ცეცხლის კუდს მიათრევს,
ციკადის ხორებში ზმუიან კენჭები,
განიბნენ, წავიდა ვინ იქეთ, ვინ აქეთ,
მე ზღვაში ვეფლობი მუხლამდე ფეხებით,
სიცოცხლის სურვილი ვარსკვლავებს მიაგნებს.
მოწყდება პატარა და წავა — ვეღარსად,
რვიანზე დაახვევს და ისე დატესტავს,
ჰა, ისიც ვარსკვლავად იქცევა მეტადრე,
მიცურავს მძინარე ბობოქარ ტალღებთან.
წითელი სიმები ჰორიზონტს კვეთავენ.
სხეულზე იხუტებს სიბნელე ნაპერწკლებს,
ზეცაში ღამეებს ასწრებენ ისინი,
ამ ეშელონებმაც ცხოვრება გაწელეს,
იმათი აქ ისმის ჭექა და კივილი,
იფეთქებს ერთხელ და ყველას დაგვასვენებს.




